ვარსკვლავები და ასტროლოგია

დღეს ისინი ვარსკვლავები და მილიონთა კერპები არიან, მათ მსოფლიო იცნობს და საუკეთესო კლუბებში თამაშობენ. მათ მიერ განვლილი გზა სხვადასხვანაირია და მხოლოდ ის აკავშირებთ, რომ ყველანი ბავშვობიდან მოდიან. ფეხბურთის სიყვარულიც, რა თქმა უნდა, იქიდან მოსდევთ: ერთ მშვენიერ დღეს ეზოში ბურთი გაგორდა და...

„ყველა მწვრთნელი ოცნებობს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გაზარდოს. არავინ თქვას, ასე არ არისო. გამონაკლისი არც მე ვიყავი – იგივე მსურდა, მაგრამ დღეს ნამდვილად შემიძლია თქმა, რომ იმ ერთეულთა შორის ვარ, რომელმაც ვარსკვლავი აღზარდა, ტოპ-ფეხბურთელი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით!” – ბობ პენდლტონი ლივერპულის ევერტონის ბავშვთა გუნდის მწვრთნელი, მოგვიანებით კი სელექციონერი იყო. უეინ რუნი, ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, სწორედ მან აღმოაჩინა.
 
ერთ მშვენიერ დღეს, ლონგ ლეინის საწვრთნელ ბაზაზე უოლტონის და კირკდეილის იუნიორთა ლიგის მორიგ მატჩზე პენდლტონი კოლჰაუს ჯუნიორსის მწვრთნელთან, დიდ ფილთან სასაუბროდ შეჩერდა. ორი წუთი, სამი წუთი... თითქოს სათქმელი აღარაფერია, მაგრამ ის მაინც არ უბრუნდება თავის გუნდს – 8 წლის ჟღალთმიან ბიჭუნას გაოცებული უყურებს. ყმაწვილი გატაცებით თამაშობს, პასს არ იძლევა, ბავშვურად ჩხუბობს, თანაგუნდელებს უყვირის, ერთიმეორეზე ლამაზი გოლები გააქვს...
 
„მაშინ 8 წლის იყო, – იხსენებს ბობ პენდლტონი, – მწვრთნელს გამოველაპარაკე და გავარკვიე, რომ ბიჭის დედ-მამა ტურნირს ესწრებოდა. ჯანეტი და ტომასი სწორედ მაშინ გავიცანი, მერე ბელფილდში, ევერტონის საწვრთნელ ცენტრში დავპატიჟე და შვილის ჩვენთან მოყვანა ვთხოვე. საბედნიეროდ, ორივე ჩვენი კლუბის გულშემატკივარი აღმოჩნდა და უმალ დამთანხმდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ 8 წლის უეინი ჩვენი აკადემიის გუნდის ლურჯი მაისურით თამაშობდა”.
 
ფოტო: REUTERS ©
უეინ რუნი,
1995-96 წლების სეზონში რუნიმ ევერტონის 10 და 11-წლამდელთა გუნდებში 29 მატჩში 114 გოლი გაიტანა! 15 წლის კი უკვე 19-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა. 2002 წელს ევერტონმა სეზონისწინა შეკრება ავსტრიაში გაიარა. უეინიც იქ იყო. 15 ივლისს, ადგილობრივ ვეისთან 3:1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში რუნიმაც გამოიჩინა თავი – ეს მის პროფესიულ კარიერაში პირველი გოლი იყო.
 
2002 წლის 17 აგვისტოს, შინ ტოტენჰემ ჰოთსფურთან ფრედ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში მან პირველად ითამაშა პრემიერლიგაში. ჯო როილის შემდეგ ის ევერტონის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ეს მოახერხა. 2 ოქტომბერს, ლიგის თასზე რექსჰემთან 3:0 მოგებულ მატჩში კი კლუბის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე შეიქნა.
 
19 ოქტომბერს, მე-17 დაბადების დღემდე 5 დღით ადრე, მან ლონდონის არსენალს ბოლო წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი და ამით არსენ ვენგერის კლუბის 30-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიაც დასრულდა, რუნი კი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.
„ბედნიერი ვარ, რომ მისი მწვრთნელი ვიყავი – ის 7 წელი თამაშობდა ჩემთან. უეინის წარმატება ყოველთვის მახარებს – მეამაყება, რომ ინგლისის
ნაკრების საუკეთესო თავდამსხმელს თავის დროზე რაღაც ვასწავლე”, – კვლავ ბობ პენდლტონი.
 
რუნისგან განსხვავებით, მიუნხენის ბაიერნის ვიცე-კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერი 13 წლის იყო, ფეხბურთელობა საბოლოოდ რომ გადაწყვიტა. ობერაუდორფის და როზენჰაიმ 1860-ის ნახევარმცველი ფეხბურთს წარმატებით უთავსებდა თხილამურებს, ერთ-ერთ დისციპლინაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონიც იყო.
 
ჰერმან ჰერლანდი 2000 წლიდან ხელმძღვანელობს მიუნხენის ბაიერნის საფეხბურთო აკადემიას, მანამდე კი ბავშვთა გუნდები ებარა. ბავარიულ კლუბში გადასული ბასტი პირველად სწორედ ჰერლანდთან მოხვდა.
 
ფოტო: REUTERS ©
ბასტიან შვაინშტაიგერი
„ძალიან შრომისმოყვარე იყო, პასუხისმგებლობის საოცარი გრძნობა ჰქონდა. პირველად სწორედ ამით მიიქცია ჩემი ყურადღება, – იხსენებს ჰერლანდი, – შაბათ-კვირის გარდა, ყოველ დილით 6 საათზე იღვიძებდა და შებინდებამდე დაკავებული იყო: ვარჯიში, სწავლა, ვარჯიში, სწავლა. გასართობად თითქმის ვერ იცლიდა”.
 
14 წლის ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნის 16 და 18-წლამდელთა გუნდებში გამოდიოდა. მეკარის გარდა, ყველა პოზიციაზე ითამაშა, საბოლოოდ კი ნახევარდაცვას მოერგო იდეალურად.
 
„ასაკთან შედარებით დიდ დატვირთვებს უძლებდა, თუმცა მეტ ყურადღებას დარტყმის დახვეწას უთმობდა. ძალა კი ჰქონდა, მაგრამ სიზუსტე – არა. ნელ-ნელა ესეც გამოასწორა, რამდენიმე თვეში გუნდის ლიდერადაც იქცა, მაგრამ მთავარი პრობლემა, თურმე წინ გველოდა: ძალიან ხშირად ჩხუბობდა, რის გამოც რამდენჯერმე გუნდსაც ჩამოვაშორეთ”, – ამბობს ჰერლანდი.
 
2002 წლის გაზაფხულზე ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნის დუბლშემადგენლობაში მოხვდა, ნოემბერში კი პირველ გუნდში დებიუტიც შედგა: ოტმარ ჰიცფელდმა ჩემპიონთა ლიგაში, საფრანგეთის ლანსთან შეცვლაზე შეუშვა. დებიუტანტმა რამდენიმე წუთში მარკუს ფულნერს გოლი გაატანინა!
 
2003 წლის გაზაფხულზე ის გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი იყო, 2004-ში კი ბუნდესგუნდშიც ითამაშა. 26 წლისაა და ნაკრებში 89 მატჩი აქვს ჩატარებული – ასეთი შედეგი თავის დროზე ლოთარ მათეუსსაც არ ჰქონია! „ინდივიდუალურად არაა ისეთი ძლიერი, როგორც მათეუსი, მაგრამ გუნდისთვის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი რომაა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ ელის. ასეთი შრომისმოყვარე ბიჭები მიზანს ყოველთვის აღწევენ!” – 2008 წელს, ევროპის ვიცე-ჩემპიონობისთვის მიღებული ვერცხლის მედალი ბასტიან შვაინშტაიგერმა სწორედ პირველ მწვრთნელს, ჰერმან ჰერლანდს აჩუქა.
 
იქ, ავსტრია-შვეიცარიაში, ბასტის გერმანია ესპანეთის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა. ის ერთადერთი გოლი ფერნანდო ტორესმა გაიტანა.
 
ფოტო:REUTERS ©
ფერნანდო ტორესი
„ფინალი რომ დამთავრდა, ტირილი დავიწყე. მეუღლე და შვილები მამშვიდებდნენ, თუმცა ბედნიერი ვიყავი და ცრემლების შეკავება არც მიცდია. როგორია, როცა მშობლიურ ნაკრებს ნანატრ გამარჯვებას შენი გაზრდილი მოუტანს?!” – აბრამ გარსია 1995-2001 წლებში ფერნანდო ტორესის მწვრთნელი იყო მადრიდის ატლეტიკოს ასაკობრივ გუნდებში.
 
ავსტრია-შვეიცარიაში ელ ნინიომ (ტორესის მეტსახელი) მესამედ მოიგო ევროპირველობა და მესამედ გაიტანა ფინალში გადამწყვეტი გოლი. 2001 წელს ის ინგლისში 16-წლამდელთა შორის გახდა კონტინენტის ჩემპიონი – ფინალში ფრანგებს გაუტანა ერთადერთი გოლი, 2002 წელს კი უკვე ნორვეგიაში, 19-წლამდელთა შორის მოიგო ევროპირველობა. გადამწყვეტ მატჩში მან გერმანელებს შეუგდო.
 
„ინგლისშიც და ნორვეგიაშიც ფერნანდო ბომბარდირი გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. თქვენ რომ იმ წლებში ტორესი გენახათ, ამ წარმატებას კანონზომიერად ჩათვლიდით: თანატოლებს შორის უდავოდ გამოირჩეოდა, ნამდვილი ათლეტი იყო – დაკუნთული, მაღალი, სწრაფი და რაც ყველაზე მეტად მომწონდა მასში, მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებოდა! დაახლოებით 30 ფეხბურთელი გავზარდე, რომლებმაც შემდგომში ლა ლიგის დიდ კლუბებში ითამაშეს, მაგრამ მერწმუნეთ, ფერნანდო მათ შორის აშკარად გამოირჩეოდა – ის მოვლენა იყო!” – ამბობს აბრამ გარსია.
 
