www.biofood.ge

ორგანული მეურნეობა იმ უხსოვარ დროში გაჩნდა, როდესაც ადამიანმა შემგროვებლობასა და ნადირობას თავი ანება და საარსებო საშუალების ახალ მოწყობას - მეცხოველეობასა და მებაღეობას, სხვადასხვა კულტურის მოშენებას მიჰყო ხელი. 1950-იანი წლებიდან ბუნებრივი, ორგანული პრაქტიკა პროდუქციის გაზრდით მოტივირებულმა ინდუსტრიულმა მიდგომამ ჩაანაცვლა. ინდუსტრიული მიწათმოქმედების დანერგვამ სინტეთიკური ქიმიკატების - ჰერბიციდების (სარეველა ბალახის საწინააღმდეგო ქიმიური ხსნარი), პესტიციდების (მწერებთან ბრძოლის ქიმიური საშუალება) და არაორგანული სასუქების გამოყენება დანერგა. მასობრივი პროდუქციის მეთოდები სწრაფად გავრცელდა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. 1970-იანი წლებიდან ზოგიერთი ექსპერტი ინდუსტრიულად წარმოებული პროდუქციის უარყოფით ასპექტებზე ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ ინდუსტრიული კულტივირების პროცესში გამოყენებულ ქიმიკატებს სერიოზული გავლენა აქვთ არა მხოლოდ ბუნებრივ გარემოზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც. დასაწყისში ორგანულ მეურნეობას ეწეოდა ენთუზიასტთა მცირე ჯგუფი, რაც თანდათან, მზარდი მოთხოვნილების პირობებში, ინდუსტრიად იქცა. დღეს ორგანული მეურნეობა მკაცრ სახელმწიფო კონტროლსა და რთულ საერთაშორისო სერტიფიცირების წესებს ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სკეპტიკური გამოკვლევები, რომლის მიხედვითაც ორგანულ და ინდუსტრიულ პროდუქციას შორის არც ისე დიდი სხვაობაა, ზოგადად ითვლება, რომ ორგანულად მოწეულ პროდუქტს, ინდუსტრიულთან შედარებით, რამდენიმე აშკარა უპირატესობა აქვს: ტოქსინების დაბალი შემადგენლობა, ვიტამინების მაღალი შემცველობა, უკეთესი, უფრო ბუნებრივი ფაქტურა და გემო. ევროპულ ბიოინდუსტრიასთან შედარებით გაცილებით მცირე მასშტაბით, მაგრამ ორგანული მეურნეობა საქართველოშიც იკიდებს ფეხს. ტაბულა ერთ-ერთ პიონერ ორგანულ ფერმერს, www.biofood.ge-ს დამფუძნებელსა და დირექტორს - დავით ჩაჩანიძეს გაესაუბრა.

- როგორ ჩამოყალიბდა თქვენი კომპანია და რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

- პროფესიით ჰომეოპათი ვარ, მაგრამ ბოლო ათი წელია, ბიოლოგიურ მეურნეობაში ვმოღვაწეობ. თავიდან ეს მცირე ექსპერიმენტებით, სულ მარტომ დავიწყე. მერე მეგობრები შემოვიამხანაგე და წარმოებისთვის აუცილებელი საჭირო თანხა ერთად მოვიძიეთ. შედეგად ბიოლოგიური მეურნეობა საწარმოო დონეზე ავიყვანეთ. ჩვენ გვაქვს მიწები სოფელ თამარისსა და მარნეულში. იქვე ჩამოვაყალიბეთ კვლევითი საწარმო, მეურნეობა, გავაშენეთ დაახლოებით 1200კვ.მეტრი ფართობის სათბური და სამი წლის მანძილზე ვატარებდით ექსპერიმენტებს მიწაზე. გვაინტერესებდა, რამდენად შეგვეძლო მიწის რეაბილიტაცია, რეანიმაცია და განოყიერება. ლაპარაკია ჰუმუსის შრის შექმნაზე. ჰუმუსი არის ნივთიერება, რომელსაც მცენარე საჭიროებს განვითარებისთვის - მასა, რომელსაც მცენარე მიწიდან ითვისებს. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ, შეგვიძლია ისეთი ნივთიერების შექმნა, რომლის მისხურების შედეგად მცენარე იწყებს ინტენსიურ ზრდას. იცვლება მცენარის იმუნური სისტემა, ავადმყოფობის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ხდება. მცენარის სუნი, ფერი და ნაყოფის გემო სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივად მოყვანილი ნაყოფისგან. ჩვენთან ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის ფართო არჩევანია: კიტრი, ხახვი, მწვანე ხახვი, ბოლოკი, სტაფილო, ჭარხალი, ყველანაირი სალათა, ბროკოლი, ხის სოკო, კალნაბი. ასევე ვთავაზობთ რძის პროდუქტებს, კვერცხსა და ღვინოს.

