დაკარგული სამოთხე

1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფის რაინშტადიონზე, უეფას თასების მფლობელთა თასის გადამწყვეტ მატჩში თბილისის დინამომ 2:1 მოუგო იენის კარლ ცაისს და რანგით მეორე ევროთასი აღმართა.

ახლა 2011 წლის მაისია.
 
ტრიუმფიდან 30 წელიწადი გავიდა.
 
ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა: დღეს დინამო ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს, ევრომატჩებს სამის ნაცვლად ექვსი მსაჯი ემსახურება, თასების თასი კი წარსულს ჩაბარდა. ის უკანასკნელად 1998-99 წლების სეზონში გათამაშდა და მარადიულ ქალაქში დარჩა: იმ ფინალში, ინგლისის ბირმინგემმა რომ უმასპინძლა, რომის ლაციომ ესპანეთის მალიორკა 2:1 დაამარცხა და ევროფეხბურთის ერთ მშვენიერ ტურნირსაც წერტილი დაესვა.
 
1999 წლის 19 მაისს, ვილა პარკზე გამართული ფინალის წინ, თასების თასს უეფა და ევროფეხბურთის გრანდები სამუდამოდ გამოეთხოვნენ. ცერემონიალის ორგანიზატორებმა ამ ჯილდოს ყველა მფლობელის ლეგენდები მიიპატიჟეს. ინგლისს დავით ყიფიანი და ალექსანდრე ჩივაძეც ესტუმრნენ.
 
გაივლის ორწელიწადნახევარი და საუკეთესო დინამო დავით ყიფიანს მოისაკლისებს: ის 2001 წლის 17 სექტემბერს, 49 წლის, თბილისთან ახლოს, სოფელ ჩარდახში მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. იმ დროს არსად მუშაობდა, მეორე დილით კი მოსკოვს მიფრინავდა – დინამო და ტორპედო ეპატიჟებოდნენ...
 
ყველაზე დიდი მეათე ნომერი 1981 წლის დაუვიწყარი გაზაფხულის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ის გახლდათ გუნდის ლიდერი, გონება და გნებავთ, სულიც და გულიც. დინამო ყიფოთი და მის გარეშე უდავოდ განსხვავდებოდა!
 
1982 წლის 26 აპრილს, ჩემპიონატის მეოთხე ტურში, კრასნოდარის ყუბანთან დავით ყიფიანმა უკანასკნელად ითამაშა დინამოს მაისურით. თუ რატომ გადაწყვიტა მან თასების თასის ტრიუმფიდან ერთი წლის თავზე ფეხბურთიდან წასვლა, ამაზე ახლა არაფერს ვიტყვით – ეს სულ სხვა ისტორიაა.
 
იმავე წელს, 23 დეკემბერს, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი დავკარგეთ: რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ შროშასთან ახლოს, მდინარე ძირულაში ავტომანქანით გადავარდა ვიტალი დარასელია.
 
დინამოს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, რომლის საშინაო თამაშებს 80 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა, მხოლოდ 4.750 ადამიანმა იხილა ცოცხლად (თასების თასის ფინალების ანტირეკორდი).
ის 25 წლის იყო, ზაფხულში, ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა და როგორც ჩვენი უფროსი კოლეგები ამბობენ, 80-იანი წლების დინამო მის ირგვლივ უნდა აშენებულიყო. საუბედუროდ, ასე არ მოხდა.
 
1998 წლის 24 იანვარს მოსკოვში გულის შეტევით ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა. ის დიდი დინამოს არქიტექტორი იყო და საერთოდ, ახალკაცი ახალი კაცი იყო ქართულ ფეხბურთში. ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
 
დარასელია, ახალკაცი, ყიფიანი... დინამოს იმ შემადგენლობიდან დღეს კიდევ ერთი აღარაა ცოცხალი: 2007 წელს ნახევარმცველი ამირან ანდღულაძე გარდაიცვალა – იშვიათად თამაშობდა, მაგრამ ეს მის მოგონებას ხელს არ უშლის. თანაც, ის ხომ სამუდამოდ შემორჩა დიუსელდორფში გადაღებულ ისტორიულ ფოტოს.
 
13 მაისის დინამოს სხვა წევრები კი ფეხბურთში დარჩნენ:
 
მეკარე ოთარ გაბელია სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს ხელმძღვანელობდა, იყო ეროვნული გუნდის მეკარეთა მწვრთნელი, დღეს კი ახალგაზრდულის (21 წლამდელების) სათავეშია.
 
თამაზ კოსტავამაც იგივე გზა გაიარა – წლების წინ ყმაწვილთა ნაკრები ებარა, დღეს კი ნორჩი დინამოელის სკოლაში მუშაობს.
 
ნოდარ ხიზანიშვილი, ვისი საჰაერო კოცნაც რაინშტადიონიდან დღემდე ახსოვთ გულშემატკივრებს, ფეხბურთს ცოტა ხნის წინ ჩამოშორდა.
 
