შემოქმედებითი ნგრევა რუსთაველის გამზირზე

შეაჩერეთ უკანონობა”, „დემონტაჟი – XXI საუკუნის ქართული კულტურა”, „შეწყვიტეთ შენობის ნგრევა”, „ნუ ებრძვით სტალინიზმს სტალინური მეთოდებით’’ – მანიფესტანტები გასულ კვირას, რუსთაველის 42-ში, ყოფილი ზარია ვოსტოკას შენობის წინ ტრაფარეტებზე დაწერილი ამ ლოზუნგებითა და სასტვენებით აღჭურვილნი მივიდნენ. ისინი შენობის უკანა ფასადის დემონტაჟს აპროტესტებდნენ.  მათი თქმით, პროცესში ნაგებობის ავთენტურობა ირღვევა, რაც უპატიებელი დანაშაულია ქალაქის წინაშე. საპროტესტო აქცია ტფილისის ჰამქარის ორგანიზებით გაიმართა. დაიგეგმა შემდეგი შეკრების დრო და ადგილიც – მანიფესტანტები მერიისკენ გადაინაცვლებენ. 

არქიტექტურის ისტორიკოსი, მაია მანია, აქციაზე არ ყოფილა, თუმცა, ამბობს, რომ ამ საკითხის გარშემო ხმაური მან ატეხა – „კონსტრუქტივისტული სტილის მნიშვნელოვანი ნამუშევრის დემონტაჟი ოქტომბერშივე შევნიშნე”, – წუხს სამხატვრო აკადემიის პროფესორი. ამის შესახებ მედიასაც ამცნო და თბილისის ჰამქარსაც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ე.წ. ზარია ვოსტოკაში ორჯერ იყო. მისი თქმით, წინა ფასადი და კოშკურის მოცულობა შერჩენილია. გვერდითა ფასადის ნაწილის დანგრევით კი ერთი თაღი უკვე დაიკარგა – „მხოლოდ ფასადის შენარჩუნება არ კმარა, მთლიანობაა გადასარჩენი. თუ სართულშუა გადახურვები, ჭერი, აივნების დეტალები, ალათები არ შევინარჩუნეთ, შენობის ავთენტურობაც დაირღვევა”.  
 
შენობა რომ დაზიანებულია და პირვანდელი იერსახე დაკარგული აქვს, მერიაშიც იციან. თუმცა ავთენტურობის რღვევის შესახებ პრეტენზიებს მტკიცედ უარყოფენ. მეტიც, თბილისის ვიცე-მერის, დავით ნინიძის თქმით, რესტავრაციის მიზანი არა შენობის დანგრევა, არამედ მისი პირვანდელი სახის აღდგენაა. როგორც ირკვევა, მოზაიკურ ლესვაში შესრულებული ფასადი საბჭოთა პერიოდში გადაღებეს, შენობის უკანა ფასადზე კი მინაშენები გაკეთდა. მისივე განცხადებით, ამჟამინდელი სარეკონსტრუქციო სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შეისწავლეს შენობის ისტორიული ნაწილი და შემდგომი პერიოდის ის მინაშენი, რომელიც ისტორიულ ღირებულებას არ წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, გადაღებილ ფასადს საღებავს მოხსნიან და იმ სახეს დაუბრუნებენ, რაც XX საუკუნის 20-იან წლებში ჰქონდა. მინაშენების სრული დემონტაჟის შემდეგ (გრიბოედოვის ქუჩის მხარეს) კი ძველი თბილისის იერსახის შესაბამისი შენობა აიგო. როგორც ვიცე-მერი ამბობს, ისტორიული ნაწილის შენარჩუნებით თავად ინვესტორიც დაინტერესებულია – საერთაშორისო ბრენდებისთვის ძველი და ისტორიული შენობა უფრო მიმზიდველი და მომგებიანია. მერიაში უკანა ფასადის განხილვა და პროექტის კორექტირება უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. გარეთა ვიზუალურ მხარეზე მუშაობა კი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. 
 
ყოფილი ზარია ვოსტოკას შენობის რესტავრაციის გარდა, პროექტის ფარგლებში ქართულ-ბრიტანულ საინვესტიციო კომპანია KAZMA-ს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის გაშენება და მიწისქვეშა ავტოსადგომის გაკეთებაც ევალება. სკვერს სკულპტურებით კონკურსში გამარჯვებული სამხატვრო აკადემიის სტუდენტები გააფორმებენ. რაც შეეხება ავტოპარკინგს, მერიაში ჯერჯერობით გეოლოგიურ დასკვნასა და კონსტრუქტორების შეფასებებს ელოდებიან – „დასკვნების შემდეგ მიწისქვეშა ავტოსადგომის იმ ვერსიას დავამტკიცებთ, რომელიც ამ უბნისთვის იქნება უსაფრთხო და მას ყველაზე მეტად მოერგება”, – ამბობს დავით ნინიძე.
 
