ბედნიერების ინჟინერია

სიბერე, ალბათ, არავის უხარია. თუმცა რადგან ამ პროცესის ალტერნატივა სიკვდილია, ყველას გვირჩევნია დავბერდეთ, თუმცა სასურველია – ტკბილად.
 
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ბედნიერი მოხუცებულობის განსახიერებად, შვილიშვილების გარემოცვაში მყოფი სათვალიანი, დანაოჭებული, ჭაღარა ქალი ან კაცი წარმოგვედგინა. დღეს თუ არა ხვალ, ეს ადგილი შეიძლება შუბლგაყინულმა, ასაკოვანმა “ბარბიმ” ან სახეგადაჭიმულმა, ფაიფურისკბილა “ჯეელმა” დაიკავოს.
 
თანამედროვე ადამიანმა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგად ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესა, რამაც, ერთი მხრივ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა, მეორე მხრივ კი, სიბერესთან ბრძოლის და სილამაზისკენ სწრაფვის ჟინი გააძლიერა. გალამაზებისა და გაახალგაზრდავების მეთოდებს შორის, წამყვანი ადგილი, ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად, ესთეტიკურმა მედიცინამ დაიკავა.

პლასტიკური ქირურგია, განვითარების აჩქარებულ ტემპებს, მსოფლიო ომებსაც უნდა უმადლოდეს. დასახიჩრებულ ადამიანებზე ჩატარებულმა მანიპულაციებმა სახისა თუ სხეულის ნაკვთების დახვეწის ტექნოლოგიები დიდად განავითარა. პოპულარობის ზრდის ტემპი შთამბეჭდავია. ამერიკის პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების მონაცემებით, აშშ-ში, მარტო 2010 წელს, კოსმეტიკურ ქირურგიაზე მოთხოვნა 9%-ით გაიზარდა. უკანასკნელი თხუთმეტი წლის მანძილზე კი 115%-ით მოიმატა.
 

ფოტო: REUTERS
მადონა
2010 წელს აშშ-ში – ქირურგის სკალპელის მეშვეობით თუ მის გარეშე – 10 მილიონამდე კოსმეტიკური პროცედურა ჩატარდა. ქირურგიულ ოპერაციათა შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით – მკერდის გადიდება, არაქირურგიულთა შორის კი – ბოტოქსის ინექცია სარგებლობს.
 
დღეისთვის, ამ მხრივ, მსოფლიო რეკორდსმენი სინდი ჯექსონია. 55 წლის ქალი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში 52 პლასტიკური ოპერაციითაა შესული. მისი საბოლოო მიზანი ბარბის თოჯინას დამსგავსებაა. თუმცა სინდიზე უარესად მაინც ჯოზელინ ვილდენსტი გამოიყურება, საყოველთაოდ ცნობილი ქალი, რომელმაც 4 მილიონი მხოლოდ იმისთვის დახარჯა, რომ ადამიანს აღარ ჰგავდეს.
 
ჯოზელინამდე ჯერ ვერ მივალთ, მაგრამ პლასტიკური ოპერაცია ჩვენს ქვეყანაშიც პოპულარული გახდა. ამას სილიკონით ტუჩდამშვენებულ “საქართველოს ქალთა” არმიაც მოწმობს. ესთეტიკური ქირურგიისა და მედიცინის კლინიკის ხელმძღვანელის, გია გვარამიას თქმით, უკანასკნელ სამ წელიწადში, პაციენტების რიცხვმა 15-20%-ით მოიმატა. ქირურგიული ჩარევებიდან ყველაზე ხშირად რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ოპერაცია კეთდება. გასაკვირი სულაც არ არის – კავკასიის მკვიდრთა წინაშე ეს პრობლემა მწვავედ დგას. ამას მოსდევს ლიპოსაქცია, მკერდის გადიდება და აბდომინოპლასტიკა (მუცლის ფორმის კორექცია).
 