გია თავაძე დღეს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე კომისრის მოვალეობას ასრულებს.
 
ზაურ სვანაძემ 80-იანი წლების მიწურულს შვედეთს მიაშურა, სადაც დაასრულა კიდეც კარიერა. დღეს ახალგაზრდულ ნაკრებში გაბელიას თანაშემწეა, პარალელურად კი დინამოშიც მოღვაწეობს.
 
თენგიზ სულაქველიძე 90-იან წლებში ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ საკუთარი საფეხბურთო აკადემია დააარსა, რომელსაც ჩინებულად უძღვება.
 
ლაშა გოდუაძის არქივიდან ©
დინამოს ვეტერანი ფეხბურთელები
ვლადიმერ გუცაევი, რომელმაც იმ დაუვიწყარ ფინალში პირველი გოლი გაიტანა, ეროვნულ, 21 და 19-წლამდელებს წვრთნიდა, რამდენიმე წლის მანძილზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ ფედერაციას ხელმძღვანელობდა, ერთი პერიოდი კი ჯერ კვიპროსში მოღვაწეობდა, შემდეგ რუსეთში, ვლადიკავკაზის ალანიაში.
 
რამაზ შენგელია 90-იანი წლების დასაწყისში ფედერაციის თანამშრომელი გახლდათ, იყო ეროვნული გუნდის უფროსი, თუმცა დღეს ქართულ ფეხბურთს ჩამოშორებულია.
 
ნუკრი კაკილაშვილი იყო ერთადერთი, რომელმაც დიუსელდორფში შეცვლაზე ითამაშა. კარიერის დასრულების შემდეგ ის თბილისის ფედერაციის პრეზიდენტი, მოგვიანებით კი ეროვნული სტადიონის დირექტორიც იყო.
 
ვაჟა ჟვანია სათადარიგოთა შორის გახლდათ, თუმცა არ უთამაშია. კარიერის დასრულების შემდეგ მუდმივად ფეხბურთშია, ხოლო დღეს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე გახლავთ.
 
სათადარიგო მეკარე კარლო მჭედლიძემ წლების წინ საფეხბურთო სკოლა ოლიმპიკი დააფუძნა.
 
გიორგი ჭილაია ფეხბურთს დიდი ხნის წინ ჩამოშორდა, დავით მუჯირი დინამოდან წასვლის შემდეგ ოლიმპიკში მუშაობდა, ვახტანგ ქორიძე დღეს აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ, რევაზ ჩელებაძე კი, რომელიც სხვადასხვა დროს ბათუმის დინამოს და ქობულეთს ედგა სათავეში, ახლა ფიფას ლიცენზირებული აგენტია. რაც შეეხება შოთა ხინჩაგაშვილს, რომელმაც ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, სხვადასხვა დროს იყო საწვრთნელი ბაზის დირექტორი, მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელი და მატჩების კომისარი. 
 
ფეხბურთში დარჩა სერგო კუტივაძეც. ახალკაცის თანაშემწემ სხვადასხვა დროს ასაკობრივ ნაკრებებს და დინამოს უხელმძღვანელა, დღეს კი ეროვნული პირველობის კომისარია.
 
რაც შეეხება ბურთის გამტაცებელ ანზორ გაბიტაშვილს, ის კვლავაც საყვარელ საქმეს ემსახურება – დღემდე ეროვნული გუნდების მასაჟისტია.
გუნდის კაპიტან ალექსანდრე ჩივაძეზე კი ისედაც ყველაფერია ცნობილი: ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა (ორჯერ), იყო სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი, დღეს კი, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ქართული ფეხბურთის სიმბოლოს როლს ჩინებულად ასრულებს.
 
...გათამაშებას ევროპის საუკეთესო კლუბი თბილისის დინამო მოიგებს! – ეს სიტყვები არგენტინელმა მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმ 1981 წლის გაზაფხულზე, თასების თასის ნახევარფინალის წინ თქვა. იმ დროს არავინ იცოდა, მოუგებდა თუ არა დინამო როტერდამის ფეიენოორდს ან კარლ ცაისი ლისაბონის ბენფიკას თუ დაამარცხებდა.
 
მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მომგებმა მწვრთნელმა გამოიცნო, თუმცა ამით ევროპელებს, ალბათ, ვერ გააკვირვებდა. იქ, ბებერ კონტინენტზე, სხვა რამ უფრო გააოცებდათ: დინამოს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, რომლის საშინაო თამაშებს 80 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა, მხოლოდ 4.750 ადამიანმა იხილა ცოცხლად (თასების თასის ფინალების ანტირეკორდი) და მათგან უმეტესობა კარლ ცაისის ქომაგი იყო.
 
დღეს, 30 წლის შემდეგ, დინამოსთვის ეს 4750 გულშემატკივარიც სანატრელია. სამოთხე დაიკარგა... 
 

კომენტარები