საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზთა გენოციდი აღიარა

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეფის რუსეთის მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის ფაქტი აღიარა. ჩრდილოეთ კავკასიისა და დიასპორის საკითხებში საპარლამეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ  რეზოლუციას მხარი 95 დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იყო საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი.

რეზოლუციის განხილვის შემდეგ პარლამენტმა დაადგინა: ”გამომდინარე რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკიდან, რუსეთ-კავკასიის ომის დროს (1763-1864), რომლის თანახმადაც  რუსეთის იმპერიის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ წინასწარ დაიგეგმა და განხორცილედა  ჩერქეზული ტერიტორიის ეთნოწმენდა, ხოლო მათგან დაცლილ ტერიტორიებზე მიზანმიმართულად განხორცილედა სხვა ეთნოსების ჩასახლება; 

იმის გათვალისწინებით, რომ მრავალჯერადი სადამსჯელო სამხედრო ექსპედიცების შედეგად ფიზიკურად განადგურდა ან სამშობლოდან განიდევნა 90 პროცენტზე მეტი ჩერქეზი  მოსახლეობა;

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთ-კავკასიის ომის დროს რუსეთის იმპერიის ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება მისი სამხედრო შენაერთების აგრესიული ქმედებები, ისეთი როგორიც არის მშვიდობიან მოსახლეობაში ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი და ეპიდემიები, რომლის მიზანიც იყო ჩერქეზი მოსახლეობის ფიზიუკურ განადგურება;

ყაბარდინო ბალყარეთის რესპუბლიკის უმაღლსი საბჭოს 1992 წლის 7 თებერვლის   „რუსეთ-კავკასიის ომის დროს ადიღეელებისა და ჩერქეზების გენოციდის  ფაქტის  განხილვის შესახებ“ დადგენილების გათვალისწინებითა  და რუსეთ-კავკასიის (1763-1864) ომის შედეგების ისტორიული და პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასების მიზნით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 1.აღიარებულ იქნას რუსეთ-კავკასიის ომში ჩერქეზთა (ადიღთა) მასობრივი განადგურება და მათი ძალადობრივი  გაძევება ისტორიული სამშობლოდან, ცნობილი იქნას გენოციდად 1907 წლის 18 ოქტომბრის ჰააგის „სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების დაცვის შესახებ „ კონვენციის მეოთხე და გაეროს 1948 წლის 9 დეკემბრის    „გენოციდის დანაშაულის შესახებ გაფრთხილებისა და მის გამო სასჯელის შესახებ“  კონვენციის შესაბამისად;

2. აღიარებულ იქნას რუსეთ-კავკსიის ომის დროს და  მის შემდეგ,  იძულებით სამშობლოდან განდევნილი ჩერქეზები ლტოლვილებად 1951 წლის 28 ივლისის გაეროს „ლტოლვილის სტატუსის“ შესახებ კონვენციით შესაბამისად;

აღსანიშნავია, რომ ხვალ ჩერქეზი ხალხი მეფის რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდის დღეს აღნიშნავს.

საქართველოში უკვე წელიწადნახევარია ჩერქეზთა საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მათ შორის ერთი წლის განმავლობაში ეს საკითხი პარლამენტის ჩრდილოკავკასიელთა და დიაპორის საკითხთა კომიტეტში განიხილება. ამ ხნის მანძილზე მოეწყო არაერთი კონფერენცია კავკასიელ ხალხთა შესახებ. ერთი წლის წინ კი ჩერქეზულმა დიასპორამ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნით საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.

გუშინ პარლამენტში გაიმართა გაფართოებული სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა   ოთხი საპარალემტო კომიტეტი. სხდომაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სამეცნიერო წრეების დასკვნა 19-ე საუკუნის მოვლენების შესახებ. ამ  დასკვნის მიხედვით, რუსეთ-კავკასიის ომში რუსეთის იმპერიის სამხედრო და პოლიტიკური ქმედება სრულად შეესაბამება ტერმინ „გენოციდის“ განმარტებას. 

კომენტარები