მერსედესის როდსტერი „თოლიას ფრთების” გარეშე

  წესით, ეს ავტომობილი ბაზარზე უფრო ადრეც უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ შტუტგარტში თავიანთ თოლიასფრთიან სუპერავტომობილ LS AMG-ს სახურავი ახლაღა მოხსნეს. და მოხდა ისე, რომ ავტომობილს აღარ აქვს ეგრეთ წოდებული კარი-თოლიას ფრთა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კარი სახურავს ეყრდნობოდა, როდსტერს კი სტაციონარული სახურავი არ აქვს – ის ხომ ნომინალურად ღია ავტომობილია და რბილ სახურავს მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისთვის ახურავენ.

როდსტერის აღწერას სწორედ მისი რბილი სახურავით დავიწყებთ. ის სამმაგი ნაჭრისგანაა შეკერილი და გასაშლელ კონსტრუქციას ეყრდნობა, რომლის დასამზადებლადაც ფოლადის, მაგნიუმისა და ალუმინის დეტალებია გამოყენებული. სახურავს სამ ფერში შეღებავენ. ესაა წითელი, შავი და სპილოსძვლისფერი. ის ავტომატურად იშლება და იკეცება, როდესაც ავტომობილის სიჩქარე 50 კმ/სთ-ზე მეტი არაა. ამასთან, დაკეცილ მდგომარეობაში მყოფი სახურავი საბარგულს ადგილს პრაქტიკულად არ ართმევს – მისი მოცულობა 171 ლიტრია, თითქმის იმდენივე, რამდენიც კუპეს საბარგულის.

 როსდტერი სპორტული ადაპტირებადი საკიდარითაა აღჭურვილი, რომელსაც სამ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. გარდა ამისა, ავტომობილის სალონში მოთავსებულია სისტემა „ეარშარფი” – საჰაერო კაშნე, რომელიც სპეციალური დეფლექტორების მეშვეობით, სავარძლების საკისრეების არეში, თბილ ჰაერს უბერავს და ამით, მძღოლის და მისი ერთადერთი მგზავრის კისრებსა და თავებს გაციებისგან იცავს.

იმის გამო, რომ ავტომობილს სახურავი არ აქვს, მის ძარას გაძლიერება დასჭირდა. მზიდ კარკასს დამატებითი სიხისტის მიმნიჭებელი ელემენტები სატრანსმისიო გვირაბზე, საქარე მინის ჩარჩოზე, მაჩვენებლების დაფის ჩარჩოსა და სავარძელსა და ავზს შორის არსებულ ნაწილში დაემატა. მიუხედავად ამისა, მზიდი ელემენტი მხოლოდ ორი კილოგრამით დამძიმდა და 243 კილოგრამს მიაღწია. მთლიანად ავტომობილი კი 1660 კილოგრამს იწონის, რაც კუპეს წონაზე 40 კილოგრამით მეტია.

 ახლა კი მთავარის შესახებ: როდსტერი იმავე 6.3-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც კუპე. სიმძლავრე ამ შემთხვევაშიც 571 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 650 ნიუტონმეტრი. ძრავთან, ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული, რომელიც მაბრუნ მომენტს უკანა წამყვან ბორბლებს უგზავნის. ასეთი დანადგარებით, ადგილიდან ასის ასაკრეფად, ავტომობილს 3.7 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონიკის მეშვეობითაა შეზღუდული და 315 კმ/სთ-ს აღწევს.

მერსედესი ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერას ფრანკფურტის ავტოშოუზე ჩაატარებს, მის გაყიდვას კი შოუს დასრულებისთანავე შეუდგება.

კომენტარები