2000-2003 წლებში თავდამსხმელმა ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში (15, 16, 17, 18, 19 და 21-წლამდელები) 30 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა, 2003 წლის 6 სექტემბერს კი, პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩში ეროვნული გუნდის მაისური მოირგო. მას შემდეგ ქვეყნის პირველი გუნდის ფორვარდია და 2008 წელს მოგებულ ევროპირველობას შარშან, სამხრეთ აფრიკაში ფიფას ოქროს თასიც მიუმატა.
 
„1998 წელს ატლეტიკომ ნაიკის თასი მოიგო. ეს დიდი საერთაშორისო შეჯიბრება იყო – ევროგრანდების ბავშვთა გუნდებს ვხვდებოდით. 15 წლის ფერნანდო იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა. ხომ ხვდებით, რას ნიშნავს პატარა ბიჭისთვის ასეთი აღიარება – ეს დიდი ცდუნებაა, მაგრამ ყველას გასაკვირად, მან ამას გაუძლო და ალბათ, ეს შინაგანი კულტურაა მისი ყველა წარმატების საფუძველი”, – ამბობს გარსია.
 
ფოტო: REUTERS ©
ლეო მესი
„ის რამდენიმე კვირის გადმოსული იყო ბარსელონაში, როცა ჩვენთან ერთად წამოვიდა იაპონიაში, იუნიორთა საერთაშორისო ტურნირზე. ერთი წლით უფროსებში თამაშობდა, თუმცა მაშინვე ეტყობოდა, რომ მხოლოდ ნიჭიერი არ იყო. მახსოვს, პირველ შეხვედრას ფეიენოორდთან ვაგებდით, როცა თამაშში ჩავრთე. 13 წლის ბიჭმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა – გოლი არ გაუტანია, მაგრამ ჩვენ 3:1 მხოლოდ მისი ჩინებული თამაშით მოვიგეთ. უკან, ბარსელონასკენ თვითმფრინავში ჩემ გვერდით იჯდა – მის გარდა, მთელ გუნდში მხოლოდ მე ვიყავი არგენტინელი”, – გილერმო ოიოსი ლეო მესის პირველი მწვრთნელი იყო ბარსელონაში.
 
როსარიოში დაბადებული მესი კატალონიურ კლუბში ასე მოხვდა: მშობლებს ზრდის ჰორმონების დეფიციტის მქონე შვილის მკურნალობა არ შეეძლოთ – მათთვის თვეში 900 დოლარის გადახდა შეუძლებელი იყო და ესპანელთა შეთავაზებას ამიტომ დათანხმდნენ. ბარსელონამ მესის უმკურნალა, მისი ოჯახიც შეინახა და დღეს თქვენ წინაშეა ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი პელეს, დიეგოს და ზიდანის გვერდით აყენებს.
 
„1979 წელს დიეგოსთან ერთად ვთამაშობდი არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში, ამიტომ, ვფიქრობ, ზედმიწევნით ზუსტად შემიძლია დიეგოს და ლეოს შედარება. ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: ორივე საოცრად ტექნიკურია, მათთვის ბურთის წართმევა შეუძლებელია, მოედანს ჩინებულად ხედავენ, თუმცა არის ერთი შტრიხი, რომელიც მარადონას და მესის განასხვავებს – დიეგოსთან შედარებით ლეო ძალიან თავდაჭერილია. არა, მორიდებული ნამდვილად არაა, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ლეო უკეთესი პროფესიონალია – იცის, რომ დიდი ფეხბურთი მსხვერპლს მოითხოვს და დაუწერელ წესებს იცავს. თან, დიეგოს თავს გადამხდარი ამბებიც ხომ საკმარისია სხვებისთვის სწორი გადაწყვეტილების მისაღებად”, – ლეო ბარსელონას იუნიორთა გუნდის კაპიტანი სწორედ ოიოსის გადაწყვეტილებით გახდა.
 
მას დიდხანს არ უთამაშია ასაკობრივ გუნდებში: 2004 წლის 16 ოქტომბერს კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონატში იასპარეზა, 2005 წლის 1 მაისს ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე. ორივე ეს მიღწევა მოგვიანებით ბოიან კრკიჩმა გააუმჯობესა, თუმცა მას შემდეგ ლეომ დაამყარა უამრავი რეკორდი, რომელთა არათუ გაუმჯობესება, გამეორებაც კი თითქმის წარმოუდგენელი იქნება.
 
თუმცა, ვინ იცის? იქნებ ამ წუთებში დედამიწის რომელიმე ეზოში უკვე დარბის ბიჭუნა, რომელზეც წლების შემდეგ იტყვიან, რომ...
 
ყველანი ხომ ბავშვობიდან მოვდივართ. 

კომენტარები