- როგორ უვლით მცენარეებს?

- მცენარეებს ვრგავთ მაღალ კვალზე, ანუ ფოთლებს არ აქვთ კონტაქტი მიწასთან. მცენარის ფოთლებსა და ნიადაგს შორის არის ფენა - ნამჯა, ნახერხი, თივა ან, უკიდურეს შემთხვევაში, აგროპოლიეთილენი, რითაც ვაღწევთ იმას, რომ ნიადაგიდან რაიმე დაავადება არ გავრცელდეს მცენარეზე. გარდა ამისა, ვიყენებთ ჰომეოპათიურ საშუალებებს მცენარის დასაცავად მწერებისა და ბაქტერიებისგან. ნეშომპალას დაშლის პროცესი, რომელიც ბუნებრივად, წლების მანძილზე ხდება, ჩვენთან რამდენიმე კვირაში მიიღწევა. მერე ეს მასა თხევად ფორმაში გადაგვყავს - წყალში ვაზავებთ და მცენარეს ვასხურებთ. ამ მეთოდით, რაც პირადად ჩემი გამოგონებაა, ვცვლით სასუქსა და სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებს.

- როგორც ვიცი, ნიადაგის მოვლის მეთოდებიც განსაკუთრებულია.

- დიახ. მიწა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჯიჯგნოს. უნდა გაფხვიერდეს ზემოდან და მოეყაროს ორგანული მასა იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ აორთქლებას და ნიადაგი ორგანულ მასად იქცეს. მცენარის ფოთლები არ უნდა ეხებოდეს ნიადაგს. ცარიელი მიწა ყოველთვის სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციის წყაროა. ამიტომ ბიომეურნეობაში ჩვენ ვთესავთ გაშლილად. თითქმის გამორიცხულია კონტაქტი ნიადაგთან. ითესება კულტურული მცენარეები: კამა, ნიახური, ოხრახუში. შემდეგ ირგვება კიტრი, პომიდორი და სხვა ბახჩეული კულტურები. სალათებში ცოტა ძნელია ბევრი მწვანილის დათესვა. ამიტომ იქ ვყრით ნამჯას. რომ გადახედოთ, ნიადაგს ზემოდან ხალიჩასავით აქვს გადაფენილი თივა და ნასვრეტებში სალათა ამოდის.

- თუ, მაგალითად, სალათა დათესილია კამის გვერდით, მას კამის გემო ექნება?

- გემო არა, მაგრამ არომატი ექნება. არის ხავერდა ყვავილი, რომელიც ძალიან ჰგავს ზაფრანას. პომიდორთან ერთად რომ დათესო, გარდა იმისა, რომ გემოს აძლევს, კარგი დამცავიცაა.

- მოიხმართ თუ არა ნაკელს და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ის ორგანული სასუქი?

- ნაკელი ორგანულ სასუქად ჩაითვლება, თუ ის სპეციალურად დამუშავდება. ჩვეულებრივ ნაკელს მოჰყვება სარეველას თესლი, ნაწლავის ჩხირი და უამრავი სხვა ინფექცია. ამიტომ ჩვენ კატეგორიულად არ ვხმარობთ. თუ ცხოველს ჩაუტარდა ვაქცინაცია, მისი ნაკელი ორგანულად ვერ ჩაითვლება.
- თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებს შორის არის თხის რძე და კამეჩის მაწონი. ეს პროდუქტებიც ბიორძის პროდუქტია?

- დიახ. კამეჩებთან და თხებთან მუშაობა ამ მხრივ შედარებით ადვილია, რადგან ეს ცხოველები ბუნებრივად სუფთები და ძლიერები არიან. ასე რომ, იოლია მათი მკურნალობაც. მაგალითად, ძროხას იმუნური სისტემა იმდენად დაქვეითებული აქვს, რომ ძალიან ძნელია ფერმერი დაიყოლიო, ცხოველი გადაიყვანოს ბიოპრინციპებზე.

- ჩამონათვალში გაქვთ კურდღელი და იხვიც. ჩვენ ორივე გავსინჯეთ. კურდღელი კარგი გამოდგა, იხვის ხორცი კი მაგარი იყო.

