რუსეთი 2018: პასუხი ყველა კითხვაზე

მსოფლიოში მხოლოდ ორი საიდუმლო ორგანიზაცია დარჩა – ფიფა და კგბ, – ეს სიტყვები ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ტერი ვენეიბლზმა 3 დეკემბერს განაცხადა.

ერთი დღით ადრე, 2 დეკემბერს, ფიფამ მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატის მასპინძლები დაასახელა – რუსეთი და ყატარი.

ინგლისელებს სჯეროდათ, რომ 2018 წელს უდიდეს საფეხბურთო ტურნირს მიიღებდნენ. წინასწარი გამოკითხვით, მათი პროექტი საუკეთესო იყო, თუმცა ფიფამ ეს უფლება რუსეთს გადაულოცა: აღმასრულებელი კომიტეტის 22 წევრიდან ფეხბურთის სამშობლოს მხოლოდ ორმა დაუჭირა მხარი და ბრიტანული პროექტიც პირველივე ტურში ჩავარდა...

ჩანს, ფიფასთვის სიტყვა „დემოკრატია” უცხოა. წარმოუდგენელია, რომ ინგლისმა მხოლოდ ორი ხმა მიიღო, – ეს უკვე მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გახლავთ.

კიდევ შეიძლება უამრავი სახელგანთქმული ბრიტანელის მოხმობა, მაგრამ საჭირო არაა. ისედაც ნათელია, რომ ნისლიან ალბიონზე ფიფას გადაწყვეტილებით, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაღიზიანდნენ.

ბრიტანული პრესა არა და არ ცხრება. პერიოდულად ქვეყნდება სტატიები, სადაც ფიფას დიდმოხელენი მექრთამეებად არიან მოხსენიებულნი, გაზეთ სანისთვის მიცემულ ინტერვიუში კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მესვეურებთან დაახლოებულმა მავანმა ქომაგმა საინტერესო დეტალები გაამხილა: ციურიხში, ფიფას შტაბბინაში ჩასულ ბრიტანელთა დელეგაციას – მეგა-ვარსკვლავი დევიდ ბექემი, პრინცი უილიამი, პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი – აღმასრულებელი კომიტეტის შვიდმა წევრმა მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა მეორე დღეს ხმა სხვას მისცა. ხსენებული წყარო შვიდეულსაც ასახელებს: ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი ტრინიდადი და ტობაგოდან, ამერიკელი ჩაკ ბლეიზერი, გვატემალელი რაფაელ სალხერო, კორეელი ჩანგ-მუნგ იუნი, კვიპროსელი მარიოს ლეფკარიტისი, თურქი შენეშ ერზიკი და კოტდივუარელი ჟაკ ანუმა.

ინგლისელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ფიფას აღმასკომის ამ და კიდევ რამდენიმე წევრმა თავიანთი ხმა უნამუსოდ მიჰყიდა რუსეთს. სახელდება სავარაუდო ქრთამიც: 60 მილიონი გირვანქა და თანხის წყაროც – ლონდონში დაფუძნებული რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი. გაერთიანებულ სამეფოში აბრამოვიჩის ციურიხში გამოჩენას უკვე უწოდეს „პასუხი ყველა კითხვაზე”.

თავიანთი მოსაზრების გასამყარებლად ჟურნალისტებმა ვიცე-პრეზიდენტ ჯეკ უორნერის სიტყვებიც მოიხმეს, რომელიც მან კენჭისყრამდე ორიოდ კვირით ადრე, ფიფასთან დაკავშირებული სკანდალების გამო თქვა: „ევროპაში ინგლისი არავის უყვარს. კი, ფეხბურთი იქ მოიგონეს, მაგრამ მერე რა? მათ ამ სპორტის განვითარებისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებიათ”.

რაც შეეხება სკანდალებს, ყველაფერი BBC-ს გადაცემა პანორამით დაიწყო: ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე ინგლისელებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მონაწილე აღმასკომის რამდენიმე წევრმა ქრთამის სანაცვლოდ თავისი ხმა გაყიდა.

ვეჭვობ, რომ მომხდარზე უარყოფითი გავლენა იქონია ინგლისელი ჟურნალისტების აქტიურობამ პრესასა და ტელევიზიაში, რასაც ფიფას იმიჯის შელახვა მოჰყვა, – იაპონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯინჯი ოგურამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას, ინგლისის პროექტის ჩავარდნა ხსენებულ გადაცემას დააბრალა. ლონდონში ვარაუდობენ, რომ სწორედ ოგურა იყო ის ერთადერთი ხმოსანი, რომელმაც ფეხბურთის ასოციაციის მესვეურის ჯეფრი ტომპსონის მხარდამხარ, მათ კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

ვისაც მოქრთამვა დაუმტკიცდა, დაისაჯა კიდეც. ეს თემა ამოწურულია. რაც შეეხება მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატებს, მასპინძლები დასახელებულია და ამ საკითხზე საუბრის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ვხედავთ, – ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პოზიცია გასაგებად გამოხატა.

კომენტარები