Banksy of England

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 30 ათასი წლის წინ, როდესაც ჩვენი წინაპრები გამოქვაბულის კედლებზე ძვლებისა და ბუნებრივი პიგმენტების საშუალებით გარშემო სამყაროსა და ნადირობის სცენებს ასახავდნენ, ვეჭვობ, რომ რომელიმე მათგანი ამ საქმიანობის არალეგალურობაზე დაფიქრებულიყო. თუმცა გავა ათასწლეულები და ჩვენს მაღალგანვითარებულ ცივილიზაციაში კედლებზე ხატვა და წერა კანონის საწინააღმდეგო საქმიანობად შეირაცხება; მაგრამ, როგორც ჩანს, კაცობრიობის ზოგიერთი თანდაყოლილი “ცუდი ჩვევა” მოქალაქეობრივი ვალის შეგრძნებაზე ძლიერი აღმოჩნდება და აკრძალვა კიდევ უფრო გაამძაფრებს საკუთარი შემოქმედებისა თუ უბრალოდ მოსაზრების კედლებზე აღბეჭდვის სურვილს. ასე მაგალითად, ბერლინის კედელზე როზა ლუქსემბურგის გამოსახულება, ლონდონის ქუჩებში – ანარქისტი ვირთხები, საქართველოში კი –„მართლმადიდებლობა, ან სიკვდილი!” (...) გამოჩნდება. შუალედში კიდევ იქნება სასიყვარულო ეპითეტები სატრფოს ფანჯრის რაფებზე (შუა საუკუნეებში), ეფესოში აღმოჩენილი პროსტიტუციის რეკლამა (მსოფლიოში თანამედროვე გრაფიტის სტილში შესრულებული პირველი ნამუშევარი. ანტიკური ხანა) და კიდევ მრავალი სხვა, მაგრამ “ქუჩის ხელოვნებად” ყველაფერ ამას მხოლოდ 20-ე საუკუნის ბოლოს – ენდი უორჰოლის, ბასკიას, ჰიპების თაობისა და დიადი და დაუსრულებელი პოსტმოდერნისტული ეპოქის დადგომის შემდეგ შერაცხავენ.

80-იან წლებში პირველად გამოჩნდება Bleck Le Rat-ის სტენსილ-გრაფიტები პარიზის ქუჩებში, რომელსაც კვალდაკვალ ნიუ იორკის, სიდნეისა და მელბურნის შენობების მოხატული კედლები მიჰყვება. მალევე ბრიტანულ ქალაქ ბრისტოლს ე.წ. აეროზოლის ბუმი მოიცავს და ჩვენი “უსახელო ნაბიჭვრის” (ასე მოიხსენიებს ბენკსის მელბურნის დილის გაზეთი), ანარქისტი ვირთხების, ცისფერი პოლიციელებისა და ბანანებით შეიარაღებული Pulp Fiction-ის პერსონაჟების ისტორიაც სწორედ აქ იწყება.

როგორც თვითონ ამბობს, სტენსილზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთხელ – პოლიციისგან მალვისას – კიბის ქვეშ კედელზე სტენსილის პრინციპით შესრულებული სერიული ნომერი შეამჩნია. მაშინ მიხვდა, რომ ეს ტექნიკა ღამით შრომას ბევრად აადვილებს: უკვე გამზადებულ ფორმებზე მხოლოდ საღებავის მისხმაა საჭირო და ნახატი მზადაა! აღარც სიბნელე უშლის ხატვაში ხელს და გასაქცევადაც მეტი დრო რჩება. რას ვიზამთ, რთულ სამუშაო პირობებთან ადაპტაცია უწევს; აბა, დღისით ხატვის ფუფუნება ვინ მისცა. ამიტომაც “ნახატის იმაზე სწრაფად შესრულებას” ცდილობს, “ვიდრე მას თვალი აღიქვამს დანახვისას”.

2003 წელს კი, მთავრობასთან ერთად, ცხოველთა უფლებების დამცველები და მორწმუნე კათოლიკეებიც საბოლოოდ გადაიმტერა: თავისი პირველი გამოფენის, “ეგზისტენსილიზმის” ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბებული წარმატების შემდეგ, ჯერ მოხატული ცხოველები, შემდეგ კი დედა ტერეზას პორტრეტი წარწერით “ამ ქალისგან საოცრად ბევრი რამ ვისწავლე – დატენიანება ყოველდღიურადაა საჭირო” – გამოფინა.


THE BANKSY EFFECT

“შეგიძლიათ, მთელი ჩემი ნაგავი ტეიტ მოდერნში შეყაროთ, გახსნაზე ქეით მოსი და ტონი ბლერი მოიწვიოთ და შამპანურის თანხლებით, ჩემს “შემოქმედებაზე” ისაუბროთ; მაგრამ ეს ვერასოდეს იქნება ისეთი მაგარი, როგორც ღამით იმ ადგილებში ხატვაა, სადაც ამის უფლება არ გაქვს”.

ფაქტია, რომ თავხედი ქუჩის მხატვრის მიმართ პროტესტი და მის შემოქმედებაზე მოთხოვნა ერთნაირად იზრდებოდა. სიტუაციამ ზენიტს ათი ფუნტის კუპიურაზე დედოფლის ნაცვლად პრინცესა დიანას პორტრეტისა და წარწერის BANK OF ENGLAND – BANKSY OF ENGLAND-ით შეცვლის შემდეგ მიაღწია. ყალბი ფული 2004 წელს ნოთინგ ჰილის კარნავალზე დარიგდა და მათი სიყალბეც მხოლოდ ხმარებაში ჩაშვების შემდეგ შეამჩნიეს. მოგვიანებით თითოეული მათგანი, პრინცესა დიანას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, მინიმუმ 100 ფუნტად გაიყიდა.  ერთ-ერთი კუპიურა 2007 წელს აუქციონზე 24 ათას ფუნტადაც კი შეიძინეს.

