მადლობა ინგლისს!

ინგლისის ნაკრების გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ფეხბურთის ქომაგი, ბრიტანელების მადლიერი გახლავართ.
დავიწყებ ტრივიალურით: ინგლისელებს რომ ფეხბურთი არ გამოეგონათ, მე ვერანაირად ვერ გავხდებოდი არგენტინის ნაკრების გულშემატკივარი, კოვზირა – ბრაზილიის, ვახო გეგელია – გერმანიის და ა.შ. პელე პირველი ხელფასით ვერ უყიდდა დედამისს მაცივარს, გარინჩა ერთ კოჭლ ლოთ ბიჭად დარჩებოდა, მარადონა კი – მორფინისტად...

მადლობა ინგლისს!

მსოფლიო ფეხბურთის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, მატჩი თუ გამორჩეული გოლი ინგლისელთა მონაწილეობით შედგა. ისინი რჩებოდნენ სიძლიერის საზომად და ყველა საფეხბურთო გრანდი თავისი ისტორიის ათვლას ინგლისელებთან პირველი გამარჯვებით იწყებს – ავსტრიული “ვუნდერტიმით” დაწყებული და უნგრეთის “დიდი გუნდით” დამთავრებული...

მადლობა ინგლისს!

გენიოსებიც თავიანთ დიდებას ინგლისელებს უნდა უმადლოდნენ – 1958 წელს ინგლისს რომ ფრედ არ ეთამაშა ბრაზილიასთან, ფეოლა არც პელეს დააყენებდა ძირითადში და არც გარინჩას; ოთხი წლის შემდეგ ეს უკანასკნელი სწორედ ინგლისთან შესრულებული დუბლისა და დაცვის აწიოკების მერე გაუტოლეს პელეს; გავიდა 22 წელი და დიეგომ შილტონის კარში ხელ-ფეხით გატანილი გენიალური გოლებით შეარყია იმავე პელეს ტახტი...

მადლობა ინგლისს!

ბოლოს, ჩვენი ამბავიც ვთქვათ – ლივერპულისა და ვესტ ჰემის დამარცხება დღემდე გვაძლევს საბაბს, ამაყად ვთქვათ, რომ ინგლისელებს მათივე გამოგონილი ფეხბურთის თამაში ვასწავლეთ...

ამისთვისაც მადლობა ინგლისს!

დღევანდელი ნაკრები კი მუნდიალის გამორჩეული ფავორიტია. მთავარ ფაქტორად “წარმატების სიმბოლოდ” მიჩნეულ ფაბიო კაპელოს დავასახელებთ, რადგან იტალიელი ტაქტიკოსი ის მწვრთნელია, რომლისთვისაც არც ავტორიტეტი არსებობს და არც საპატიო მეორე ადგილის ცნება. რკინისებური დისციპლინის მქადაგებელი დონ ფაბიო ფეხბურთელებთან ძმაკაცობას გამორიცხავს და სასადილოში მობილურის შეტანასაც კი უკრძალავს. მნიშვნელოვანია მორალური გარემოც - საკმარისი იყო ჯონ ტერის ეცუღლუტა უეინ ბრიჯის მეუღლესთან, რომ კაპიტნის სამკლაური ავტომატურად რიო ფერდინანდს გადაეცა.

მეკარეები კაპელოს მთავარი საზრუნავია - პრემიერლიგის ყველა ლიდერს უცხოელი გოლკიპერი ჰყავს. ნაკრების ძირითადი მეკარე ორმოცს მიღწეული დევიდ ჯეიმსია, რომლის პორტსმუტიც მომავალ წელს დაბალ ლიგაში დაიწყებს. იგივე ემუქრება რობერტ გრინის ვესტ ჰემსაც.

სამაგიეროდ, დაცვაა უმაღლესი დონის. ცენტრალური მცველების დუეტს ტერი და ფერდინანდი შეადგენენ, მარჯვნივ ფავორიტი გლენ ჯონსონია. აი, მარცხნივ კი დამტვრეული ეშლი კოულის შეცვლა ძნელი იქნება. ჯოლიონ ლესკოტი ტრავმას უჩვის, ბრიჯმა კი ტირილით თქვა უარი მსოფლიო ჩემპიონატზე – ცოლის გამბახებელთან ერთად არ ვითამაშებო.

დევიდ ბექემის ტრავმის მიუხედავად, ყველაზე დიდი არჩევანი მაინც მოედნის ცენტრშია. ფრენკ ლამპარდისა და სტივენ ჯერარდის დონის ვარსკვლავები ბრაზილიასაც კი შეშურდება, საყრდენად საუკეთესო ალბათ უნივერსალი გარეტ ბერია. აქვეა ბრიტანული ფეხბურთის ორი ამომავალი ვარსკვლავი - აარონ ლენონი და თეო უოლკოტი.

შეტევაში მთავარ იმედად ითვლება დაბრძენებული უეინ რუნი, რომელიც ყველა შეჯიბრებაში ბომბარდირობს და დღეს მესისა და კრიშტიანუ რონალდოსთან ერთად მსოფლიოში საუკეთესოა. მის პარტნიორად კი დეფოც გამოდგება, კრაუჩიცა და ჰესკიც.

ჯგუფურ ეტაპს ინგლისი ალბათ უპრობლემოდ დაძლევს. 18 ივნისს კაპელო 64 წლის ხდება და საუკეთესო საჩუქრად უთუოდ კეიპტაუნში ალჟირის დამარცხება ესახება. იმ დროისთვის ბრიტანელებს, წესით, რევანში უნდა ჰქონდეთ აღებული 1950 წლის მუნდიალზე აშშ-ს სამოყვარულო ნაკრებთან მარცხისთვის. არც სლოვენიაა მათი ბადალი.

თუ ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა, “ჩემი” არგენტინა ინგლისს ფინალამდე არ შეხვდება...

მადლობა ღმერთს!

კომენტარები