პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება

პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკის პროტესტის ნიშნად იტალიის ხელისუფლების ხუთმა წევრმა თანამდებობა დატოვა. ამან კიდევ უფრო გაამწვავა იტალიის სახელისუფლებო კრიზისი. ნავარაუდევია, რომ კრიზისს მთავრობის გადადგომა მოჰყვება. 

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა და ყოფილმა ნეოფაშისტმა ჯანფრანკო ფინიმ თავისი პარტიის შეხვედრაზე განაცხადა: „ბერლუსკონიმ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური გამბედაობა და გადადგეს. წინსვლა შეუძლებელია, დაკარგული დროის დასაწევად საჭიროა პოლიტიკის მთლიანად შეცვლა”. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინი და მისი მომხრეები მმართველი ხელისუფლებიდან გამოსვლით დაიმუქრნენ.
 
როგორც მოსალოდნელი იყო, ბერლუსკონი არ დათანხმდა მოთხოვნას. მან განაცხადა, რომ არ აპირებს საკუთარი ინიციატივით მსგავსი ნაბიჯის გადადგმას და მზადაა დატოვოს თანამდებობა თუ ამას მთელი პარლამენტი დაუჭერს მხარს. შედეგმაც არ დააყოვნა – ფინიმ ხუთი თანამოაზრე გაიწვია თანამდებობიდან. 
 
კვირინალის სასახლეში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე იტალიის პრეზიდენტმა, ჯორჯო ნაპოლიტანომ, სენატის თავმჯდომარე რენატო სკიფანიმ და ჯანფრანკო ფინიმ გადაწყვეტილება მიიღეს. ხელისუფლებისადმი ნდობის საკითხი პარლამენტში მხოლოდ 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისა და ეგრეთ წოდებული სტაბილურობის კანონის მიღების შემდეგ განიხილება. ეს უკანასკნელი ეკონომიკური კრიზისის საწინააღმდეგოდ გადაუდებელი ზომების მიღებას ითვალისწინებს. ცერემონიალის შემდეგ სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ უნდობლობის ვოტუმის გამოტანის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. პრემიერის ოპოზიცია კი ცდილობს, რომ ვადამდელი არჩევნები გადაწიოს და მანამდე დროებითი მთავრობა შეიქმნას, რომელიც საარჩევნო კანონს შეცვლის.
 
The Wall Street Journal-ის მონაცემებით იტალიის სახელმწიფო ვალი მშპ-ს 115%-ს ანუ 1,7 ტრილიონ ევროს შეადგენს. ეს ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელია მსოფლიო მასშტაბით. Reuters-ის მიხედვით, ევროს ზონის 27 ქვეყნიდან იტალიას ვალის მოცულობით პირველი ადგილი უჭირავს. 
ასეთ ვითარებაში სახელისუფლებო კრიზისი იტალიის საერთო სურათს კიდევ უფრო ამწვავებს. საბოლოოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ 13 დეკემბერს ბერლუსკონი პარლამენტის ორივე პალატის წინაშე წარდგება და უკვე მომდევნო დღეს, 14 დეკემბერს ნდობის ვოტუმი შედგება. სენატში ბერლუსკონის მომხრეები უმრავლესობას შეადგენენ, მაგრამ ქვედა პალატაში ფინისთან განხეთქილების  შემდეგ პრემიერი უმცირესობაში რჩება. თუ ბერლუსკონი ვერ „ჩააბარებს ტესტს”, ის იძულებული იქნება დატოვოს თანამდებობა. 
The New York Times-ი მიმდინარე მოვლენებს ასე აღწერს: „განწყობები იტალიაში არსებითად შეიცვალა – ჩვეული პოლიტიკური თეატრიდან იმპერიის დასასრულამდე”. რა თქმა უნდა, აქ ბერლუსკონის იმპერია იგულისხმება, რომელიც იტალიურ პოლიტიკაში 1994 წლიდან დომინირებს. ბოლო დროს ბერლუსკონის პოპულარობა და პოლიტიკური წონა მნიშვნელოვნად დაეცა და დღეს ფინი, ისე როგორც არასდროს გრძნობს, რომ პრემიერის იმპერია შეუძლია დაამხოს. პრემიერს კარგად ახასიათებს Repubblica – „მისმა წებომ ძალა დაკარგა”! 
 
74 წლის პრემიერ-მინისტრის გარყვნილი პირადი ცხოვრების მრავალფეროვანი დეტალებით ამომრჩევლები უკვე დაიღალნენ. ბერლუსკონი უმოქმედოა არა მარტო მაშინ, როდესაც ნეაპოლი ეფლობა სანაგვო კრიზისში ან პომპეის ნანგრევები იმყოფება გაქრობის ზღვარზე, ის უუნაროა მაშინაც, როდესაც იტალიის სახელმწიფო ვალი 1,7 ტრილიონ ევროს აღწევს. 
 
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები! ნუთუ „ბებერი მაჩო” ისევ შეძლებს ოპონენტების დამარცხებას?! 

კომენტარები