თავისუფლების მრუდე ექო

რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლების სათავო, ინგლისურენოვან საიტზე შემსვლელებს, ერთი უსიამოვნო ფაქტი მოსჭრიდა თვალს. რადიოს დაფარვის ზონის გაფართოებაზე დასმული კითხვის პასუხად, ახალი ქვეყნების ჩამონათვალში, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ფიგურირებდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ასეთი ჟურნალისტური „აღიარება” განსაკუთრებით მოულოდნელი და უცნაური ჩანდა იმ რადიოს მიერ, რომელიც წლებია, მსოფლიოს 21 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში თავისუფალი სიტყვისა და დასავლური დემოკრატიის პრინციპებს ემსახურება. შეგახსენებთ, რომ რადიოს აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. აშშ-ის ოფიციალურ ტერმინოლოგიაში კი უკვე კარგა ხანია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ ტერმინი „ოკუპირებულია” დამკვიდრებული.
 
ტაბულასთან საუბარში რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის უფროსმა  დავით კაკაბაძემ ამ ფაქტს შეცდომა უწოდა. მსმენელთა რეაგირების გამო დღეისთვის ეს „შეცდომა” გამოსწორდა, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. საიტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დღეს ტერმინი „განდგომილი რეგიონები” გამოიყენება. 
 
რადიო თავისუფლების სათავო, ვაშინგტონის ოფისში, კომუნიკაციის ასოცირებულმა დირექტორმა მარტინს ზვანერმა ტაბულას განუცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ტერმინების „განდგომილი” (breakaway regions)  ან „თვითგამოცხადებული” (self-proclaimed republics) გამოყენება მათი სარედაქციო პოლიტიკაა. ნებისმიერი სხვა სტატუსი რადიო თავისუფლების პოზიციად არ უნდა აღვიქვათ. ზვანგერმა განმარტა, რომ რადიო თავისუფლების პროექტებში ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ჟურნალისტების მიერ მოწოდებულ მასალებში მათ მიერ ადგილზე გამოყენებული ტერმინები გვხვდება. საიტზე მასალებს ტერმინებთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტება აქვს დართული.
 
 ეს მასალები ძირითადად რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებული რუსულენოვანი რადიო ეხო კავკაზას ეთერში და საიტზე არის განთავსებული. განმარტებები რადიოში არ კეთდება. 
 
რადიო თავისუფლებას ტერმინოლოგიისადმი მსგავსი მიდგომა, საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის ქვეყნების ოკუპირებისას არ ჰქონია. მისი სარედაქციო პოლიტიკა მაშინ სსრკ-ს მმართველთა გულის მოსაგებად არც აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკას დაპირისპირებია. ეთერში ვერც ადგილობრივი ჟურნალისტების მიერ საოკუპაციო რეჟიმებისა და ოკუპანტების სასარგებლოდ მომზადებულ მასალებს მოუსმენდით.  მაშინდელი რადიო, დღევანდელის მსგავსად, არადემოკრატიული რეჟიმების მძევლად არ ქცეულა. სწორედ მსგავსმა სარედაქციო პოლიტიკამ შექმნა მისი ავტორიტეტი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გაშუქების პრაქტიკამ, შესაძლოა, დარტყმის წინაშე დააყენოს.     
 
ამ დღეებში რადიო ეხო კავკაზას მიმართ საქართველოს რუსულენოვან მედიაში და ინტერნეტში კითხვები გაჩნდა. პრეტენზიები გაშუქების კონკრეტულ მაგალითებს მოიცავს. ინტერნეტში არაერთი მასალა გამოქვეყნდა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ არის დარღვეული მხარეთა ბალანსი კონფლიქტის გაშუქების დროს, როგორც წესი – არა საქართველოს პოზიციის სასარგებლოდ. 
 
მსგავსი „შეცდომები”, ცხადია, ხალხების დაახლოებისა და ობიექტური რუსულენოვანი ინფორმაციის გავრცელების დეკლარირებულ იმ მიზანს ნაკლებად ემსახურება, რომლითაც 2009 წელს რადიო თავისუფლებამ ეხო კავკაზა დააფუძნა.  თბილისში უკვე გაისმა კითხვა: საინტერესოა, ვინ უკვეთავს მუსიკას რადიოში, რომელსაც, ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს? 

კომენტარები