Google

Google-მა YouTube-ის ჩინეთთან დაკავშირებული 2 500-ზე მეტი ანგარიში წაშალა

AFP

Google-მა YouTube-ის 2 500-ზე მეტი ანგარიში წაშალა, რომელიც ჩინეთთან იყო დაკავშირებული. კომპანიის ეს ნაბიჯი ვიდეო პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის ნაწილია.

ანგარიშები აპრილი-ივნისის პერიოდში წაიშალა. Google-ის თანახმად, ანგარიშები ძირითადად აპოლიტიკურ, სპამის ტიპის კონტენტს ავრცელებდნენ, რომლიდანაც მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ატარებდა პოლიტიკურ შინაარსს.

Google-ს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად, რომელი ანგარიშები წაიშალა. 

ოფიციალურ პეკინს Google-ის მიერ მიღებულ ზომებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

უცხოური აქტორების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მწვავე საკითხია ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში რუსი ტროლები აქტიურად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. 2018 წელს აშშ-მ 13 რუს ინტერნეტ ტროლს 2016 წლის არჩევნებში ჩარევისთვის ბრალიც წაუყენა.

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში Google-იც და Facebook-იც აქტიურად ებრძვიან ონლაინ სივრცეებში პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.

კომენტარები