ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორია გაიხსნა. მიზანი ადამიანებსა და ცხოველებში განსაკუთრებით საშიში ინფექციების აღმოჩენა, პათოგენებზე მეცნიერული კვლევების ჩატარება და ინფექციური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაა.

კვლევით ცენტრზე, რომელიც ინფექციურ დაავადებათა ზედამხედველობის ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ნაწილია, ასი მილიონი დოლარი დაიხარჯა. მსგავსი ტიპის ლაბორატორია კავკასიის რეგიონში ერთადერთია, მსოფლიოში კი – მეექვსე. 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის განცხადებით, ლაბორატორია საშუალებას მოგვცემს, გავაკონტროლოთ ეპიდემიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის.

 ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება რუსეთს ლაბორატორიის გახსნაზე, ამერიკის შეერთბული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე ენდრიუ ვებერმა უპასუხა. მან განაცხადა, რომ ეს რუსეთისთვისაც სასარგებლოა, რადგან პათოგენები პოლიტიკურ საზღვრებს არ ცნობენ. ამის მაგალითად ვებერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკიდან გავრცელებული H1N1 ვირუსი (ე.წ. ღორის გრიპი) მოიყვანა.
 
კვლევითი ცენტრი 8 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. აქედან 2 551 კვადრატული მეტრი უშუალოდ ლაბორატორიებს ეთმობა. ცენტრში ქართველები და ამერიკელები ერთად იმუშავებენ.
 
ამერიკის შეერთებული  შტატების საელჩოს ინფორმაციით, ახალდაარსებული ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა კვლევით ლაბორატორიებთანაც  - მათ შორის, ბანგკოკისა (ტაილანდი) და ნაირობის (კენია) ლაბორატორიებთან - ითანამშრომლებს. 
 
რა კვლევები უნდა ჩატარდეს ლაბორატორიაში , ამას მმართველი საბჭო გადაწყვეტს, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება. ლაბორატორიას ანა ჟვანია უხელმძღვანელებს. ის საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა - მათ შორის დაზვერვის სამსახურის უფროსად. 
 
 

კომენტარები