- დიახ, ამიტომაც ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ბიოსაკურდღლე. იხვზე სულ ახლახან ვთქვით უარი, რადგან ის, როგორც არ უნდა გაზარდო, ხორცი მაინც მაგარი რჩება.

- ეგრეთ წოდებული ჭოპორტის პომიდორი გემრიელი, მაგრამ ნაკლებად გამძლეა. ხომ არ ემუქრება ამ ჯიშს უფრო გამძლე და ტრანსპორტირებადი ჯიშებით ჩანაცვლება? ხშირად მომხმარებელი უკმაყოფილოა პომიდვრის იმ ჯიშებით, რომელიც ჩვენთან თურქეთიდან შემოდის.

- როდესაც ადამიანი პომიდორს სარეალიზაციოდ აწარმოებს, ბუნებრივია, ფიქრობს პროდუქტის ტრანსპორტირებაზეც. შესაძლებელია, უკეთესი ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მიზნით, მან დაუმწიფებელი პომიდორიც მოკრიფოს. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას ადგილობრივი რეალიზაციის მიზნით, აქ მასშტაბები იმდენად მცირეა, რომ, არ მგონია, ეს აუცილებელი იყოს.

- არსებობს თუ არა საშიშროება, რომ მომავალში ადგილობრივი ბიოპროდუქტი ისე გავიდეს საქართველოდან, რომ ქართველმა მომხმარებელმა გემოც ვერ გაუსინჯოს?

- არსებობს და ასეთი მოძრაობა უკვე შეინიშნება. მე ვესაუბრე ერთ-ერთი დიდი სათბურის მეპატრონეს, რომელიც გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობს. მისი ერთჰექტარიანი ბიოლოგიური მეურნეობიდან მოწეული პომიდორი წელს მთლიანად პირდაპირ გერმანიაში გავა. ასე რომ, ამ ტენდენციამ, შესაძლოა, ადგილობრივი მომხმარებელი დააზარალოს. ბუნებრივია, ქართველი მომხმარებლისთვის მიუღებელია ის ფასები, რომელსაც ევროპელი მომხმარებელი გადაიხდის.

- ნუთუ შეუძლებელია ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის ბაზარში ყიდვა?

- ამას წინათ ერთმა ქალბატონმა მითხრა: „რაში მჭირდება თქვენი ბოსტნეული, როცა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ბაზარში ვყიდულობ”. ბაზარი ბაზარია და იქ ყველანაირი პროდუქტი იყიდება. არასდროს არ იცი, რა პირობებშია ის მოწეული, რა შხამ-ქიმიკატებია გამოყენებული. ხშირია ნიტრატებისა და ტოქსინების დაუშვებლად დიდი რაოდენობა ბოსტნეულში. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ვინმეს ბუნებრივი და სუფთა პროდუქტიც ჰქონდეს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით ამის გარჩევა შეუძლებელია. ჩვენთან შეკვეთის შემთხვევაში, კლიენტმა იცის, რომ ყიდულობს მკაცრად გაკონტროლებული მეთოდით მოწეულ პროდუქტს. ჩვენს მიერ გამოყენებული ეს მეთოდები პროდუქტის გემოსა და ხარისხზე აისახება.

- თქვენ არ გაქვთ მაღაზია. ვინ არიან თქვენი კლიენტები?

- ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვირტუალური მაღაზია, სადაც პროდუქტებს გვიკვეთავენ და ჩვენ ადგილზე მიგვაქვს. ჩვენი კლიენტები ძირითადად ის ადამიანები არიან, ვისაც უცხოეთში უცხოვრია და იცის ბიოპროდუქტების გემო.


ბიოლოგიური მეურნეობა
პროდუქტის სახლში მიტანით
დევიზი: არც ერთი გრამი ქიმიური ნივთიერება ჩვენს მიწაზე
ტელ: 141 999
პროდუქტი: ბოსტნეულის ფართო არჩევანი, კურდღელი, სოფლის კვერცხი, თხის რძე, კამეჩის მაწონი, ხის სოკო, ბიოღვინო - საფერავი
ბიომეურნეობები: სოფელი თამარისი, უფლისციხე (ქართლი) ართანა (კახეთი)
შეკვეთის ფორმა: ტელეფონით ან ინტერნეტით, შეკვეთების სახლში მიტანა - ხუთშაბათობით, 18:00 საათის შემდეგ
ბარათები: არ მიიღება
ფასი: 35 ლარის შეკვეთის შემთხვევაში სახლში მიტანა უფასოდ
email: [email protected]
www.biofood.ge





 

კომენტარები