სტატიის thumbnail სურათი. სავალდებულოა!

ისე, როგორც ჩვენსას მაგალითად. ასევე არაფერი იყო გასაკვირი მის სურვილში – ახლოს გაეცნო ის ხალხი, ვინც თავი „ ამ საახალწლო სისულელებით გამომიტენა". ყოველთვის ასე იყო – თუ რამე არ მოეწონებოდა, ერთ–ორს იტყოდა ისეთს, რომ წამში მომაკეტინებდა. საერთოდ, ჩვენი სოფლელები ცოტა უცნაური არსებები არიან – როგორღაც ახერხებენ და საახალწლო საჩუქრების გარეშეც გადიან იოლას. მაშინაც კი, როცა გადასარევად იციან, რა სიხარულია ეს. მამაჩემი მაგალითად: არც უფიქრია დადარდიანება, როცა გაიგო, რამდენ ულუფა საახალწლო სიხარულს იყო მოკლებული თავისი ორმოცდაათწლიანი სიცოცხლის განმავლობაში. სიტუაციის დრამატიზმს ის ვერ სწვდებოდა. ეგ კი არა, ამ დანაკლისი ულუფების გაზრდასაც აპირებდა მგონი სამოცამდე. მართალია, მას ხუთი ცოლი და თოთხმეტი შვილი ჰყავდა, მაგრამ ეს საახალწლო საჩუქრების კომპენსაცია როგორ იქნება, აბა! ჩემი და–ძმების რაოდენობა ყოველთვის საგონებელში მაგდებდა. იმას კი არ ვფიქრობდი, ერთ დღესაც მამაჩემმა სიკვდილი რომ გადაწყვიტოს, ყველა ჩემი სარჩენი იქნება თქო.

სულ სხვა რამ მაფიქრებდა: თავისი ხუთი ცოლისგან მამაჩემს, არითმეტიკის და ლოგიკის არსებული წესების თანახმად და ჩემი გამოთვლით, 14 კი არა, 15 ბავშვი უნდა ჰყოლოდა. რას ვიზამ, როგორც ჩანს, სკოლაში გატარებული 3 წელი, (ჩემი საშუალო და უმაღლესი განათლება) არ არის საკმარისი 14–ის 5–ზე გასაყოფად. სამაგიეროდ, ჭეშმარიტ ცივილიზაციას ვეზიარე და თვალსაწიერი ისეთი უახლესი კონცეფციებით გავიფართოვე, ჩემი სოფლის არც ერთ მცხოვრებს რომ არც დაესიზმრება. ასე მაგალითად, ოცი წლისამ უკვე ვიცოდი, რომ ქვეყნიერებაზე არსეობს ვინმე თოვლის ბაბუა, 24 დეკემბერს საკვამურიდან რომ ძვრება სახლებში და დამჯერი ბავშვების წინდებში საჩუქრებს ტენის. მიწა ამ დროს თეთრი თოვლითაა დაფარული, თოვლის ბაბუს ქურქიც თეთრია და ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმის გამოცნობას, რა ფერისაა თვითონ თოვლის ბაბუა – როგორც ყველაფერი იმ შორეულ ქვეყანაში, ისიც თოვლივით ფითქინა თეთრია. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა ამ უცნაური კაცის ჩვენს სოფელში შემოტყუება შემიჩნდა გონებაში.
არავითრი დაბრკოლება მე არ მაშინებდა. ადგილობრივ ახალგაზრდებში ყველაზე ნასწავლის და ჭკვიანის რეპუტაცია მოსვენებას არ მაძლევდა. საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების სურვილით ფრთებშესხმული მონდომებით ვცდილობდი თოვლის ბაბუს ადაპტირებას ჩვენს პირობებთან. 

თოვლის, ცხადია, ხსენებაც ვერ იქნებოდა. საკვამური საერთოდ არ არსებობდა, ჰოდა, ზუსტად აქ გამინათდა გონება და მამილო ბომბას ხატება მომევლინა მხსნელად – თოვლის ბაბუს ფუნქცია მას უნდა შეეთავსებინა. აი, სულ ეს არის ჩვენი წინასაახლწლო დიალოგის პრეისტორია. ახლა, როცა ამ ამბავს ვიგონებ, ვხვდები, როგორ უფრთხილდებოდა ჩვენი მრავალსულიანი ოჯახი გაყიდული ყავის მოსავლისგან მიღებულ მოგებას. ამ ფულით ახალ წლამდე კი არა, ახალ მოსავლამდე უნდა გვესულდგმულა. ახლა კი ვხვდები ამას, მაგრამ მაშინ არაფრის გაგონება არ მსურდა.

კომენტარები