რუსული „სპრუტის” თაფლიანი ხაფანგი

ბრიტანელი დეპუტატის რუსი თანაშემწის ჯაშუშობაში მხილებამ „ყველაზე პრორუსი პარლამენტარის” რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენა. ჯაშუშურმა სკანდალმა ბრიტანელებს ცივი ომი გაახსენა. ისინი დაფიქრდნენ, რამდენად დაცულია ქვეყნის უსაფრთხოება იმ პირობებში, როდესაც რუსეთი დასავლეთის ქვეყნების სახელისუფლებო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში აგენტურის ჩანერგვას, ასევე ევროპის პოლიტიკურ ლიდერებზე უშუალო ზეგავლენის დამყარებას აქტიურად ცდილობს.  

გაერთიანებული სამეფოს კონტრდაზვერვის სამსახურმა 5 დეკემბერს პარლამენტის წევრის, ლიბერალ-დემოკრატ მაიკ ჰენკოკის თანაშემწე, 24 წლის კატია ზატულივეტერი დააკავა. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი და დეპორტაცია ემუქრება. ჰენკოკი პარლამენტის ქვედა პალატის თავდაცვის კომიტეტის წევრია და კლასიფიცირებულ დოკუმენტებზე მიუწვდება ხელი. ამას, გამოძიების მონაცემებით, კატია ზატულივეტერი ბრიტანეთის თავდაცვის სისტემაზე ინფორმაციის მოსაგროვებლად იყენებდა.

ჰენკოკის მტკიცებით, სამსახურში მიღებამდე მისი მომავალი თანაშემწე კონტრდაზვერვამ შეამოწმა. თუმცა, როგორც ბრიტანულმა Guardian-მა გაარკვია, ზატულივეტერს ანტიდასავლური პოლიტიკური შეხედულებები სამსახურში მიღებამდე არ დაუმალავს. კერძოდ, 2008 წელს ბრიტანეთის თავდაცვის ფორუმისთვის დაწერილ ნაშრომში ის წერდა, რომ რუსეთი „იძულებული გახდა” საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოეყენებინა, კონფლიქტი კი აშშ-სა და NATO-ს მიერ იყო პროვოცირებული.

კატია ზატულივეტერი რამდენიმე თვის განმავლობაში არასამთავრობო უფლებადაცვით ორგანიზაცია Article 19-ში სტაჟირებას გადიოდა. ეს ორგანიზაცია საკუთარ მიზნებად გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების მხარდაჭერას აცხადებს. რუსი სტუდენტი ევროპის პროგრამაში თანამშრომლობდა, რომელიც  საქართველოსაც მოიცავს. დასავლეთის ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ის  უფლებადაცვით და სამეცნიერო წრეებში შეღწევა რუსეთის „გავლენის აგენტების” ჩვეული პრაქტიკაა.

რაც შეეხება ჰენკოკს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ზოგიერთი კოლეგა მას „მთელ დასავლეთ ევროპაში ყველაზე პრორუს” პოლიტიკოსს ღიად უწოდებდა. ისინი ეჭვებსაც გამოთქვამდნენ, რომ ბრიტანელის პრორუსულობა მოსკოვისგან ფინანსდებოდა. ჰენკოკის მიერ რუსული რეჟიმის ქება მის კოლეგებს ზოგჯერ შოკში აგდებდა.

რუსეთის დასაცავად ჰენკოკმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, 2008 წლის აგვისტოში განსაკუთრებით გამოიდო თავი. „რა მოხდებოდა, რუსეთი რომ არ ჩარეულიყო, საქართველოს კი მშვიდობიან მოქალაქეთა დახოცვა გაეგრძელებინა. ვიღაცას ეს მკვლელობები უნდა შეეჩერებინა”,  _  განაცხადა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ჰენკოკმა და ისიც დასძინა, რომ კრემლი საკუთარი ქმედებებისთვის მადლობას იმსახურებს. 

ჰენკოკის ევროპელი კოლეგები იმასაც იხსენებენ, რომ ბრიტანელი დეპუტატი თანაფრაქციელებთან შეხვედრებზე ახალგაზრდა რუსი გოგონების თანხლებით მიდიოდა.

