საქართველოს რკინიგზა

ჯაფარიძე: საქართველო კარგავს ე.წ. სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

საქართველო კარგავს ე.წ. სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიულია. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ 2013 იანვარ-ნოემბერში საქართველოს რკინიგზის მიერ გატარებული ტვირთების სტატისტიკის შეჯამებისას განაცხადა. 

ჯაფარიძის თქმით, 2013 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი გადაზიდვები, 2012 წელთან შედარებით, 440 ათასი ტონით შემცირდა, ხოლო ტრანზიტული გადაზიდვები  – 840 ათასი ტონით. მისივე თქმით, 2013 წელს საქართველოს რკინიგზამ გადაზიდა დაგეგმილზე 1,250,000 ტონით ნაკლები ნავთობპროდუქტი და 1,750,000 ტონით ნაკლები მშრალი ტვირთი.

"ჯამში, მხოლოდ 2013 წელს, საქართველომ დაკარგა დაახლოებით 3 მილიონი ტონა ტვირთი. საუბარია ტვირთზე, რომელმაც არ გაიარა ტრანზიტით საქართველოზე და გავიდა რუსეთის გავლით ევროპისკენ. ეს არის დაახლოებით 30-45 მილიონი დოლარი, რომელიც ქვეყანამ დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ 2013 წელს მოხდა საქართველოს სტრატეგიული ფუნქციის - აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის ნაწილობრივი ეროზია, რაც შემაშფოთებელი ტენდენციაა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა იმ ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება, რომ 2013 წელს საქართველოს რკინიგზის ევრობონდებზე, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებულ ევრობონდებზე, საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, რაც, ჯაფარიძის თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ როგორც რკინიგზის, ისე ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირდა.

ტაბულა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დაჩი ცაგურიას დაუკავშირდა. ცაგურიას თქმით, საქართველოს რკინიგზა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპასუხოდ განცხადებას შეიმუშავებს და გაავრცელებს. 

კომენტარები