თავდაცვის სამინისტრო

სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სწავლის საფასურის 50% დაუფინანსდებათ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2250 ლარის ნახევარის დაფარვას.

უწყების ინფორმაციით, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სტუდენტებს სემესტრულად 750 ლარის ოდენობით - "მინისტრის სტიპენდია" დაენიშნებათ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტში მონაწილეობისთვის მზაობა, პროექტში ჩართულმა ავტორიზებულმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა პირებმა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებსა და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ასევე, იგეგმება პროექტის - "ჩვენი ჯარი" ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისათვის პრეზენტაციების გამართვა საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის და სხვა თემატური საკითხების შესახებ.

კომენტარები