ნაცრისფერი ბავშვობა

მრავალი წელია, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების აღზრდისთვის ბავშვთა სახლები აღარ ითვლება საუკეთესო გარემოდ. განვითარებულ ქვეყნებში აღსაზრდელები მეტწილად მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში ან მიმღებ ოჯახებში ცხოვრობენ, სადაც მშობლიური ოჯახის მსგავსი გარემო ექმნებათ. გაეროს ბავშვთა ფონდ იუნისეფის (UNICEF) წარმომადგენლის, აარონ გრინბერგის აზრით, ბავშვთა სახლებში აღსაზრდელთა რაოდენობის შემცირება საქართველოსთვისაც პრიორიტეტი უნდა იყოს. დიდი დაწესებულებები „მოზარდებს ვერ მისცემენ იმ სიყვარულს, რომელსაც ოჯახისგან მიიღებენ,” - მიაჩნია ამერიკელ სპეციალისტს.
ხუთი წელია, რაც საქართველოში ბავშვთა სახლების თანამედროვე ალტერნატივები ინერგება. დეინსტიტუციონალიზაციის შედეგად ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა რაოდენობა უკვე 3-4-ჯერ შემცირდა. 28 დაწესებულებაში ამჟამად 1300-მდე მოზარდი იმყოფება. რაოდენობის მკვეთრი კლების მიუხედავად, აღსაზრდელების დიდი ნაწილი ჯერაც მძიმე პირობებშია. საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, ბავშვებს ისეთ გარემოში უწევთ ცხოვრება, სადაც გათბობის სისტემა მოუწესრიგებელია, ირღვევა სანიტარიულჰიგიენური ნორმები, უხარისხოა კვება და არ აქვთ საკმარისი ტანსაცმელი.
ქართულ ბავშვთა სახლებში მწვავე პრობლემებია იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მათი დაფინანსებისა და მომარაგების ერთადერთი წყარო არ არის. ადგილობრივი კომპანიებისა და ენთუზიასტთა ჯგუფების გარდა, მოზარდებს იუნესეფისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, იუესეიდის (USAID) მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან. მხარდაჭერას ბავშვთა სახლები უშუალოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც იღებენ, ტრენინგებისა და ჰუმანიტარული დახმარების სახით.
მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია ფირაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ „პირველადი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების” დაკმაყოფილებისთვის არის საკმარისი. თუმცა, სახალხო დამცველის ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, ისიც ძნელი სათქმელია, რა შეიძლება ვიგულისხმოთ „პირველად საჭიროებებში”, ან სიტყვა „საკმარისი” როგორ უნდა გავიგოთ. კიდევ უფრო ზოგადია სააგენტოს დირექტორის, თამარ მახარაშვილის კომენტარი. „ვიდრე ამ სფეროში ჩავიხედავდი, მეგონა, რომ სახელმწიფო მცირე თანხას გამოყოფდა, მაგრამ ნამდვილად სოლიდური თანხა იხარჯება,” - აცხადებს მახარაშვილი. „სოლიდური თანხა”, მისი ინფორმაციით, ათ მილიონ ლარს შეადგენს. შესაძლოა, ასეთი დაფინანსება მართლაც საკმარისია ბავშვთა სახლების სრულფასოვანი მომარაგებისთვის, მაგრამ ფული არასწორად იხარჯება. სხვა შემთხვევაში, უნდა ვიკითხოთ, რაში გვარგია თანხის აბსტრაქტული „სოლიდურობა”, თუ არც ხარისხიან კვებას ყოფნის და არც ტანსაცმელს.
ფირაშვილი უარს ამბობს იმ თანხის დასახელებაზე, რომელსაც სააგენტო არასაბიუჯეტო წყაროებიდან - დონორებისა და ქველმოქმედებისგან იღებს. მისი თქმით, ეს მონაცემები არასაჯაროა. იურისტი ნუგზარ კუპრეიშვილი განმარტავს, რომ სააგენტოს აქვს უფლება, დამალოს სპონსორების ვინაობა, თუ ამას თავად სპონსორები ითხოვენ, მაგრამ შემოსული თანხების ოდენობა საჯარო ინფორმაციაა. თუ საქმე არამიზნობრივ ხარჯვაში არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ სააგენტოს თანამშრომლებს უხერხულობას უქმნის სახელმწიფო და გარე დაფინანსებების თანაფარდობა, ან, უბრალოდ, კანონებს არ იცნობენ.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სახლების მენიუებში ჭარბობს ნახშირწყლები, ხოლო ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები არასაკმარისია. სწორი რაციონის შესადგენად აუცილებელია ექიმის თანამონაწილეობა, თუმცა, ზოგიერთ დაწესებულებაში, მათ შორის, სურამსა და ტაშისკარში, მენიუს შედგენაში მხოლოდ ადმინისტრაცია და მზარეული მონაწილეობენ. სურამში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ხუთი დღის განმავლობაში ერთი და იგივე კერძები ხვდებოდათ.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეული აღსაზრდელის კვებაზე დღეში 3-4 ლარი იხარჯება. თანხა რეგიონისა და სეზონის მიხედვით ვარირებს. მახარაშვილი ამბობს, რომ მათ ფილიალებში მენიუ მრავალფეროვანია - „ყოველდღიურად იღებენ ხორცს, თევზს ან ბოსტნეულისგან მომზადებულ სადილს”. მისივე თქმით, ყოველ საღამოს პირადად ამტკიცებს მეორე დღის მენიუს. გამოდის, რომ ან სახალხო დამცველი იძლევა არასწორ ინფორმაციას, ან სააგენტოს დირექტორს ფილიალების ხელმძღვანელები ატყუებენ. მახარაშვილი კონტროლის „კიდევ უფრო გამკაცრებას” გვპირდება.
ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსის, გიორგი კაკაჩიას თქმით, მენიუ ყველა სახლში ინდივიდუალურია, თუმცა, სტანდარტები საბჭოთა დროიდან არ შეცვლილა. ახალი კალორაჟი სამ თვეში შემუშავდება. ის დიფერენცირებული იქნება ასაკობრივი ჯგუფებისა და დაავადების მქონე აღსაზრდელებისთვის. მახარაშვილის აზრით, კალორაჟის განსაზღვრულობა თანხის განაწილებასაც გააადვილებს.
ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონებში გასათბობად ძირითადად შეშის ღუმელებს იყენებენ. როგორც წესი, არ თბება ბიბლიოთეკა, რაც „ეჭვქვეშ აყენებს მისი ფუნქციონირების საკითხს”. ხშირად ჩაკეტილი და გაუთბობელია გასართობი და წრეობრივი მუშაობის ოთახები. ხელმძღვანელების განმარტებით, ეს ოთახები კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ სჭირდებათ და გათბობასაც მაშინ რთავენ. სურამის, დუშეთის, ლაგოდეხის, წალენჯიხისა და ტაშისკარის დაწესებულებების ხელმძღვანელები ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით იყენებენ დაბალი სიმძლავრის ნათურებს, რომელიც ვერ იძლევა სრულფასოვან განათებას. ზოგიერთ დაწესებულებაში ელექტროგაყვანილობა არ არის იზოლირებული, რაც ბავშვებს დამატებით საფრთხეს უქმნის.
სააგენტოს დირექტორის, თამარ მახარაშვილის თქმით, თითოეული დაწესებულების კომუნალური გადასახადი 2,500-3,000 ლარს აღწევს. მისივე თქმით, დაწესებულებებში გაზის ცენტრალურ გამათბობლებს იყენებენ, ზოგიერთი სახლის გასათბობად კი „დენსაც ახმარენ”. მახარაშვილი ამბობს, რომ თანხის დაზოგვის თაობაზე ბრძანება მისგან არც ერთი ფილიალის ხელმძღვანელს არ მიუღია.
„პირადი მოხმარების პირსახოცები ყველგან საკმარისი რაოდენობითაა, თუმცა საცვლები და ტანსაცმელი საერთოა ბავშვთა მთელი ასაკობრივი ჯგუფისთვის (წყნეთი, „სათნოება”)”, - ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში. ამას სააგენტოს ხელმძღვანელი ირონიული კომენტარით პასუხობს: „მაინტერესებს, ომბუდსმენი სად ჩაუსაფრდა და სად ნახა, რომ საცვალი ერთმა ბავშვმა გაიხადა და მეორემ ჩაიცვა”.
ანგარიშის მიხედვით, ტაშისკარის სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს არ აქვთ ფეხსაცმელი, რის გამოც ისინი ვერ დადიან სკოლებში. მახარაშვილის თქმით კი, შესაძლოა, ზოგიერთ დაწესებულებაში, ქველმოქმედთა წყალობით, ტანისამოსი ან სხვა ნივთი ბავშვებს მეტი ჰქონდეთ, მაგრამ გამორიცხულია საერთოდ არ ჰქონდეთ. „ჩვენი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან იღებენ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ,” - დასძენს იგი.
შეფასებები არც სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით არის პოზიტიური. მრავალი დაწესებულების კვების ბლოკში არ არის დაცული სისუფთავე. ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების სამზარეულოში პრევენციულმა ჯგუფმა მღრღნელების არსებობის კვალი აღმოაჩინა. „თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებაში არ იდო საპონი იმ მოტივით, რომ „მაინც მოიპარავენო,” - ნათქვამია ანგარიშში. თამარ მახარაშვილი ამ ფაქტსაც ხალისიან კომენტარს უკეთებს და საპნის კარგი ხარისხით ხსნის - „ეტყობა, სურნელოვანი საპონი დევს და ამიტომაც იპარავენ”.
