საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა: ტვირთების შემცირებაზე კომპანია მარტიდან საუბრობდა

www.railway.ge

ტვირთების შემცირებასთან დაკავშირებით კომპანია მარტიდან აკეთებდა განმარტებებს, შესაბამისად წლის ბოლოსთვის ეს ინფორმაცია ახალი არ გახლავთ. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართული პრეზენტაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს რკინიგზის განცხადების მიხედვით, ტვირთების შემცირება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია: 2012 წლის ბოლოს, სომხეთში მოხდა ხორბლის მარაგის წინასწარი შეტანა, რაც აისახა 2013 წლის რკინიგზით გადაზიდული ხორბლის შემცირებაზე; 2012 წლის ბოლოს აზერბაიჯანში დაიხურა ქარხანა, რომელიც მოიხმარდა საქართველოს პორტებიდან შემოსულ ბოქსიტის მადანს, რაც წლის განმავლობაში შეადგენდა 500 ათას ტონას და 2006 წლიდან მოყოლებული, დერეფანში, შეინიშნება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემცირების ტენდენცია. ამასთან, 2013 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანულმა კომპანიამ დაასრულა კონტრაქტი თენგიზშევროილთან, რაც აისახა მეორე კვარტალში აღნიშნული ტვირთის შემცირებაში.

საქართველოს რკინიგზის განცხადების მიხედვით, დროებით შემცირებული ტვირთების ფონზე რკინიგზის შემოსავლები გაზრდილია. "2013 წლის განმავლობაში მოხერხდა  ჩრდილოვანი შემოსავლების ლეგალიზაცია. კომპანია ჯორჯია ტრანზიტი წინა წლებში სარგებლობდა მონოპოლიით და რკინიგზას უმცირებდა შემოსავლებს, ხოლო აღნიშნული თანხები მთლიანად ილექებოდა წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული კერძო პირების ოფშორულ ანგარიშებზე. დღეს აღნიშნული კომპანიის 100% მფლობელი გახლავთ სს საქართველოს რკინიგზა და მისი შემოსავლები მთლიანად რკინიგზის ბიუჯეტში რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს რკინიგზის განცხადების მიხედვით, წინასწარი ოპერატიული მონაცემებით რკინიგზის 2013 წლის შემოსავალი სატვირთო გადაზიდვებიდან და მასთან დაკავშირებული სადგურების ოპერაციებიდან გაიზარდა დაახლოებით 28 მილიონი ლარით. რაც შეეხება ხარჯებს, წლის დასაწყისში კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მმართველი რგოლის გარდა ყველა თანამშრომლის ხელფასი საშუალოდ 30%-ით გაეზარდა. ამ თანხამ დაახლოებით 25 მილიონი ლარი შეადგინა.

"მედია სივრცეში ასევე გამოითქვა მოსაზრება დერეფნის კონკურენტუნარიანობის შემცირებაზე, რაც ალოგიკურია რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებისა და პორტებში ისეთი სტრატეგიული ტვირთების გადაზიდვის ზრდის ფონზე (16%), როგორიცაა კონეინერები. აქვე უნდა აღინიშნოს 2013 წლის ასტანაში მიღწეული შეთანხმება საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიებს, აქტაუს, ბაქოსა და ბათუმის პორტებს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას ითვალისწინებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ზრდა მოხდა პოსტსაბჭოთა სივრცეში გადაზიდული ტვირთების შემცირებისა (საშუალოდ 15-20%) და კასპიისა და შავი ზღვების პორტებში გადამუშავებული ტვირთების შემცირების ფონზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები