გენდერული კვოტები

ნოდია: კვოტებით მხოლოდ მოჩვენებითი "პროგრესი" მიიღწევა, წაგებული ძლიერი ქალები იქნებიან

ქვოტები პრინციპის დონეზეც ცუდია და პრაქტიკულადაც არაფერს იძლევა. ნებისმიერ ქვოტებს ვგულიხსმობ, არა მხოლოდ გენდერულს - მაგრამ ახლა, თვალსა და ხელს შუა, გენდერული მიგვიღია.

ეს პრინციპის დონეზე ცუდია იმიტომ, რომ ამკვიდრებს აზრს, რომ ადამიანი პარლამენტში უნდა აირჩიო არა იმიტომ, რომ სწორი იდეები აქვს, ან უნარები, ან პიროვნული თვისებები, ან დამსახურება, არამედ იმის მიხედვით, ვაგინის პატრონია თუ პენისის. რატომაა ეს პრინციპი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი სხვა?

ეს არის ნაწილი ანტილიბერალური მიმდინარეობისა (რომელიც რატომღაც ლიბერალურად ასაღებს თავს), რომ მთავარი არის არა პიროვნება, არამედ ჯგუფის კუთვნილება. ეს მართლდება იმით, რომ ერთი ჯგუფი ცხადდება ონტოლოგიურად პრივილეგირებულად ან მჩაგვრელად, მეორე - ონტოლოგიურად მსხვერპლად და ჩაგრულად. არაფერ კარგს ეს ანტილიბერალური, ანტიპიროვნული ფილოსოფია არ მოიტანს.

ახლა პრაქტიკულად შევხედოთ: ეს ქვოტირება რომ რამეს კარგს მოუტანს მთლიანად ქალებს, არის ფიქცია, მოჩვენება. ცხადია, არის ბევრი სიტუაცია, სადაც ქალები უსამართლობის მსხვერპლი ხდებიან მათი ქალობის გამო. ამის მიზეზია არასწორი წარმოდგენები ქალების როლზე. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ოჯახური ძალადობა, ან სიტუაციები, სადაც კაცს უფრო ადვილად აწინაურებენ სამსახურში, იმიტომ რომ კაცია, და ა. შ. ეს წარმოდგენები არსებობს, ისინი, ჩემი აზრით, ნელ-ნელა იცვლება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პრობლემა არსებობს, ის საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს და პრაქტიკებს უკავშირდება და მისი გადაწყვეტა ამ წარმოდგენების და პრაქტიკების შეცვლას ნიშნავს.

როგორ დაეხმარება ამას ქვოტები პარლამენტში? არანაირად. რატომ იქნება უკეთესი რიგითი ქალისთვის, ვისაც, ვთქვათ, ქმარი სცემს, ან სამსახურში უსამართლოდ მოექცნენ, თუ პარლამენტში ქალების წილი იქნება 25 ან 33 პროცენტი და არა, ვთქვათ, 10 ან 15 პროცენტი? არ იქნება.

პარლამენტში ქალების რაოდენობის ხელოვნური გაზრდა არის ინდიკატორის შეცვლა პრობლემის გადაჭრის მაგიერ, ანუ ტყუილი. ამ საკითხების განხილვისას გამიგია, რომ სამხრეთ კავკასიაში ქალების ყველაზე მაღალი წილი აზერბაიჯანში იყო (ახლა არ ვიცი, როგორაა). ნიშნავდა ეს, რომ ქალი უფრო თავისუფალი თუ თანასწორია აზერბაიჯანში, ვიდრე საქართველოში და სომხეთში? არა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ აზერბაიჯანში პარლამენტი (კიდევ უფრო) ნაკლებ მნიშვნელოვანი ორგანოა და მთავრობისთვის სულ ერთია, იქ ვის დასვამს.

ქვოტების შემოღებით მხოლოდ მოჩვენებითი „პროგრესის“ მიღწევა შეიძლება. წაგებული იქნებიან მართლა ძლიერი ქალები, ვისაც ყოველგვარი ქვოტირების გარეშე შეუძლიათ წარმატების მიღწევა და აღწევენ კიდეც.

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე.

კომენტარები