სანიტარიული ნორმების არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას მახარაშვილი წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებსაც უკავშირებს. მისი თქმით, სულ რამდენიმე თვის შექმნილი სააგენტო პრობლემების ძირეულად აღმოფხვრას ვერ მოასწრებდა. მისივე თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ძველ შენობებში - „თუ დაწესებულება წლების მანძილზე სარემონტოა, როგორც არ უნდა შეეცადო, ის სუფთად შეინახო, ბუნებრივია, პრობლემები მაინც იქნება”.
უკვე რამდენიმე წელია, მესტიის ბავშვთა სახლს არც ერთი არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციისგან დახმარება არ მიუღია. მახარაშვილის თქმით, ბავშვთა სახლების დამხმარეთათვის ობიექტის არჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორია არა ბავშვთა სახლების მდგომარეობა, არამედ ობიექტის დედაქალაქთან სიახლოვე. ამის გამო რესურსები ბავშვთა სახლებში არათანაბრად ნაწილდება. „როდესაც ვინმე გადაწყვეტს ქველმოქმედებას, სასურველია სააგენტოს მიმართოს და მათგან მიიღოს ინფორმაცია,” - ამბობს სააგენტოს დირექტორი.
სააგენტოს ხელმძღვანელობისა და სახალხო დამცველის შეფასებები პერსონალის კვალიფიკაციის საკითხში ერთმანეთს ემთხვევა. ორივე უწყებაში კადრების ნაკლებობასა და არაკვალიფიციურობაზე ამახვილებენ ყურადღებას. კადრების მოუმზადებლობაზე აღსაზრდელებთან მოპყრობის არაჰუმანური ფორმები მეტყველებს. საქართველოში ბავშვების მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვით, აღსაზრდელების 71% ფიზიკური, 62% კი მორალური შეურაცხყოფის ფაქტებზე მიუთითებს. დასჯის მეთოდებად გამოიყენება იზოლაცია, იძულებითი შრომა, საკვებზე უარის თქმა და საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა. სააგენტოს დაკვეთით, იანვარში ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა კადრების მონიტორინგი, რომელმაც, მახარაშვილის თქმით, „სავალალო შედეგი” აჩვენა. მისივე თქმით, 1084 კადრიდან ასი დისკვალიფიკაციას დაექვემდებარება, დანარჩენები კი ერთწლიან ტრენინგს გაივლიან. გადამზადებიდან ერთი წლის შემდეგ მათ კვლავ შეაფასებენ და გაკეთდება დასკვნა, არის თუ არა მზად კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად ესა თუ ის თანამშრომელი.
იუნისეფში კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობენ. „მონიტორინგი ძალიან მკაცრად და ინტენსიურად უნდა ჩატარდეს. ამ ბავშვებს სწორედ დღეს სჭირდებათ ყველაფერი. უნდა გაუმჯობესდეს საკვები და მათი საცხოვრებელი გარემო,” - ამბობს გრინბერგი. კონტროლს მიმღები ოჯახებიც უნდა დაექვემდებაროს. ამისთვის იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის აზრით, აუცილებელია სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დანერგვა. სოციალური მუშაკი არის ადამიანი, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირი პრობლემის მქონე ადამიანსა და მის საცხოვრებელ გარემოსთან. მას ევალება შეაფასოს მიმღები ოჯახისა და ბავშვის საჭიროებები, რესურსები და ხელი შეუწყოს პრობლემების მოგვარებას. სულ რამდენიმე წელია, რაც საქართველოში სოციალური მუშაკების აღზრდა დაიწყო, სისტემაში მათი დამკვიდრება კი ახლა მიმდინარეობს.
მიმღები ოჯახის როლი უცხოეთში განიხილება, როგორც სამუშაო სტაჟი, რადგან ეს ადამიანები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ. საქართველოში თითოეულ ოჯახს, რომელიც ბავშვთა სახლის აღსაზრდელს შვილობილად აიყვანს, სახელმწიფო ყოველთვიურად 200 ლარით ეხმარება, ხოლო იმ ოჯახს, რომლის შვილობილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია - 300 ლარით.
მახარაშვილი დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული პრობლემები 2011 წლისთვის სრულად აღმოიფხვრება. ოპტიმიზმის საფუძველს მას აძლევს შვიდი დიდი დაწესებულება, რომელიც იუესეიდის დაფინანსებით გარდაიქმნება. ეს ბავშვთა სახლები დეინსტიტუციონალიზაციას არ დაექვემდებარება. თითოეული შენობის გარემონტებისა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვისთვის 500,000 აშშ დოლარია გათვალისწინებული.



 

კომენტარები