ბაჰრეინის დიდი პრიზი: მშვიდობით თუ დროებით?

ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი 13 მარტის ნაცვლად 27 მარტს ავსტრალიის დიდი პრიზის გათამაშებით დაიწყება.
პირვანდელი განრიგით, 2011 წლის ჩემპიონატი ბაჰრეინის რბოლით უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელმა ბერნი ეკლსტოუნმა დიდი პრიზის გათამაშება დროებით გააუქმა.
 
„ამ გადაწყვეტილების მიღება, ცხადია, ადვილი არ იყო, მაგრამ შექმნილი მდგომარეობით ვიხელმძღვანელეთ და ჩავთვალეთ, რომ რბოლის გაუქმება საუკეთესო გამოსავალი იყო. ვესაუბრე ბაჰრეინის დიდი პრიზის ორგანიზატორებს, მათ კი მონაწილეთა უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია ვერ მომცეს. ასეთ დროს რისკზე წასვლა არ ღირს”, – განუცხადა ეკლსტოუნმა გაზეთ დეილი ტელეგრაფს.
 
მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის სეზონი ბაჰრეინის ნაცვლად ავსტრალიაში გაიხსნება, შესაძლოა, სპარსეთის ყურეში მდებარე ამ პატარა ქვეყანა-კუნძულმა დიდი პრიზის გათამაშებას მაინც უმასპინძლოს. ეკლსტოუნის თქმით, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ერთ-ერთის მიხედვით, ჯერ საბოლოოდ არაა დამტკიცებული 30 ოქტომბერს ინდოეთის დიდი პრიზის გათამაშება და ბაჰრეინმაც, შესაძლოა, სწორედ მაშინ უმასპინძლოს რბოლას.
 
გრან-პრის გაუქმება უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული, ერთ-ერთი პირველი კი, ცხადია, ფინანსური მხარეა: ფორმულა 1-ის მესვეურების გადაწყვეტილებით ძალიან იზარალეს ბაჰრეინის დიდი პრიზის სპონსორებმა, ქვეყნის საავტომობილო ფედერაციამ და ა. შ.
ბერნი ეკლსტოუნი: „რაც მოხდა, გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო, ჩვენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ეს იგივეა, ვთქვათ, მიწისძვრა მომხდარიყო და ტრასა დაენგრია. რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, ვხვდები, რომ ორგანიზატორები არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ხომ არსებობენ სადაზღვევო კომპანიები? ნუ დაგავიწყდებათ, რომ მომხდარით მხოლოდ ბაჰრეინში არ იზარალეს, ეს მთლიანად ფორმულა 1-ის სამყაროზეც უარყოფითად აისახა”.
 
2010 წლის 8 სექტემბერს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ 2011 წლის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც 20 რბოლა შევიდა. ფორმულა 1-ის ისტორიაში ეს რეკორდისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო – აქამდე ერთ სეზონში ამდენი დიდი პრიზი არასდროს გათამაშებულა. თუმცა, თუ წლეულს ბაჰრეინმა შეჯიბრებას ვერ უმასპინძლა, რეკორდი არ დაფიქსირდება.
 
27 მარტს, ავსტრალიის დიდი პრიზის შემდეგ, წლევანდელი ჩემპიონატის ეტაპებს ქვეყნები შემდეგი განრიგით უმასპინძლებენ: მალაიზია – 10 აპრილი, ჩინეთი – 17 აპრილი, თურქეთი – 8 მაისი, ესპანეთი – 22 მაისი, მონაკო – 29 მაისი, კანადა – 12 ივნისი, ესპანეთი (ევროპის დიდი პრიზი) – 26 ივნისი, დიდი ბრიტანეთი – 10 ივლისი, გერმანია – 24 ივლისი, უნგრეთი – 31 ივლისი, ბელგია – 28 აგვისტო, იტალია – 11 სექტემბერი, სინგაპური – 25 სექტემბერი, იაპონია – 9 ოქტომბერი, კორეა – 16 ოქტომბერი, ინდოეთი – 30 ოქტომბერი, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 13 ნოემბერი, ბრაზილია – 27 ნოემბერი.
 
2011 წლის ჩემპიონატში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ბოლოსთვის კი შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული გერმანელმა სებასტიან ფეტელმა მოიგო, კონსტრუქტორთა თასი კი მისმა გუნდმა, ავსტრიის რედ ბულ რეისინგმა.
 

კომენტარები