„სხვისი’’ შვილები

უკვე რვა წელია, რაც ანასა და დათოს ცხოვრებაში ერთი დიდი პრობლემა არსებობს – უშვილობა. გინეკოლოგთან არაერთი ვიზიტის და გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმთავრესი შემაფერხებელი ორგანიზმების შეუთავსებლობაა. როგორც ექიმები ვარაუდობენ, შესაძლოა, ანა ოდესმე დაფეხმძიმდეს კიდეც, მაგრამ წყვილისთვის ვარაუდების დრო დამთავრდა – „მე 35-ის ვარ, დათო 41-ის, მინდა მთელი ჩვენი ენერგია პატარას აღზრდაში დავხარჯოთ, წლები კი გადის... ამიტომ გადავწყვიტეთ ბავშვი ვიშვილოთ”. მშვილებელთა რეესტრში უკვე დარეგისტრირდნენ და 1500-ზე მეტ წყვილთან ერთად, სანატრელ დღეს უცდიან. ლოდინი დიდხანს მოუწევთ, რადგან მშობლად ყოფნის ბედნიერება, რამდენიმე წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
2010 წლის 1 მარტს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა, სადაც ყველა ის შენიშვნა არის გათვალისწინებული, რაც ძველი კანონის მიმართ, სამწუხაროდ, უხვად არსებობდა. მაგალითად – უსასრულო ლოდინი. 2009 წელს სოციალურმა მუშაკებმა რეესტრის მონაცემებს გადახედეს და აღმოჩნდა, რომ სიაში 1997 წელს დარეგისტრირებული ის მოქალაქეებიც იყვნენ, რომლებიც რიგის მოლოდინში მშვილებელთა ასაკის მაქსიმალურ ზღვარს გადასცდნენ. მათ ამდენი წელი, სანატრელი დღის მოლოდინში სრულიად უშედეგოდ გაატარეს.
2009 წლამდე, მშობლისთვის სტატუსის ჩამორთმევას რამდენიმე თვე სჭირდებოდა. შვილის მიტოვების შემთხვევაში მშობელი გაშვილებაზე თანხმობას წერილობითი ფორმით ორჯერ – მიტოვებისას და ექვსი კვირის შემდეგ – ამბობდა. დროში გაწელილი პროცედურა ხშირად ირღვეოდა და ბავშვი, გაშვილების სტატუსის გარეშე, ფაქტობრივად ჰაერში რჩებოდა მანამ, სანამ პროცესი თავიდან არ დაიწყებოდა. ახალ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, ბავშვი იმ შემთხვევაშიც გაშვილდება თუ მშობელი ბავშვთა სახლში მყოფ შვილზე არ იზრუნებს ანდა ბავშვის მიტოვების ფორმის შევსებით პასუხისმგებლობას მოიხსნის. იმ შემთხვევაშიც, თუ მიტოვებული პატარას ვინაობის დადგენა ექვსი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდება.
განვითარებულ ქვეყნებში, აღსაზრდელი, რომელიც ვერ შვილდება, უმეტესწილად მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებაში ან მიმღებ ოჯახში ცხოვრობს, სადაც ოჯახური გარემო ექმნება. საქართველოში კი ბავშვთა სახლებში 1300-მდე მოზარდი ცხოვრობს, რომლებიც არა მხოლოდ ოჯახურ სითბოს, არამედ ხშირ შემთხვევაში, ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს არიან მოკლებულნი. საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სახლებში რთული ვითარებაა. ბევრ ბავშვთა სახლში, პატარებს ისეთ გარემოში უწევთ ცხოვრება, სადაც გათბობის სისტემა მოუწესრიგებელია, დარღვეულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, უხარისხოა კვება და ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ საკმარისი ტანსაცმელი. რიგ შემთხვევებში პატარები სრულწლოვანების ასაკს ბავშვთა სახლებში აღწევენ, წასასვლელი არსად აქვთ და მათი სამომავლო პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს დირექტორის, თამარ მახარაშვილის თქმით, ბავშვთა სახლებში აღსაზრდელებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ხელობის შემსწავლელი წრეების დახმარებით ამზადებენ. მიუხედავად ამისა, ამჟამად ბავშვთა სახლებში ოცდაათამდე სრულწლოვანი ცხოვრობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თვრამეტ წელს გადაცილებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს 70-ლარიანი პენსია დაენიშნათ, ხოლო 240 უმეურვეო პატარას – 55 ლარი. იმისათვის, რომ ბავშვთა სახლებიდან მათი გაყვანა მოხერხდეს, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით საერთო საცხოვრისები აშენდება. ასეთი საცხოვრისი უკვე არსებობს მარტყოფში, სადაც სრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ცხოვრობენ.