Daily Telegraph-ი 64 წლის დეპუტატის კიდევ ერთი რუსი „პროტეჟეს” ვინაობას ასახელებს. ეს 25 წლის ეკატერინა პადერინაა, რომელიც ბრიტანეთში სტუდენტური ვიზით მოხვდა და 50 წელს მიღწეულ ბრიტანელ მეზღვაურზე გათხოვდა. ხელისუფლება ამ ქორწინებას ფიქტიურად მიიჩნევდა, ცოლ-ქმარს პრობლემები გაუჩნდა და მათ დახმარებისთვის ჰენკოკს მიმართეს. გაზეთის ინფორმაციით, ჰენკოკმა წყვილის პრობლემები მოაგვარა, თუმცა პადერინასთან რომანი გააბა. საქმე განქორწინებით დასრულდა, ჰენკოკმა კი პადერინა თანაშემწედ აიყვანა.

ახალგაზრდა ქალებით გატაცებული პარლამენტარის ამბავმა ბრიტანელებს ცივი ომის დროინდელი სკანდალი გაახსენა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ პროფიუმო 1963 წელს მეძავ კრისტინ კელერთან კავშირში ამხილეს, რომელიც, იმავდროულად, რუსეთის სამხედრო ატაშეს საყვარელი იყო. სპეცსამსახურებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ კელერი რუსებისთვის მუშაობდა და მინისტრისგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას რუსებს აწვდიდა. კელერისთვის ბრალის წაყენება საკმარისი სამხილების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა, ის მხოლოდ ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაადანაშაულეს და ცხრათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროფიუმო  მეძავთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, საბოლოდ, ამ  ფაქტის აღიარება და თანამდებობიდან გადადგომა მოუხდა. მოგვიანებით პოსტი პრემიერ-მინისტრმა ჰაროლდ მაკმილანმაც დატოვა.

ცივი ომის დროინდელი ყველაზე მძიმე ჯაშუშური ისტორია ბრიტანეთისთვის კიმ ფილბის ამბავი გახდა, რომელიც საბჭოთა დაზვერვაზე ჯერ კიდევ 1933 წლიდან მუშაობდა. 1940 წელს მან კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა და საბჭოთა მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ფილბიზე ეჭვი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა 1951 წელს, საბჭოთა ჯაშუშური ქსელის ე.წ. „კემბრიჯის ხუთეულის” (რომელშიც ფილბიც შედიოდა) ორი წევრის – საგარეო უწყების თანამშრომლის დონალდ მაკლინისა და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლის გაი ბერჯესის ჩავარდნის შემდეგ მიიტანეს. თუმცა, ფილბის წინააღმდეგ სამხილების წარდგენა ვერ მოხერხდა. იგი ბრიტანულ დაზვერვაში 1963 წლამდე მუშაობდა, რის შემდეგაც ბეირუთიდან მალულად საბჭოთა კავშირში გაემგზავრა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე პერსონალურ პენსიაზე ცხოვრობდა.

როგორც ჩანს, ცივი ომის დასრულების შემდეგ ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა ყურადღება მოადუნეს – პრესა აღნიშნავს, რომ მოსკოვის მხრიდან საფრთხეს ლონდონი სერიოზულად აღარ აღიქვამდა. თუმცა, რუსული დაზვერვის შესაძლებლობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გარკვეულწილად, გაიზარდა კიდეც – დასავლეთის ქვეყნებს უამრავი მიგრანტი მოაწყდა, რომლებიც, როგორც ზატულივეტერის შემთხვევა მოწმობს, სახელისუფლებო  სტრუქტურებში ინფილტრაციასა და ინფორმაციის მოპოვებასაც ახერხებენ. 

რუს არალეგალ მზვერავებთან ერთად დასავლეთის ქვეყნებში, სავსებით ლეგალურად, რუსულმა კაპიტალმა შეაღწია. ხელისუფლებასთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების საკუთრებაში ბრიტანეთის არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბები, არამედ გავლენიანი გამოცემებიც გადავიდა – რუსმა ბიზნესმენმა ალექსანდრ ლებედევმა ჯერ გაზეთი Evening Standard-ი, შემდეგ კი Independent-ი შეიძინა.  

