თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ზეგ-ის დირექტორი: ბაჩალიაშვილის Fb-გვერდის გაუქმებამდე, მისი პროფილის ფოტო იყო შეცვლილი

კომპანია ზეგ-ის დირექტორის, თამარ კობერიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-გვერდი მაშინ გაქრა, როცა თავად გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მთავარი არხის ეთერში კობერიძემ თქვა, რომ მიმოწერის ამოღება უნდოდა, რა დროსაც, Facebook-ზე ნახა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირადი გვერდი პერსონალურ ბლოგად იყო გადაკეთებული, ხოლო მისი პროფილის ფოტო - შეცვლილი.

"ჩვენი ერთერთი პოზიტიური საუბარი ფეისბუქზე მინდოდა, რომ ამოეღო გამოძიებას. რომ შევედით სანახავად, გამქრალი იყო მისი ფეისბუქი და Personal Blog-ი ეწერა, ასევე, მისი პროფილის ფოტო იყო შეცვლილი რამდენიმე საათით ადრე. შემდგომ საერთოდ გაქრა და უბრალოდ შევძელით, მესიჯები დაგვენახა". – ამბობს კობერიძე.

თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-ანგარიში 28 ივლისს წაიშალა. პროკურატურის ინფორმაციით, იმავე დღეს, Facebook-ის სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართეს განმარტებისთვის - რა შეიძლებოდა, გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი.

"Facebook-მა განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი, ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები". – აცხადებს პროკურატურა.

შსს-ს შუალედური ინფორმაციით კი, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე არკვევდა - რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუ გარდაიცვლებოდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე, 6 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ ანალოგიური დაპირება ირაკლი შოთაძისგანაც მიიღეს. მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ნებისმიერ ექსპერტიზაზე ჩაერთვება, რასაც ოჯახი მოითხოვს.

კომენტარები