მაისურები და მილიონები

საფეხბურთო გრანდების ბიუჯეტი რამდენიმე ასეული მილიონი ევროთი განისაზღვრება, კარგი მენეჯმენტის წყალობით კი კლუბები ფინანსური წლის ბოლოს საბანკო ანგარიშებს კიდევ უფრო ზრდიან.

წამყვან ლიგებში გუნდს შემოსავლის უამრავი წყარო აქვს: სატელევიზიო უფლებების გაყიდვით დაწყებული, საკლუბო ჟურნალის და ოფიციალური სამატჩო პროგრამის გამოცემით დასრულებული. მაგალითად, მანჩესტერ იუნაიტედი საკლუბო ჟურნალს ჩინელი გულშემატკივრებისთვისაც გამოსცემს, მისი ტირაჟი კი თითქმის 3 მილიონს უტოლდება! და თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი ჟურნალის ფასი დაახლოებით 6 ინგლისური გირვანქაა, მიხვდებით, ერთ თვეში მხოლოდ ჩინეთში გაყიდული საკლუბო ჟურნალით კლუბს რამხელა შემოსავალი აქვს...

ფეხბურთი მხოლოდ სპორტი რომ აღარაა, ეს ყველამ დიდი ხანია იცის. მათ შორის, ტრანსკონტინენტალურმა კომპანიებმაც. და ამიტომაცაა, რომ ისინი ფეხბურთში ფულის დაბანდებას ცდილობენ. ცხადია, მეგაკომპანიებს საუკეთესო პირობები სურთ, ფეხბურთში საუკეთესო რეკლამა კი დასახელების ან ლოგოს მაისურზე გამოსახვაა – ამ უფლებას კლუბები სარფიანად ყიდიან.

საუკეთესო ათეულს ტურინის იუვენტუსი ხსნის: იტალიელებს ფრანგულ BetClic-თან 2012 წლის ჩათვლით აქვთ გაფორმებული კონტრაქტი და სანაცვლოდ წელიწადში 6,7 მილიონ გირვანქას იღებენ.

მეცხრე ადგილზეა მანჩესტერ სიტი: არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული ავიაკომპანია Etihad Airways 2009 წლიდან სეზონში 7,5 მილიონ გირვანქას იხდის და საკლუბო ცისფერ მაისურსაც მისი სახელწოდება ამშვენებს.

იტალიის ჩემპიონატის ლიდერი მილანი, რომლის სატიტულო სპონსორი მეორე არაბული ავიაკომპანია Fly Emirates-ია, სეზონში 9,8 მილიონს იღებს. სილვიო ბერლუსკონის გუნდმა შარშან გააფორმა ხუთწლიანი ხელშეკრულება.

მეშვიდე ადგილზეა ჩელსი: ლონდონური კლუბის მაისურს მეხუთე სეზონია კორეული Samsung-ის დასახელება ამშვენებს. კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ჩელსი სეზონში 10 მილიონ გირვანქას იღებს, ივნისში იწურება.

ლონდონის კიდევ ერთმა კლუბმა, ტოტენჰემ ჰოთსფურმა, ერთბაშად ორ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება: პრემიერლიგაში მაისურს Autonomy-ის ლოგო ამშვენებს, ჩემპიონთა ლიგასა და სათასო ტურნირებში კი Investec. რაც შეეხება შემოსავალს, ის სეზონში 12,5 მილიონი გირვანქაა.

მეხუთე ადგილზე მადრიდის რეალია. სამეფო კლუბის წინა სპონსორის BenQ-ის გაკოტრების შემდეგ ხელმძღვანელობამ საბუქმეიქერო კომპანია BWin-თან 2013 წლის ივლისამდე გააფორმა კონტრაქტი. სანაცვლოდ გუნდის საბანკო ანგარიში ყოველ სეზონში 16,8 მილიონი გირვანქით შეივსება.

ჩემპიონთა თასის ხუთგზის მფლობელ ლივერპულს ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე დანიური ლუდსახარშის Carlsberg-ის ლოგო ამშვენებდა, თუმცა 2009 წელს გაფორმებული კონტრაქტით, ენფილდროუდელთა მაისურზე Standard Chartered Bank-ის სახელწოდება გაჩნდა. შემოსავალი – 19,9 მილიონი გირვანქა სეზონში.

საუკეთესო სამეულს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბი მანჩესტერ იუნაიტედი ხსნის: ოლდტრაფორდელთა მესვეურებმა ზაფხულში კომპანია Aon-თან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, სანაცვლოდ კი 80 მილიონ გირვანქას მიიღებენ.
მიუნხენის ბაიერნი მეორეა: ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მობილური კავშირგაბმულობის კომპანია Deutsche Telekom შარშან ნოემბერში გაფორმებული შეთანხმებით კლუბს 2013 წლის ივლისამდე 71 მილიონ გირვანქას გადაურიცხავს.
და ბარსელონა?

პრეზიდენტმა სანდრო როსელმა საკლუბო ტრადიცია დაარღვია – ბარსელონას მაისურზე პირველად გაჩნდება რეკლამა! ყატარის მეცნიერების და განათლების განვითარების არაკომერციული ფონდის Qatar Foundation-ის ლოგო მომავალი სეზონიდან ხუთი წლით დაამშვენებს მაისურს, თითო სეზონში კი ბარსელონა 25 მილიონ გირვანქას მიიღებს!

კომენტარები