შენობა, სადაც თავდაპირველად საბჭოთა გაზეთის „ზარია ვოსტოკას”, შემდეგ კი „მერანის” რედაქცია მდებარეობდა, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს 2007 წლიდან დაემშვიდობა. მთავარი მიზეზი, რაც მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს  განაპირობებს, არქიტექტურული თავისებურებაა. ზარია ვოსტოკას შენობა კონსტრუქტივიზმის ნიმუშად ითვლება. ეს არქიტექტურული მიმართულება XX საუკუნის 20-იან წლებში რევოლუციურ რუსეთში ჩაისახა და 30-იანი წლების ბოლომდე მეტად პოპულარული იყო, სოციალისტური რეალიზმის დამკვიდრებამდე. ავანგარდული მოძრაობა, რომელიც სივრცისა და გეომეტრიის განსხვავებული ხედვით გამოირჩეოდა, თავდაპირველად „ელიტისტობაში” და სოციალიზმისგან შორს მდგომი ხელოვნების წარმოებაში დაანადაშაულეს. ამის გამო ხელოვანთა ნაწილმა რუსეთი საერთოდ დატოვა, ნაწილი კი საბჭოთა სისტემასთან ადაპტირდა. საბოლოოდ, კონსტრუქტივისტული არქიტექტურა იქცა სოციალისტურ ალტერნატივად დევიზისა „ხელოვნება ხელოვნებისათვის”. შემდგომ პერიოდში ევროპულმა კავშირებმა რუს არქიტექტორებს გარკვეული აღიარება საბჭოთა კავშირის გარეთაც მოუტანა. ითვლება, რომ კონსტრუქტივიზმის გავლენაა გერმანულ ბაუჰაუსზეც. მიუხედავად ამისა, ეს მიმდინარეობა რუსეთის ექსკლუზიურ კუთვნილებად მიიჩნევა. „წმინდა ხელოვნების” უარყოფა და უტილიტარული დამოკიდებულება ხელოვნებისადმი, როგორც სოციალისტური სისტემის მშენებლობის ინსტრუმენტისადმი – კონსტრუქტივიზმის მთავარი იდეოლოგიაა.  
 
 ზარია ვოსტოკას თავდაპირველი პროექტის ავტორი, თბილისში მოღვაწე სომეხი ეროვნების ხუროთმოძღვარი, დავით ჩისლევია. ქართველი ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც შენობის ბედით არიან შეშფოთებულნი, მიიჩნევენ, რომ ის ქალაქის ღირსშესანიშნაობაა. თან, მათი აზრით, კარგად ასახავს, რამდენად ინტეგრირებულები ვიყავით მსოფლიო არქიტექტურასთან და არსებული ტენდენციები რამდენად მარტივად შემოდიოდა თბილისში. 
 
ბუნებრივია, შენობით ესთეტიკური ტკბობა ზედმეტად სუბიექტური კატეგორიაა და მყარ არგუმენტად არ გამოდგება. არც მსოფლიო არქიტექტურის ტენდენციებთან წვდომაა ეჭვშეუტანელი მოცემულობა: ისტორიის მოცემულ ეტაპზე საქართველოს სხვა არჩევანი არც ჰქონდა, თუ არა საბჭოეთში გავრცელებულ სტილთან ადაპტირება. 
 
ასეა თუ ისე, ოფიციალური პირების განცხადებით, შენობის ავთენტურობას მაინც არაფერი ემუქრება. რუსთაველის 42-ში მიმდინარე სამუშაოების მოწინააღმდეგეებს კი მერიის საიტზე გამოქვეყნებული პროექტის გეგმა არ მოსწონთ – მიიჩნევენ, რომ სრულიად ბუნდოვანი და შეუსაბამოა. მართალია, ამ „მსოფლიო არქიტექტურის ნიმუშის” შესახებ ინტერნეტქსელში ბევრს ვერაფერს იპოვით და მსოფლიოს ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ხუროთმოძღვართა შორის ვერც დავით ჩისლევის სახელს გადააწყდებით, მაგრამ ზარია ვოსტოკას გულშემატკივრები აღშფოთებასა და გულისტკივილს მაინც ვერ მალავენ. მაია მანიას თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ძეგლისა და გარემოს განადგურებას ნიშნავს, რადგან რუსთაველი და მიმდებარე ტერიტორია ასეთ მასშტაბურ პროექტს ვერ აიტანს. თუ აქციის მონაწილეები მიზანს ვერ მიაღწევენ, 2012 წლის დასაწყისისთვის რუსთაველის გამზირს კიდევ ერთი განახლებული შენობა შეემატება. 

კომენტარები