თუ რამდენად ძლიერია რუსული გავლენა დასავლეთის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკაზე, გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრედერის მაგალითიც მოწმობს. ის ჩრდილოეთის ნაკადის მშენებლობაზე კონტრაქტის გაფორმებას ლობირებას უწევდა. 2005 წელს,  კანცლერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, სწორედ ჩრდილოეთის ნაკადის კონსორციუმის ხელმძღვანელი გახდა, ხელფასის სახით კი წელიწადში 1,5 მილიონი ევრო დაენიშნა.

ამ ფაქტმა გერმანიის პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გუიდო ვესტერველემ ყოფილი კანცლერი კორუფციაში ღიად დაადანაშაულა. შრედერმა მას სასამართლოში უჩივლა, რომელმაც ვესტერველეს ამ ბრალდების გამეორება აუკრძალა.

ჩრდილოეთის ნაკადთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სკანდალს ადგილი  ფინეთში 2008 წელს ჰქონდა. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტაპიო ლიპონენი გაზპრომთან გარიგებაში დაადანაშაულეს. იგი კონსულტაციებს უწევდა ჩრდილოეთის ნაკადის კონსორციუმს, რომელსაც ფინეთისგან ნებართვა ესაჭიროებოდა. ლიპონენი იმაში დაადანაშაულეს, რომ რუსული პროექტის გარემოს დაცვაზე ზემოქმედების დადებითი დასკვნის მოპოვებაში მან მთავრობაში საკუთარი კავშირები გამოიყენა.

რუსეთის ინტერესების გატარებას ევროპაში გაზპრომის კიდევ ერთი პროექტი – სამხრეთის ნაკადი ემსახურება. შეთანხმებას კონსორციუმის შექმნის შესახებ 2008 წელს რუსულმა მონოპოლიამ და იტალიურმა კონცერნმა ENI-იმ მოაწერეს ხელი. 2008-2010 წლებში შეთანხმებები პროექტის რეალიზაციაზე ბულგარეთთან, სერბეთთან, უნგრეთთან და ავსტრიასთან გაფორმდა.

2009 წლის ივნისში ბულგარეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ნაბუქოს პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით რუსულ პროექტში მონაწილეობას წყვეტს. თუმცა, 2010 წლის ნოემბერში ბულგარეთის ახალი პრემიერის ბოიკო ბორისოვისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ფარგლებში სამხრეთის ნაკადში ბულგარეთის ჩართვაზე ახალი შეთანხმება გაფორმდა. 

 Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაცია იტალიის ხელისუფლებაზე რუსეთის ზეგავლენის გამო შეშფოთებული იყო. ამერიკული დიპლომატიური მიმოწერის თანახმად, იტალიის საგარეო პოლიტიკა იმაზეა მიმართული, რომ „რუსეთს უარი არაფერზე უთხრას”. სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ იტალიის მთავრობა გაზის კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე, ევროპის ენერგოუსაფრთხოების საერთო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.  

იტალიური მედია და ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ რუსეთთან გაზის კონტრაქტების გაფორმებით სილვიო ბერლუსკონი პირადად ფინანსურად იყო დაინტერესებული.

2004 წელს ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის როლანდას პაკსასის იმპიჩმენტი დაამტკიცა – გამოძიებამ დაადგინა, რომ პრეზიდენტი რუსულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობდა, მისგან დაფინანსებას იღებდა და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასაც აწვდიდა.

2004 წლიდან 2009 წლამდე კი უნგრეთის მთავრობას ფერენც დურჩანი ხელმძღვანელობდა. ამ უკანასკნელის მთავრობა ღიად პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა და მოსკოვისთვის მომგებიანი ენერგეტიკული გარიგებების გაფორმებას ცდილობდა. 

მოსყიდვებისა და ჯაშუშობის გარდა, კრემლი ევროპაში საკუთარი ინტერესების გატარებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებითაც ცდილობს. ამისთვის მას ევროპულ საპარლამენტო ინსტიტუტებსა თუ მედიაში აქტიური მხარდამჭერები ეგულება.

კომენტარები