საქართველო და 5 უძლიერესი

 26 მარტს ეროვნული ნაკრები ევრო 2012-ის შესარჩევში ხორვატიას უმასპინძლებს. სლავენ ბილიჩის გუნდი ჯგუფის ლიდერია და საუკეთესო ფეხბურთსაც თამაშობს, თუმცა საქართველოს განვლილი წლების მანძილზე ხორვატებზე ძლიერი მეტოქეებისთვისაც უმასპინძლია.

ჩვენ 5 საუკეთესოს გავიხსენებთ.
 
1. იტალია 2006
თბილისს პირველად ეწვია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი: საქართველოში ჩამოსვლამდე სამი თვით ადრე სკუადრა აძურამ მეოთხედ აღმართა ფიფას ოქროს თასი!
 
განახლებულ ეროვნულ სტადიონზე იტალიელებმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ითამაშეს: ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე გერმანია 2006-ის ტრიუმფატორი მარჩელო ლიპი რობერტო დონადონიმ შეცვალა.
მე-17 წუთზე დასანანი გოლი გავუშვით: დანიელე დე როსიმ საკმაოდ შორიდან უძლიერესად დაარტყა და მეკარე გიორგი ლომაიაც შეცდა – 0:1.
25-ე წუთზე ეროვნული კინაღამ დაინგრა: შეტევაში ჩართულმა მცველმა გიორგი შაშიაშვილმა იტალიელთა საჯარიმოს მარჯვენა კუთხეში ბურთი მიიღო თუ არა, მოხდენილად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1! გერმანია 2006-ის საუკეთესო მეკარე ჯიჯი ბუფონი კი გადახტა, მაგრამ გვიანი იყო.
 
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ სტუმართა უპირატესობა გაქრა, თუმცა მეორე ტაიმის საწყის წუთებში მსაჯმა საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა მეორედ გააფრთხილა, გააძევა და სტუმრებმაც გვაჯობეს: რამდენიმე წამში, 61-ე წუთზე, მაურო კამორანეზიმ მეორე გოლი გაიტანა ლომაიას კარში, ცხრა წუთში კი კიდევ ერთმა მსოფლიოს ჩემპიონმა შეაგდო – სიმონე პეროტამ მეკარის და დაცვის შეუთანხმებელი თამაშით ჩინებულად ისარგებლა.
 
11 ოქტომბერი, 2006. თბილისი, ეროვნული. 54.000
საქართველო 1:3 იტალია
იტალია: ჯ.ბუფონი, მ.ოდო, ფ.კანავარო (კაპ) (მ.მატერაცი 73), ა.ნესტა, ა.პირლო (ს.მაური 62), დ.დე როსი, ს.პეროტა, ჯ.ძამბროტა, მ.კამორანეზი (ვ.იაკუინტა 86), ლ.ტონი, ა.დი ნატალე
 
2. საფრანგეთი 2006
 
ევრო 2008-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრის შემდეგ ქართველმა გულშემატკივრებმა ხელი ჩაიქნიეს: საერთო აზრით, ავსტრია-შვეიცარიაში საქართველოს ნაკრების მოხვედრის შანსი მინიმუმამდე შემცირდა.
რატომ?
 
კლაუს ტოპმიოლერის გუნდს, ფარერებზე და ლიტვაზე რომ არაფერი ვთქვათ, უკრაინის, შოტლანდიის და რაც ყველაზე უარესია, იტალიის და საფრანგეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შემოდგომით თბილისი მსოფლიოს ჩემპიონს და ფინალისტს უმასპინძლებდა.
 
თავდაპირველად გერმანია 2006-ის ვერცხლისმედალოსანი ფრანგები გვესტუმრნენ. რაიმონ დომენეკის გუნდმა საწყის 16 წუთში ორი გოლი გაიტანა: მე-7 წუთზე ფლორენ მალუდამ, მე-16 წუთზე კი ლუის საამ.
 
თუმცა, მხოლოდ გოლებში არაა საქმე: ფრანგებმა ათი თავით აჯობეს საქართველოს ნაკრებს, მეორე ტაიმის პირველივე წუთზე მალხაზ ასათიანის უხეში შეცდომა და ავტოგოლი კი ჩვენ გუნდში გამეფებული სრული უუნარობის ლოგიკური დაგვირგვინება იყო – 0:3.
იმ დღეს საფრანგეთის ნაკრები შეუდარებელი იყო, კაპიტანი პატრიკ ვიეირა და ჩვენი მცველების რისხვა ტიერი ანრი კი, უბრალოდ ბრწყინვალე!
2 სექტებერი, 2006. თბილისი, ეროვნული. 54.000
საქართველო 0:3 საფრანგეთი
 
საფრანგეთი: გ.კუპე, ე.აბიდალი, ვ.გალასი, კ.მაკელელე (რ-ა.მავუბა 46), ფ.მალუდა, პ.ვიეირა (კაპ), ლ.ტურამი, ვ.სანიოლი, ტ.ანრი, ფ.რიბერი (ს.გოვუ 67), ლ.საა (ს.ვილტორი 84)
 
3. გერმანია 1995
 
იმ დროს საქართველოში ძალიან ბნელოდა...
 
ქართველებმაც, დღე-ღამეში ერთი-ორი საათით რომ მიეწოდებოდათ დენი, რატომღაც იფიქრეს, რომ ნაკრებს აუცილებლად უნდა დაემარცხებინა ბერტი ფოგთსის გაწვრთნილი გერმანია. ხალხმაც „საუკუნის მატჩი” გამოიგონა, უმრავლესობამ წინასწარ გაიხარა კარსმომდგარი ზეიმით, თუმცა მატჩის დასასრულს გახარებული არავინ იყო: სტუმრებმა 2:0 მოიგეს.
 
