ძალადობის მსხვერპლნი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 95% ქალია. ძალადობის შედეგად უფრო მეტი ქალი კვდება, ვიდრე სიმსივნით, მალარიით, ავტო-საგზაო შემთხვევებში და ომის დროს ერთად. ყოველწლიურად, მსოფლიოში 5 ათას ქალს საკუთარი ოჯახის წევრი კლავს, ყოველ მესამეს კი სხვადასხვა სახის ძალადობა გამოუცდია. უმეტესწილად, მოძალადე  მისივე პარტნიორი მამაკაცია. 

ოჯახში ძალადობა ჯერ კიდევ პრობლემაა, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. ინდოეთში ამ მიზეზით ყოველდღიურად ოცდაორ ქალს კლავენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში – ოთხს, ევროპაში კი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან ძალადობას ყოველი მეხუთე ქალი განიცდის.  

ოჯახში ძალადობა საქართველოშიც პრობლემად რჩება. ეს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ ჩატარებულ ეროვნულ კვლევაშიც გამოჩნდა, სადაც 15-49 წლამდე ასაკის 2 400-მდე ქალი გამოჰკითხეს. აღმოჩნდა, რომ ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ძალადობის სხვადასხვა ფორმა 35%-მა განიცადა. 
 
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას გულისხმობს – ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით. აღსანიშნავია, რომ ქალების მიმართ ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ხორციელდება. მოძალადეების, ისევე როგორც მსხვერპლთა, ძირითადი ასაკი კი 25-44 წელია.  
 
გამოკითხული ქალების 80%-ზე მეტი ოჯახში განხორციელებული ძალადობის გამომწვევ მიზეზად უმუშევრობას, სიღარიბესა და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. ფსიქოლოგები მიგვითითებენ, რომ ეკონომიკური პრობლემები, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და სხვა სოციალურ-ეკონომიკური პირობები ძალადობისათვის ხელის შემწყობი ფაქტორებია. თუმცა მოძალადის მიზანი პარტნიორზე ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებაა. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაძლევისათვის საქართველოში – მენეჯერი, ირინა ჯაფარიძე ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემა საზოგადოების ნებისმიერ ფენაში გვხვდება. ეს განათლების დონის, ქონებრივი მდგომარეობის, ეთნიკური წარმოშობისა თუ აღმსარებლობის განურჩევლად ხდება.  
 
ოჯახში პრობლემების არსებობის მიუხედავად, ძალადობის მსხვერპლ ქალთა უმეტესობა დახმარებისთვის პოლიციას იშვიათად მიმართავს. ეს სტატისტიკაზეც აისახება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2008 წელს ოჯახში ძალადობის მხოლოდ 199 ფაქტია დარეგისტრირებული, 2009-ში 160,  2010-ში კი – 182. პრობლემა თავად საზოგადოების დამოკიდებულებაშიც რომ მდგომარეობს, ოფიციალური მონაცემებიც ცხადყოფს. ძალადობის შემთხვევები ძირითადად დედაქალაქში რეგისტრირდება, კვლევების მიხედვით კი ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია რეგიონებშიც, უბრალოდ, ნაკლებად ხმაურდება.
 
ქალთა 78.3% ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა მისი შიდა პრობლემაა და გარეთ გატანა დაუშვებელია. ქალები შედარებით ღიად საუბრობენ ძალადობის იმ ფორმების შესახებ, რომლებსაც სოციალურად მისაღებად მიიჩნევენ. მაგალითად მოჰყავთ ის, რომ ოჯახის წევრი ახლობლებთან ურთიერთობას უკრძალავს, ჩაცმის სტილს უკონტროლებს, ან სახლიდან გასვლას უზღუდავს. სამაგიეროდ, ისინი ცდილობენ, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ფაქტები დამალონ ან საკუთარი უსუსურობა გაამართლონ – ეს ცოლის მოვალეობაა, ქმრის სურვილი უნდა შეასრულოს, მიუხედავად თავისი განწყობისა. 34.1%, გარკვეულ შემთხვევებში, ქმრის მიერ ცოლის ცემასაც კი ამართლებს.
 
კანონმდებლობით, ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლს შეუძლია დახმარებისათვის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს (პოლიციას, სასამართლოს) მიმართოს. საპასუხოდ, შესაძლოა, მოძალადეს გარკვეული ქმედებები შეეზღუდოს. მას შემდეგ კი, რაც სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და იურისტისგან შემდგარი იდენტიფიცირების ჯგუფი მსხვერპლის სტატუსს მიანიჭებს, დროებით თავშესაფარში გადასვლის შესაძლებლობაც ექნება. დაზარალებული დაცულ ტერიტორიაზე იცხოვრებს – მოძალადისათვის უცნობ ადგილას. თავშესაფარში ერთგვარ სასათბურე პირობებს უქმნიან. თუმცა მხოლოდ სამ, მაქსიმუმ ექვს თვეს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი ქალები კვლავ დილემის წინაშე დგებიან – უნდა დაუბრუნდნენ უწინდელ ყოფას – მოძალადე ქმარს ან ახალი ცხოვრება დაიწყონ. ასეთ დროს მსხვერპლთა ნაწილი შეუჩვეველს ისევ „შეჩვეულ ჭირს” ამჯობინებს და რეაბილიტაციის შემდეგ ოჯახში ბრუნდება. 
 
ქმართან დაბრუნებას გამორიცხავს 36 წლის ლიკა, რომელიც უკვე სამი თვეა, სამ შვილთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობს. ამბობს, რომ იმ ადამიანთან ვერ დაბრუნდება, რომელიც სცემდა, სექსუალურად ძალადობდა, ლანძღავდა და ფანჯრიდან გახედვასაც კი უკრძალავდა. ცდილობს, ცხოვრება თავიდან დაიწყოს, თანადგომას კი თავშესაფრის თანამშრომლების გარდა ვერავისგან გრძნობს. ლიკასა და მისი შვილების მსგავსად, თბილისისა და გორის თავშესაფარში სულ რვა ქალი და ჩვიდმეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.

კომენტარები