ფოტო: REUTERS
დემი მური
არაქირურგიული პროცედურებიდან, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული, ბოტოქსის ინექციაა. ბოტოქსის, იგივე ბოტულინის ტოქსინის კოსმეტიკური დანიშნულება სახეზე ნაოჭებისა და ღარების გადასწორებაა. მისი ეფექტი სახის კუნთში შეყვანიდან 1 ან 2 დღის შემდეგაა შესამჩნევი და პირველი ინექციიდან 3-4 თვე გრძელდება. ბოტოქსი სახის კუნთების შეკუმშვას ანელებს, ან სრულ პარალიზებას ახდენს. შესაბამისად, ნაოჭებიც აღარ ვითარდება. ქირურგები უარყოფენ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ინექციების შეწყვეტის შემთხვევაში, კანი უარეს მდგომარეობაში რჩება. ყველაფერი თქვენი ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული: მაგალითად, შუბლის არეში ზედმეტი დოზის შეყვანამ, შესაძლოა, წარბების ქვემოთ დაწევა გამოიწვიოს. თუ ამ პროცედურებს ადრეული ასაკიდან დაიწყებთ, კანს ნაოჭები კარგა ხანს არ დაემუქრება. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ, შეიძლება საბოლოოდ ისეთი გამომეტყველება შეგრჩეთ, თითქოს ქარში იდექით დიდხანს.
 
კლინიკა მედის პლასტიკური ქირურგის, ვახტანგ პეტრიაშვილის თქმით, პაციენტთა 90% ქალია. მამაკაცებში კი, ყველაზე პოპულარული ცხვირის ოპერაცია, ლიპოსაქცია და მკერდის დაპატარავებაა.

რატომ არ უნდა ვიყიდოთ ის, რაც გვგონია, რომ გაგვალამაზებს და თავდაჯერებას შეგვმატებს – მაგალითად გაბერილი ტუჩი – თუკი ამით ბედნიერებისკენ მიმავალ გზას დავამოკლებთ?
თანამედროვე კოსმეტიკური ოპერაციების  მთავარი ხიბლი, სარეაბილიტაციო პერიოდის მცირე ხანგრძლივობაცაა. ოპერაციის მასშტაბებიდან გამომდინარე, პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს რამდენიმე დღეში უბრუნდება. არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც. მაგალითად, ოპერაციამდე და მის შემდეგ 2 კვირის მანძილზე პაციენტს ეკრძალება სიგარეტის მოწევა, რადგან ეს სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს და შესაბამისად, შეხორცების პროცესი ნელდება. ურჩ პაციენტებს, შესაძლოა, კანის გარკვეული უბნების ნეკროზი დაემართოს. რეკომენდებული არ არის კონტრაცეპტივისა და ასპირინის გამოყენება, მწარე და მლაშე საკვების მიღება და გარკვეულ ვადამდე გარუჯვა.
 
არსებობს ასაკობრივი შეზღუდვებიც. თუმცა ზოგიერთი ოპერაცია მცირე ასაკშიც ნებადართულია. მაგალითად, ოტოპლასტიკა (ყურების პლასტიკური ოპერაცია), გვარამიას თქმით, უმჯობესია მანამ გაკეთდეს, სანამ ბავშვი სკოლაში წავა, რადგან უსაფრთხოა. სამაგიეროდ, ყურისგან განსხვავებით, 18 წლამდე ცხვირის ოპერაცია ან მკერდის გადიდება არ შეიძლება – სახისა და სხეულის ფორმების ასაკობრივ ცვლილებასთან ერთად, ოპერაციის შედეგიც დეფორმირდება.
 

ფოტო: REUTERS
ტყუპი ძმები იგორ და გრიშკა ბოგდანოვები
სხვა ოპერაციათა მსგავსად, პლასტიკურსაც რისკები ახლავს. მუცლის, ბარძაყების პლასტიკა და მკერდის დაპატარავება რამდენიმე საათი გრძელდება. გართულებები ყველაზე ხშირად ანესთეზიას უკავშირდება.

მიუხედავად ამისა, ესთეტიკური მედიცინა თანამედროვე საზოგადოების ჰობად იქცა. მაგალითისთვის MTV-ის რეალითი შოუ – „მინდა მქონდეს ცნობილი სახე” – კმარა.  მაყურებელი თვალყურს ადევნებს, თუ როგორ ემგვანებიან შოუში მონაწილე ადამიანები პლასტიკური ოპერაციების დახმარებით საკუთარ კერპებს. რაც უნდა სასაცილოდ გამოიყურებოდეს მათი ვნება, ეს ადამიანები, ავად თუ კარგად, ბედნიერებას ეძებენ.
გველოდება თუ არა ნანატრი ბედნიერება ქირურგის კაბინეტში?
 
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი სილამაზე მაინც უპირატესად მიიჩნევა – ბევრი ნატრობს, რომ მის მომხიბვლელ ფორმებს დედაბუნებას მიაწერდნენ და არა ქირურგის ოსტატობას – დღეს სამარცხვინოდ არ ითვლება იმის აღიარება, რომ თხელი თეძოები თუ გასწორებული ნაოჭები, ესთეტიკური მედიცინის დამსახურებაა.
 
გარეგნობაზე ზრუნვაში დასაძრახი არაფერია. სახესა და ტანზე ზედმეტი თმის მოშორება, კანისა თუ კბილების მოვლა ადამიანს და მის გარშემომყოფებს არაფერს დაუშავებს, თუ არ არგებს.
 
ფაქტია, რომ უმჯობესია საკუთარ ტყავში თავს კომფორტულად გრძნობდე. მართალია, კარგ გარეგნობას ბედნიერების ფორმულად ვერ გამოვაცხადებთ, მაგრამ მომხიბვლელი ადამიანები რომ სხვებზე ბედნიერები არიან, მითი სულაც არ არის. ტექსასის უნივერსიტეტის ეკონომისტებმა, უკანასკნელ ხანებში ჩაატარეს კვლევა – ერთმანეთს დაუკავშირეს გარეგნობა, შემოსავლის ოდენობა და ბედნიერების განცდა. 30 მარტს გამოქვეყნებულმა შედეგებმა  აჩვენა, რომ მიმზიდველი გარეგნობის პატრონები უფრო ბედნიერები არიან.
 
თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ უნდა მივანდოთ საკუთარი გარეგნობა გამოცდილ  ქირურგს, რომლის პროფესიონალიზმშიც დარწმუნებულნი ვართ? დღეს კი რიგი პროცედურები, მაგალითად, ტუჩების დაბერვა, ერთ კაბაზე იაფი შეიძლება ღირდეს.
 

ერთია, როდესაც ესთეტიკური მედიცინის დახმარებით ნაკლის აღმოფხვრას ცდილობ – გაისწორებ კეხს ცხვირზე, ან გაიზრდი მკერდს და კმაყოფილი ხარ. მეორეა, თუ პრობლემა ცხვირსა და მკერდში კი არა, გონებაშია და კოსმეტიკური ჩარევის შედეგად „უნაკლოდ” ქცევა გინდა.
რატომ არ უნდა ვიყიდოთ ის, რაც გვგონია, რომ გაგვალამაზებს და თავდაჯერებას შეგვმატებს – მაგალითად გაბერილი ტუჩი – თუკი ამით ბედნიერებისკენ მიმავალ გზას დავამოკლებთ?

ერთია, როდესაც ესთეტიკური მედიცინის დახმარებით ნაკლის აღმოფხვრას ცდილობ – გაისწორებ კეხს ცხვირზე, ან გაიზრდი მკერდს და კმაყოფილი ხარ.
 
მეორეა, თუ პრობლემა ცხვირსა და მკერდში კი არა, გონებაშია და კოსმეტიკური ჩარევის შედეგად “უნაკლოდ” ქცევა გინდა. ასე იწყება თავბრუდამხვევი გატაცება პლასტიკური ქირურგიით და მასთან ერთად, მანკიერი წრე, რომლიდან თავის დაღწევაც რთულია. გგონია, რომ ვერასდროს იქნები მომხიბვლელი, თუ ყველა დეტალს არ “გამოასწორებ” და მიღებულ სტანდარტს არ მიუსადაგებ.

