დღეს, 6 აგვისტოს ჰიროშიმას ატომური დაბომბვიდან 75 წელი გავიდა. იაპონიაში ტრაგედიის წლისთავის მიძღვნილ ცერემონიაში კორონავირუსის გამო შეზღუდული რაოდენობის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცერემონიას 1945 წლის დაბომბვას გადარჩენილები, მათი ოჯახის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ.
8:15-ზე, ატომური ბომბის ჩამოვარდნის ზუსტ დროს, მშვიდობის პარკში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგედიაში დაღუპულებს. 1945 წელს, ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად, 140 000 ადამიანი დაიღუპა. რადიაციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებების შედეგად, აფეთქების მომდევნო პერიოდში მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზარდა.
ცერემონიაზე ჰიროშიმას მერმა მსოფლიოს მოუწოდა, უარი ეთქვათ ეგოისტურ ნაციონალიზმზე და გაერთიანებულიყვნენ საერთო საფრთხეების წინააღმდეგ. ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემაც. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ბირთვული იარაღის დამანგრეველი ძალა მსოფლიოში მხოლოდ იაპონიას აქვს გამოცდილი და მისი ვალია წინ წაწიოს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობები, შექმნას ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიო.
იაპონია იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელსაც ხელი არ მოუწერია ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ გაეროს ხელშეკრულებაზე, რაც ატომურ დაბომბვაში გადარჩენილი ადამიანების უკმაყოფილებას იწვევს.
წლების მანძილზე ჰიროშიმას და ნაგასაკის ატომურ დაბომბვაში გადარჩენილი ადამიანები ბირთვული იარაღის საწინააღმდეგო მოძრაობის სახე იყვნენ. დღეს, როცა მათი საშუალო ასაკი 83-ს აღწევს, ბევრი შიშობს, რომ მათი სიკვდილის შემდეგ მსოფლიო ბირთვული იარაღის დამანგრეველ ძალას დაივიწყებს.
ჰიროშიმას დაბომბვიდან სამ დღეში, 9 აგვისტოს აშშ-ს საავიაციო ძალებმა მეორე ატომური ბომბი ნაგასაკიზე ჩამოაგდეს. 6 დღის შემდეგ, 15 აგვისტოს იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ კაპიტულაცია გამოაცხადა. 2 სექტემბერს ხელი მოეწერა კაპიტულაციის ხელშეკრულებას და მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა.
ჰიროშიმას ატომური დაბომბვის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით New York Times-მა 1945 წელს დაბომბვების შემდეგ იაპონელი ფოტოგრაფების გადაღებული სურათები გამოაქვეყნა.