სწორედ ამ დროს მკვიდრდება ტერმინი “ბენკსის ეფექტი”, რომელიც პირველად ჟურნალისტმა მაქს ფოსტერმა ინკოგნიტო გრაფიტი-არტისტის გამოჩენის შემდეგ ქუჩის ხელოვნებისადმი მზარდი ინტერესის აღსანიშნად გამოიყენა.

ათფუნტიანი კუპიურების ისტორიას სოტბის აუქციონზე კრისტინა აგილერას მიერ ბენკსის ნამუშევრების 25 ათას ფუნტად შეძენა მოჰყვა.

მსოფლიო უბრალოდ გაგიჟდა ბენკსიზე! ერთ-ერთი აუქციონის შემდეგ, სადაც მისი 3 ნამუშევარი (ყველაზე ძვირი 97 ათას ფუნტად) გაიყიდა, ბენკსის ვებგვერდზე გამოჩნდა ნახატი წარწერით “ვერ ვიჯერებ, რომ ამ ნაგავს ყიდულობთ, იდიოტებო”.

დაცინვა, პროვოკაცია, პოზა, მარკეტინგი, PR – რაც გნებავთ, ის უწოდეთ – მაგრამ ბენკსის ეფექტი მართლაც ეფექტიანი აღმოჩნდა – ყოველ ახალ ქმედებას გაათმაგებული რეაქცია მოჰყვება: რიცხვების სიდიდე მისი ნამუშევრების ფასზე და აღშფოთება მთავრობის მხრიდან კვლავ ერთმანეთის პირდაპირპროპორციულად იზრდება; მათთან ერთად კი – ბენკსის მავნებლური შემართებაც!


EXIT THROUGH THE GIFT SHOP

“Prankumentary” (prank – ცელქობა, documentary – დოკუმენტური ფილმი) – ახალი სუბჟანრი, რომელსაც საფუძველი ბენკსის სარეჟისორო დებიუტმა დაუდო, – წერს ჟანეტ კასტულისი, გაზეთ New York Times-ის კინოკრიტიკოსი სანდენსის კინოფესტივალზე შემდგარი პრემიერის შემდეგ.

დოკუმენტური ფილმი, რომლის ფაქტობრივ სიმართლეშიც დარწმუნებული არავინაა, მსოფლიომ ბენკსის კიდევ ერთ ცელქობად აღიქვა და შესაბამისად, აღფრთოვანდა, აღშფოთდა, გააპროტესტა, იკამათა – ერთი სიტყვით, ავტორს კვლავ სასურველი მიზნისთვის მიაღწევინა.

ისტორია, რომელიც ლოს ანჯელესში მცხოვრები ფრანგი ემიგრანტის, ტერი გეტას თითქმის ავადმყოფობაში გადასული ჩვევის – ყველაფრის ვიდეოფირზე აღბეჭდვის – შესახებ მოგვითხრობს, ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. გეტას ობიექტივში თავიდან მისი ბიძაშვილი – მსოფლიოში ცნობილი ქუჩის მხატვარი, INVADER ხვდება, შემდეგ მას სხვა გრაფიტი-არტისტები ემატებიან, სანამ ბოლოს გეტა ბენკსის არ გაიცნობს. სწორედ აქ იწყება ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდება ვიდეოარტისტი შეპყრობილი, ფაქტობრივად, ფსიქიურად დაავადებული, რაც ბენკსის მისი მასალისგან საკუთარი ფილმის დამონტაჟებას, გეტასგან კი ახალი გრაფიტი-არტისტის, MR. BRAINWASH-ის შექმნას გადააწყვეტინებს.

არის ეს საავტორო ნამუშევარი, თუ უბრალოდ კიდევ ერთი “მოპარული” არტი, ამაზე მსოფლიო ჯერ კიდევ დავობს; ისევე, როგორც ბენკსის სახელზე, წარმოშობასა თუ საერთოდ, ვინაობაზე.

თვითონ “უსახელო ნაბიჭვარი” კი ამასობაში აუქციონებზე პიკასოსა და კანდინსკის ნახატებთან ერთად (იმავე ფასში) გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული ფულით, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლების დაცინვითა და მისგან ახალი პროვოკაციის მოლოდინში გაშტერებული საზოგადოებისთვის ჭკუის სწავლებით ირთობს თავს.

შეიძლება, ჩვენი მაღალგანვითარებული ცივილიზაციის რაფინირებული კულტურა იმდენად დაბერდა, რომ “ბავშვობაში” გადავარდა და თავის შექცევა კედლებზე ჩხაპნით დაიწყო. იქნებ, სამყარო უბრალოდ დაიღალა ამდენი სერიოზულობით და თვითგადარჩენის მიზნით, გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. ან ეგებ, მაზოხისტური მექანიზმი ჩაერთო და სწორედ ამიტომ აღმერთებს იმას, ვინც მის მეწვრილმანეობასა და ჩარჩოებში ყოფნას უსვამს ხაზს. ამაზე ჯერ კიდევ ბჭობენ, ბენკსი კი სერიოზული ტონით (აბა, სახე ვის უნახავს, თორე კი!) გვიკიდებს ნახატს, საიდანაც სკოლის რვეულის ბოლო გვერდზე უსაქმურობისგან დაჯღაბნილის მსგავსი კაცუნა ჩარჩოს ქვემოთ მიკრულ ასტრონომიულ რიცხვს (ფასს) გაოგნებული დაჰყურებს და გვეკითხება – “მეღადავებით?!”

კომენტარები