და ამ დროს, ვინ დააწესა სტანდარტი? ვინ თქვა, რომ სილიკონით გაბერილი ტუჩი და მკერდი, ან ბოტოქსით გათიშული შუბლი და კეფაზე აჭიმული წარბები ლამაზია?
 

ფოტო: REUTERS
მეგან ფოქსი
არსებობს ე.წ. წარმოსახვითი სიმახინჯის სინდრომი, ფსიქიატრიის ენაზე ამას სხეულის დისმორფულ აშლილობას უწოდებენ (Body Dysmorphic Disorder). მისით დაავადებულ ადამიანებს საკუთარი სხეულის რეალისტური აღქმის უნარი სრულიად დაკარგული აქვთ. ხშირად მომხიბვლელ ადამიანებსაც სძულთ საკუთარი სახისა და სხეულის ნაწილები. ასეთ დროს ოდნავ შესამჩნევი ნაკლი მტანჯველ გარემოებად იქცევა. მცირე ასიმეტრია, რომელიც შესაძლოა, სახეს მომხიბვლელობასა და ორიგინალურობას ანიჭებდეს, სერიოზულ დეფექტად მიიჩნევა.
 
სწორედ ამგვარ შემთხვევებშია პლასტიკური ქირურგიით არაჯანსაღი გატაცების რისკი ყველაზე დიდი – ის, შინაგან დისკომფორტთან გამკლავების ერთადერთ გზად მიაჩნიათ. მათ ხშირად 20 და მეტი კოსმეტიკური ოპერაციაც აქვთ გაკეთებული. შედეგები, როგორც წესი, არცთუ ესთეტიკურია. რთულ შემთხვევებში, ასეთი ადამიანები ალკოჰოლსა და ნარკოტიკს ეტანებიან ან სუიციდური მიდრეკილებები აქვთ. ბუნებრივია, ამ დროს პლასტიკური ჩარევა მდგომარეობას ვერ შველის – პაციენტს მედიკამენტოზური მკურნალობა და ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციები ესაჭიროება.
 
გია გვარამიას თქმით, საქართველოში მსგავს, მუდმივ პაციენტთა რიცხვი საერთო რაოდენობის 1-2%-ს არ აჭარბებს. კლინიკაში ცდილობენ, გადააფიქრებინონ მათ მორიგი ოპერაციის გაკეთება, ან ფსიქოლოგთან გადაამისამართონ.
 
გასათვალისწინებელია, რომ კოსმეტიკური ჩარევის შედეგი სამუდამოდ არ გრძელდება. ბოტოქსის, ტუჩის დასაბერი გელით და სხვა არაქირურგიული ოპერაციებით მიღწეულ ეფექტს რამდენიმე თვის ვადა აქვს, სახის კანის გადაჭიმვას – წლები, თუმცა სამუდამო არც ეს არის.
 
გარდა ამისა, ერთ მშვენიერ დღეს განსხვავებული გარეგნობის „შეძენა” არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაა იოლი. ცვლილება თუნდაც ექიმის მიერ კომპიუტერის ეკრანზე ნაჩვენებს ემთხვეოდეს, ემოცია, რომელსაც სარკეში არეკლილი გამოსახულება იწვევს, სულ სხვაგვარია.
 
ალბათ გინახავთ რობერტ ზემეკისის ცნობილი ფილმი „მას სიკვდილი უხდება”. მერილ სტრიპისა და გოლდი ჰოუნის პერსონაჟებს გარეგნობის შეცვლისა და გაახალგაზრდავების მცდელობები მანიაში გადაეზრდებათ, მარადიული ახალგაზრდობა კი სამუდამო სატანჯველად ექცევათ. როგორც ჩანს, ეშმაკი, პლასტიკური ქირურგის ოთახში კი არა, თავად პაციენტის დამოკიდებულებაში იმალება: რატომ ვიცვლით გარეგნობას? იმიტომ, რომ კონკრეტული ნაკლი გამოვასწოროთ, თუ გვგონია, რომ ყველა ჩვენი არარეალიზებული სურვილი, ნაოჭის ან პატარა მკერდის ბრალია?

კომენტარები