პრევენციის ეროვნული მექანიზმი ომბუდსმენის ანგარიშში

სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 519-გვერდიანი დოკუმენტის პირველივე თავში ომბუდსმენი სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ ვითარებას აღწერს. მონაცემები სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის სპეციალურმა ჯგუფმა, საპატიმროებში ვიზიტებისას შეკრიბა. 

ანგარიშში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის და დაკავებისას პოლიციისგან ძალის გადამეტების ფაქტებია განხილული. მოტანილია კონკრეტული პიროვნებების საქმეები, რომლებმაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე უამბეს. დაზარალებულთა ნაწილმა საკუთარი ვინაობის გამჟღავნებაზე თანხმობა განაცხადა. მათი საქმეები სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას გადასცა. 
 
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფიზიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთ მაგალითად, N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ახალ კორპუსში მსჯავრდებულების გადასვლის პროცესია მოყვანილი. პატიმართა თქმით, ისინი დაწესებულებაში ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებენ დაბა ქსნის N15 დაწესებულების ახლად აშენებული ნაწილის პატიმრებიც. როგორც ანგარიშიდან ჩანს, თანამშრომლები მსჯავრდებულებს უხეშად ექცეოდნენ. სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადმოყვანილ პატიმრებს მუხლებზე აყენებდნენ. ნებისმიერი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში კი, კარცერში მოთავსებასთან ერთად, მათ ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ. სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია პიროვნებების სახელები და გვარები, რომლებიც მსჯავრდებულებმა ყველაზე სასტიკად მიიჩნიეს. კოლექტიურ განცხადებას ხელი 161-მა პატიმარმა მოაწერა. 
 
ტაბულასთან საუბარში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ ანგარიშში მხოლოდ ვარაუდებია გამოთქმული, რასაც სამართლებრივი დადასტურება სჭირდება – „სანამ გამოძიების შედეგები არ გახდება ცნობილი, ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი ზედმეტია”. 
 
ამჟამინდელ გამოძიებას ომბუდსმენი არასათანადოდ და არაეფექტიანად მიიჩნევს. მიზეზად გამოძიების ფორმალურ ხასიათს, დაგვიანებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, ექსპერტიზის უგულებელყოფას და მხოლოდ დაინტერესებული პირების ჩვენებების გამოყენებას ასახელებს. ომბუდსმენის აზრით, ეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა შორის დაუსჯელობის სინდრომს აყალიბებს.
 
ანგარიშში დეტალურადაა განხილული ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა. თუმცა კვლავ ფუნქციონირებს დაწესებულებები, რომლებშიც, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო, დაკავებულთა მოთავსება  შეიძლება არასათანადო ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას გაუტოლდეს. ასეთად იგი თბილისის N1, ბათუმის N3, ზუგდიდის N4 და ხონის N9, აგრეთვე გორის, სამტრედიის, ხაშურისა და ცაგერის დროებითი მოთავსების იზოლატორებს მიიჩნევს. ანგარიშის მიხედვით, პრობლემები პირადი ჰიგიენის დაცვის თვალსაზრისით დანარჩენ დაწესებულებებშიც არის. მაგალითად, ზოგან საპონი და ტუალეტის ქაღალდი არასაკმარისია.
 
ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს ტატო ქელბაქიანი მძიმე მემკვიდრეობას უკავშირებს – „2006 წლის შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა ცხრა დაწესებულება. უახლოეს მომავალში დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი დაწესებულების აშენებაა დაგეგმილი, რაც საშუალებას მოგვცემს დავხუროთ ბათუმის, ზუგდიდისა და ხონის ძველი დაწესებულებები”. 
 
სახალხო დამცველი ვრცლად მიმოიხილავს სამედიცინო მომსახურების ხარვეზებსაც. ანგარიშის მიხედვით, პატიმრებისათვის სამედიცინო მომსახურება კვლავ მიუწვდომელია. შეზღუდულია მედიკამენტების სია, რაც განკურნების შანსს ამცირებს. დღემდე სიკვდილის მიზეზებს შორის პირველი ტუბერკულოზია. პრობლემად რჩება მკურნალობისა და პრევენციის საკითხი. ამ მხრივ წინგადადგმული ნაბიჯია დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ახალი, 1000-ადგილიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 2012 წელს დასრულდება. ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა კონცენტრირება ერთ შენობაში, დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს, დაავადებული პაციენტების მკურნალობის შანსს კი გაზრდის. 
 
 კიდევ ერთ პრობლემად ომბუდსმენი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობისა და გარდაცვლილების მაჩვენებლის გაზრდას  მიიჩნევს. ცხრამეტივე დაწესებულების ლიმიტი 24720-ია. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 2010 წლის 31 დეკემბრისთვის 23864 პატიმარი იყო. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2010 წლის განმავლობაში, ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობა 2009 წელთან შედარებით, 36 პროცენტით გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წელს 142 პატიმარი გარდაიცვალა. რაც, ომბუდსმენის შეფასებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.   
 
სახალხო დამცველი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს შესაბამის უწყებებს და საქართველოს პარლამენტს. საპარლამენტო კომიტეტებში ანგარიშის შესწავლა დაიწყო. დოკუმენტს ჯერ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საკომიტეტო მოსმენებზე, ერთი თვის შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები