ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის აღიარება დაადასტურა

ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანუატუს რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება დაადასტურა.  ამის შესახებ გაზეთი New York Times-ი იუწყება. ვანუატუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ალფრედ კარლოტმა სპეციალურ ვიდეო განცხადებაში ბოდიში მოიხადა, რომ მისი მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით აქამდე დუმდა. „სამხრეთ კორეაში ჩემი მრავალმხრივი მისიით ყოფნის გამო ვერ შევძელი გაეროში ჩვენს ელჩთან დაკავშირება,“ განაცხადა კარლოტმა. გასულ კვირას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუს ჟურნალისტებს აცნობა, რომ ვანუატუმ სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია გაეროში ვანუატუს ელჩმა, დონალდ კალპოკასმა კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, ის ორჯერ დაუკავშირდა ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტროს და კითხვაზე - აღიარა თუ არა ვანუატუმ აფხაზეთი, ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მიიღო.

კალპოკასის განცხადებას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. რუსულ გაზეთ „კომერსანტს“ მან ვანუატუსა და აფხაზეთს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების“ დაწყების შესახებ დადებული ხელშეკრულების ასლი გაუგზავნა. ”როგორც ჩანს, დონალდ კალპოკასმა უბრალოდ არ იცის იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მის ქვეყანაში ხდება. არ არის გამორიცხული რომ მასზე ნიუ იორკში ზეწოლას ახდენდნენ,” განაცხადა მაქსიმ ღვინჯიამ ”კომერსანტთან” საუბრისას.

თავის ვიდეო მიმართვაში კარლოტს არ უთქვამს, რა გახდა აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების ზუსტი მიზეზი. მისი თქმით, ის მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში სწავლობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. „ვანუატუს საგარეო პოლიტიკა მიმართულია კოლონიალიზმის დედამიწის პირიდან აღგვისაკენ,“ განაცხადა ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა. რაც შეეხება ვანუატუს ელჩს გაეროში, მან საგარეო უწყების განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, წერს New York Times-ი.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვანუატუ მსგავს გაუგებრობაში ეხვევა. 2004 წელს ვანუატუს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა სერჟ ვოჰორმა ტაივანი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. თუმცა მაშინ ”დიპლომატიურმა ურთიერთობებმა” ერთ თვეზე ოდნავ მეტს გასტანა. მას შემდეგ, რაც ჩინეთის ხელისუფლება დაიმუქრა, რომ ვანუატუს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტდა, წყნარი ოკეანის ჯუჯა სახელმწიფოს მინისტრთა საბჭომ ტაივანის აღიარება უკან წაიღო, ხოლო ვოჰორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

 

კომენტარები