თამაში ქვეყნის სახელით

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას მიერ რეგისტრირებული პირველი საერთაშორისო მატჩი 1992 წლის 2 სექტემბერს, ლიტვის ქალაქ კაუნასში ჩაატარა მასპინძლებთან – გიგა ნორაკიძის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში 0:1 დამარცხდა.

159 ოფიციალური და ამხანაგური საერთაშორისო მატჩი, 46 გამარჯვება, 31 ფრე, 82 მარცხი. ბურთები: 180 გატანილი, 240 გაშვებული.
მონაცემები, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა, მაგრამ თუ ჩვენს ფეხბურთს წლებია გულშემატკივრობთ და ახლო წარსულიც გახსოვთ, უარყოფითი ბალანსი არ გაგიკვირდებათ. ეროვნული გუნდის და ფეხბურთის ფედერაციის თანმდევი არეულობები, არაერთი სკანდალი თუ გაუგებარი გადაწყვეტილება ზედმიწევნით ზუსტადაა ასახული ამ რიცხვებში.
 
იმ 82 წაგებიდან, რომელსაც საქართველოს ნაკრების ისტორია ითვლის, ბევრი „დასანანია”, რამდენიმე კი, გაგიკვირდებათ – „ღირსეული”.
თუ მწვრთნელების მატჩისშემდგომ ინტერვიუებს გადავავლებთ თვალს, დავასკვნით, რომ „დასანან მარცხში” ის წაგება(ები) იგულისხმება, როცა მაგალითად, მეტოქემ ბოლო წუთებზე გაიტანა გოლი, ან მსაჯმა „დაგვწვა” – ჩვენიანი გააძევა, მეტოქე არც გააფრთხილა და გუნდიც ფსიქოლოგიურად გატეხა. მსაჯის უსაქციელობით „დათრგუნულმა” ბიჭებმაც თამაშის ხალისი დაკარგეს და...
 
ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
ვლადიმერ გუცაევი
რაც შეეხება „ღირსეულ წაგებას”, ეს, ვფიქრობთ, წმინდა ქართული ფენომენია: ვგულისხმობთ მარცხს, როცა გუნდმა მეტოქეს რიგ მომენტებში აჯობა, ბიჭებმაც ერთ-ორ ვარსკვლავს მაგარი „პადსებია” გაუკეთეს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენმა მეკარემ გამოიტანა ბურთი კარიდან. ხანდახან ბურთები.
ყველაზე სამწუხარო კი იცით, რა არის? ეროვნული ნაკრების ისტორიაში 6 ისეთი წაგებაა, რომელსაც არც დასანანი ეთქმის და არც ღირსეული. გულახდილად რომ ვთქვათ, წესიერად ვერც კი გეტყვით, რა ეთქმის.
 
თავად განსაჯეთ: ეს ისეთი 6 მარცხია, რომელიც თავისუფლად შეიძლება არც შესულიყო საქართველოს პირველი გუნდის ისტორიაში. საამისოდ კი სფფ-ს მესვეურებს და ნაკრების მენეჯერებს (1996-2004 წლებს ვგულისხმობთ) მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ.
 
ამ 6 მატჩიდან პირველი 2 ჩვენმა გუნდმა 1996 წლის დეკემბერში, ლიბანში წააგო. ჯერ ისაა საკითხავი, ვის მოუვიდა აზრად წლის მიწურულს გუნდის ამ ქვეყანაში გაგზავნა ანუ რას ემსახურებოდა ეს ორი საერთაშორისო მატჩი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ რატომ იასპარეზა ახალგაზრდულმა გუნდმა ეროვნულის სტატუსით. ლიბანელებთან 2 წაგებულ შეხვედრაში ჩვენს გუნდს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა, იმ დროს ახალგაზრდულის მთავარი მწვრთნელი. რაც შეეხება შემადგენლობას, გადაავლეთ თვალი და მიხვდებით, რომ მას ეროვნული ნაკრები ნამდვილად არ ეთქმოდა...
უცნაური რამ მოხდა 2 წლის შემდეგაც: სფფ-მ რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, რომ 1998 წლის 19 აგვისტოს ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილი ეროვნული ნაკრები კიევში, მასპინძლებთან ამხანაგურად იასპარეზებდა. თამაში მართლაც შედგა, საინტერესო კი ისაა, რომ უკრაინაში სტუმრობამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე ქართული გუნდი ეროვნულის სტატუსით აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში მასპინძლებთან 0:1 დამარცხდა. და ვინ ითამაშა იმ შეხვედრაში? რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერებულმა 21-წლამდელთა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი გიგლა იმნაძე 1998-1999 წლებში ოფიციალურად გახლდათ ჩვენი ახალგაზრდულის თავკაცი!
 
ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
გოჩა ტყებუჩავა
2004 წელს მორიგი 3 ასეთი წაგება ჩაიწერა გუნდის ისტორიაში. კვიპროსის ტურნირზე საქართველოს ნაკრების სტატუსით თბილისის დინამომ იასპარეზა, რომელსაც რამდენიმე მოთამაშე დაემატა. მთავარი მწვრთნელი კი გოჩა ტყებუჩავა გახლდათ, 2004-2005 წლებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი. ივო შუშაკის გაწვრთნილი დინამო სწორედ კვიპროსში ემზადებოდა სეზონის მეორე ნახევრისთვის და ფედერაციამ, რომელიც 2003 წლის სამარცხვინო დასასრულის შემდეგ (ნაკრების სათავეში სფფ-ს პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას გამოჩენას ვგულისხმობთ) ეროვნულის მთავარი მწვრთნელის ძიებაში იყო, ამით ჩინებულად ისარგებლა.
 
შეეძლოთ თუ არა ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში მომხდარის თავიდან აცილება? შეეძლოთ კი არა, ნაკრებზე ზრუნვა ფეხბურთის ფედერაციის პირდაპირი მოვალეობაა. მეტი დაფიქრება, პროფესიონალიზმი და ეს 6 წაგება უამისოდაც ხელმოცარულ ჩვენს გუნდს ზედმეტ ტვირთად არ დააწვებოდა.
 
ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა. როცა საერთაშორისო მატჩს გეგმავ, არ უნდა დაგეზაროს და მეტოქეს უნდა აცნობო, რომ 21-წლამდელთა გუნდი მიგყავს ან კლუბების ნაკრები.
 
ქვეყნის პირველ გუნდს მოფრთხილება სჭირდება.
 
ფეხბურთი კი თამაშია, მაგრამ ეროვნული ნაკრები სათამაშო ნამდვილად არაა. 

კომენტარები