შენ, ტუალეტი, პელე, გელა და შევარდნაძე

ხშირი როდია, როცა დებიუტანტ ავტორს  გამოცდილება და, რაც მთავარია, წერის კულტურა უმაგრებს ზურგს. ქართული ლიტერატურა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საწინააღმდეგო მაგალითებს გვთავაზობს. ამიტომაც, ბევრ ძალიან ნიჭიერ შემოქმედს, რომელიც, ვთქვათ, შესანიშნავად აგებს ამბავს და არც ფანტაზია ღალატობს, ხშირად, როგორც 30-იანების საბჭოთა ჟურნალებში ამბობენ ხოლმე, „ენა ერევა”.  

დათო კოვზირიძე, კითხვის მოყვარულთათვის, ახალი სახელი ნამდვილად არ არის. თუმცა მხატვრულ ლიტერატურაში, მით უფრო ისეთ ჟანრში, როგორიც რომანია, ეს მისი პირველი და მსუბუქად პროვოკაციული ნაბიჯი გახლავთ. ბოლო დროს, უმეტესწილად უგერგილო ეპატაჟს დაჩვეული ქართველი მკითხველის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ წინ განსხვავებული შემთხვევა ელით. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ავტორის ის უნარებია, რომლის შესახებაც სტატიის დასაწყისში ზოგადად მოგახსენეთ – დათო კოვზირიძემ, როცა რომანზე მუშაობის შეუდგა, უკვე ჩვენი დროის ჟურნალების ენით რომ ვთქვათ – „წერა იცოდა”.

„გელუჩა” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2011 წ.) უკვე ქვესათაურში შეიცავს გარკვეულ ირონიასა და გამოწვევას – „ტუალეტში სხარტად წასაკითხი” ამბავი (ამას წინათ მსგავსი „მოწოდების” ძალიან საინტერესო წიგნი ჯიმშერ რეხვიაშვილმაც გამოსცა). ახლა, აღარ მოვყვები იმის მტკიცებას, რომ საპირფარეშოებში კითხვა ცალკე ფენომენია და ფსევდოესთეტების დასაცინი არაფერი სჭირს. არც შინაარსის დეტალურად მოთხრობას ვაპირებ, მით უფრო რომ დიდ დროს არ წაგართმევთ – დავინიშნე და ზუსტად სამსაათ-ნახევარი ეყო (თანამედროვე რომანისთვის, ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია). წერის ლაღი სტილი ისე შეგიტყუებთ, რომ სამ სრულიად განსხვავებულ ამბავში, არაერთი ჩანართითურთ – ფრაგმენტულობას თითქმის ვერ შეიგრძნობთ. ეს ავტორის კიდევ ერთი მიღწევაა – სხვადასხვა ხასიათის, პერიოდის, სოციალური წრის პერსონაჟებისგან, რომლებიც ასევე განსხვავებულ გარემოში მოქმედებენ – ერთიანი ტექსტი შექმნა. 
 
ამ რომანს მეორე ქვესათაურად „სამამულო ამბებიც” შეგვიძლია დავარქვათ. ყველაფერია – ჩვენებური ქუჩა, კავკასიური სწრაფვა ოდეს(ებ)ისკენ, ფეხბურთომანია, ქალიშვილების რაზმი, სნობიზმის ოკეანე („ჯაზები”), მარად ცოცხალი ხელოვნება... უკაცრავად – პოლიტიკა.  
ნაწერის სიმსუბუქე, გმირების გაშარჟებული სახეები, მხოლოდ კომიკურ სურათს არ ხატავს. თუ ყურადღებით წავიკითხავთ – უცხო ადამიანები, როგორც ის დამოუკიდებელი სამი ამბავი, რაღაც თვისებით თუ ნიშნით ერთიანდებიან და  ერთფეროვანი ხდებიან. პერსონაჟების ტრაგიზმიც ამაშია – ისინი თითქოს აცნობიერებენ კიდეც მათ დასაზღვრულობას. 

გლობალური ინტერნეტიზაციის, სოციალური ქსელების ეპოქაში – სადაც თხა და მგელი ერთად ძოვენ – კვაზინაციონალიზმის მაჯისცემა იგრძნობა. აი, წაიკითხეთ ეს ფრაზა – „გელა პირწიგნაკიშვილმა (პირწიგნაკი Facebook-ს ქართული თიკუნია), რომელზეც ამბობენ, პირწიგნაკოვიაო” – ალბათ რაღაც გეცნობათ, შეიძლება თქვენი თავიც კი. ან რამდენი ფსევდოორგანიზაციის პაროდიას დაძებნით ამ სახელწოდებაში – „იბერიელ ძროხათა დაცვის ეროვნული ქარტიის სამეგრელოს რეგიონალური ოფისის გენერალური მდივანი”. ეგებ მსგავსი ამბისთვისაც მოგიკრავთ ყური და თვალი – „ქორწილის წინა დღეს უჩა მამა გუჯასთან მივიდა აღსარებაზე. დილით ჰეროინი დაიზიზინა, ყავა დალია და მიგაზა”.
ავტორს პერსონაჟების გაქართველებაც (კაპელო, თერიმი, პელე და სხვანი) მშვენივრად გამოსდის  და სიტყვის გაქართულებაც –  აი, ბილინგვური იდიომატიკის ნამდვილი შედევრი  – FUCK THE FUTURE.

რომანის ბოლო თავს ასე ჰქვია – „ეპილოგივით”. რეცენზიის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენც რამე, ბოლოსიტყვასავით უნდა დავწეროთ. დავწეროთ, მხოლოდ და მხოლოდ კარგი, რადგან დათო კოვზირიძის ტიპის ავტორების ლიტერატურას შემომატება, ერთი მიზეზთაგანია იმისა, რომ ხვალ, ქართული ჭირნანახი პროზის ჭირნახული უკეთესი იქნება. 
 

კომენტარები