ბუნდესგუნდის კაპიტანმა და უდავო ლიდერმა იურგენ კლინსმანმა 24-ე და 45-ე წუთებზე ორჯერ აჯობა მეურვეებს და ზუსტი თავურებით მასპინძელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეს, აკაკი დევაძეს  გაუტანა.
 
ამ მატჩისადმი მიძღვნილ წერილში კიკერი წერდა: „ბოლო დროს პირველად მოხდა, რომ გერმანიის ჰიმნს არ უსტვინეს. პირიქით, ტაშიც კი დაუკრეს. საერთოდ, ასე გადაჭედილი სტადიონი არსად გვინახავს, ოღონდ თავიანთ გუნდს, 100 ათასი კაცის კვალობაზე, ერთობ უცნაურად ქომაგობდნენ”.
 
იმავე კიკერმა მასპინძელთაგან საუკეთესოდ კახი გოგიჩაიშვილი და გიორგი ქინქლაძე დაასახელა, ბუნდესგუნდიდან კი, რა თქმა უნდა, კლინსმანი.
ერთი წლის შემდეგ ის გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდა.
 
29 მარტი, 1995. თბილისი, ეროვნული. 110.000
საქართველო 0:2 გერმანია
 
გერმანია: ა.კეპკე, ტ.ჰელმერი, შ.როიტერი, ი.კოლერი, მ.ბაბელი, მ.ბასლერი, დ.აილტსი, რ.ვებერი (შ.ფროინდი 46), ა.მიოლერი, ი.კლინსმანი (კაპ), ჰ.ჰერლიხი
 
4. ინგლისი 1996
 
თამაში, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეიწირა – გლენ ჰოდლის ინგლისთან შინ მარცხის შემდეგ სფფ-მ ალექსანდრე ჩივაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
 
ნაცნობი სიტუაცია: მორიგი „საუკუნის მატჩი” და ღიმილისმომგვრელი „არგუმენტი” – „მაგათთან ყოველთვის კარგად ვთამაშობდით. გახსოვთ, დინამო-ლივერპული 79-ში”...
 
როგორ გავაჩეროთ მაკმანამანი? ქართველი სპეციალისტები მატჩამდე კარგა ხნით ადრე ცდილობდნენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, ათას ვარიანტს სთავაზობდნენ საშა ჩივაძეს, ჰოდლმა კი საერთოდ არ ათამაშა მაკმანამანი.
 
სამაგიეროდ, მოედანზე იყვნენ თბილისში პირად მცველთან ერთად ჩამოსული პოლ გესქოინი და დევიდ ბეტი, რომელმაც ჩვენი გუნდის ლიდერ გიო ქინქლაძეს ფეხი არ გაანძრევინა. მათთან ერთად კი დევიდ ბექემიც, რომლის ვარსკვლავიც სწორედ მაშინ ამოდიოდა.
გოლებზე რა ვთქვათ? კახა ცხადაძე და მურთაზ შელია უხეშად შეცდნენ: მე-15 წუთზე ტედი შერინგემმა გახსნა ანგარიში, 37-ე წუთზე კი ლეს ფერდინანდმა მეორე გოლი გაიტანა ირაკლი ზოიძის კარში. თამაშის მიწურულს მესამეს გადავურჩით – ვეტერანმა არსენალელმა იან რაიტმა ვერ ივარგა.
 
0:2 და გაუთამაშებელი ახალთახალი მერსედესი. კომპანია საველიჩმა ქართველთაგან გოლის ავტორს სწორედ ის აღუთქვა ჯილდოდ...
9 ნოემბერი, 1996. თბილისი, ეროვნული. 60.000
საქართველო 0:2 ინგლისი
 
ინგლისი: დ.სიმენი, ტ.ადამსი (კაპ), ს.კემპბელი, გ.საუთგეიტი, დ.ბეტი, ე.ჰინჩკლიფი, დ.ბექემი, პ.გესქოინი, პ.ინსი, ლ.ფერდინანდი (ი.რაიტი 82), ტ.შერინგემი
 
5. ბულგარეთი 1995
 
ერთი წლით ადრე ბულგარელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავეს, ევრო 96-ის შესარჩევისთვის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეს და ჩვენმა გუნდმაც სწორედ იმ ბულგარეთს სძლია!
 
შოთა არველაძემ პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში: გოჩა ჯამარაულის დიდებული პასის შემდეგ მეკარე მიხაილოვი მოხდენილად მოატყუა და ზუსტად დაარტყა – 1:0.
 
მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთხელ გავიხარეთ: კახი გოგიჩაიშვილი მცველებმა წააქციეს, გიო ქინქლაძემ კი პენალტი ზუსტად დაარტყა – 2:0.
88-ე წუთზე სტოიჩკოვმა თავისი მაინც გაიტანა – ერთი წლით ადრე ევროპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ხრისტომ მეკარე-მცველები დასაჯა – 2:1.
 
ბულგარეთის ნაკრები ასე ძლიერი არც მანამდე ყოფილა და არც მას შემდეგ.
11 ოქტომბერი, 1995. თბილისი, ეროვნული. 40.000
 
 
საქართველო 2:1 ბულგარეთი
 
ბულგარეთი: ბ.მიხაილოვი, კირიაკოვი, ტ.ივანოვი (ჩომაკოვი 60), ც.ცვეტანოვი, იანკოვი, ნ.სირაკოვი (დ.ბორიმიროვი 55), ე.კოსტადინოვი, ხ.სტოიჩკოვი, ლ.პენევი, კ.ბალაკოვი, ი.ლეჩკოვი. 

კომენტარები