ბავშვებზე ზრუნვის სამსახურის უფროსის, ეკა სანებლიძის თქმით, მართალია, მშვილებლები ბავშვის სქესს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ, მაგრამ რეგისტრირებულთა უმეტესობას ოთხ წლამდე ასაკის ჯანმრთელი ბავშვის აყვანა სურს. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის შვილად აყვანა იშვიათად თუ მოუნდება ვინმეს. კანონმდებლობით, თუ ბავშვს საქართველოში რვა თვის განმავლობაში არ გამოუჩნდა ოჯახი, მოთხოვნის შემთხვევაში, უცხოეთის მოქალაქეზე გააშვილებენ. 2008 წლის პირველ მაისამდე კანონმდებლობით ვადის შეზღუდვა არ არსებობდა და ამიტომ, უცხოეთში მრავალი პატარა გაშვილდა. საკანონმდებლო რეგულაციამ უცხოელ მოქალაქეებზე გაშვილებულთა რაოდენობა 150 ბავშვიდან 1 ბავშვამდე შეამცირა (2009 წელი).
მშობელი ირჩევს ბავშვს, მაგრამ პატარა ოჯახს ვერ აირჩევს. საბოლოო ჯამში, პატარას ბედი ბავშვზე ზრუნვის სამსახურსა და მოსამართლის კეთილგონივრულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. განცხადების შევსებიდან 25 დღის განმავლობაში სოციალური მუშაკი მიდის მშვილებლის სახლში და პოტენციურ მშობლებს ფსიქოლოგიური მდგომარეობის, შემოსავლის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. შეფასებაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა წყვილი რეკომენდაციას შვილად აყვანის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მოსამართლე იღებს. მას შემდეგ, რაც პატარა გაშვილდება, ბავშვზე ზრუნვის სააგენტო აღსაზრდელზე პასუხისმგებლობას იხსნის. სანებლიძის თქმით, სოციალურ მუშაკებს უფლება არ აქვთ მშობლისა და შვილის ურთიერთობა გააკონტროლონ – „კონტროლის მექანიზმი არ გვაქვს და ეს არცაა საჭირო. მაშინ ნებისმიერი ოჯახი უნდა ვაკონტროლოთ. თუ ინფორმაცია გვექნება, რომ ბავშვის უფლებები ირღვევა, ამ შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას”. საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში კი იმ ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტებული ორგანო – რომლის მოქალაქეზეც მოხდა გაშვილება – ბავშვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურად გზავნის ინფორმაციას.
შვილად აყვანის ერთადერთ კანონიერ გზას, რომელიც მოთმინებას მოითხოვს, ბევრი განსხვავებულ ხერხებს ამჯობინებს. „იოლი” მშობლობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ახალშობილებით ვაჭრობაა. საქართველოში 2009 წელს სამართალდამცავებმა ჩვილი ბავშვებით ვაჭრობისთვის 27 ადამიანი ამხილეს. მსგავსი შემთხვევა სამი თვის წინ, ხონში, ჩვილის გაყიდვაში ეჭვმიტანილი 9 პიროვნების დაკავებით დასრულდა.
ანასა და დათოს უთხრეს, რომ დარეგისტრირებულთაგან თითოეულ ოჯახს საშუალოდ ოთხ წელზე მეტ ხანს უწევს მოცდა. მიუხედავად ამისა, ანა ბავშვის მიტოვების ნებისმიერ, ტელევიზიით გაშუქებულ ამბავს ქმარს ატყობინებს და თან ყურადღებით ყოფნას სთხოვს – რა იცი, როდის დარეკავენ! ტახტზე ფაქიზად დაწყობილი საბავშვო ტანსაცმელი პატარა პატრონს ელის. წეროები კი ჯერ ისევ ფიქრობენ, ვინ დაიმსახურა ბავშვი.

კომენტარები