IRI-ის კვლევა

უგულავა: უკიდურესი ქოცი დეპუტატი უნდა იყო, ყველა კვლევაზე თქვა, რომ ის სადღაც დაიწერა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე მამუკა მდინარაძის შეფასებაზე ისაუბრა. უგულავას თქმით, კვლევა ასახავს რეალობას და უკიდურესი ქოცი დეპუტატი უნდა იყო, რომ ყველა კვლევაზე, რაც არ მოგწონს, თქვა, რომ ის სადღაც დაიწერა.

"ნებისმიერი კვლევა არის სარკე, რომელიც ასახავს რეალობას. უკიდურესი ქოცი დეპუტატი უნდა იყო, რომ ყველა კვლევაზე, რაც არ მოგწონს თქვა, რომ ის სადღაც დაიწერა. სინამდვილეში ეს კვლევა ანახვებს ძალიან მძიმე მდგომარეობას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს განსაკუთრებით ამ პანდემიის შემდეგ აქვთ". – ამბობს გიგი უგულავა.

ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე აღნიშნა, რომ კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომელთა ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ.

"მთავრობას რაღაც პერიოდამდე მადლობაც ეკუთვნის იმიტომ, რომ დროზე დაიწყეს მოქმედება, მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც სიხარბემ, სიწუწკემ და პოლიტიკურმა მავნებლობამ გადაძალა. ჩვენ დავინახეთ შუა გზაში როგორ შემობრუნდა მთავრობა თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით და იმის ნაცვლად, რომ გაეგრძელებინათ მუშაობა სწორი მიმართულებით, დაიწყეს პოლიტიკურ ქულებზე მუშაობა, პროპაგანდა, ოპონენტების დემონიზაცია. გადაწყვიტეს ყველა პრობლემა, რაც აქამდე დაუგროვდათ, პანდემიას გააყოლონ, რაც არასწორი და არალოგიკურია და ამ კვლევიდან ეს ჩანს". – აღნიშნავს გიგი უგულავა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 46%-ისთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 17%-ისთვის მაღალი ფასები. 25% ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი მიღწევა "Covid19-თან ბრძოლაა", 15% – "არაფერი".

ახალ კორონავირუსთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. ინტერვიუები ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით პირისპირ, სახლში მისვლით. კვლევა მოიცავს 1 500 რესპონდენტის პასუხს, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყება. კვლევის ცდომილება 2.5%-ია. კვლევა USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები