ავთანდილ ბილანიშვილი

ქარტიაში განმცხადებელი შეიცვალა - გვარამიას წინააღმდეგ კაწროს ცოლი, ნათია რუხაია ჩივის

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, მთავარი არხის დირექტორისა და წამყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად კაწროს, ცოლი, ნათია რუხაია ჩივის.

ქარტიის ცნობით, განმცხადებელი თავდაპირველად თავად ბილანიშვილი იყო, თუმცა, მოგვიანებით, მომჩივანისვე თხოვნით, განმცხადებელი შეიცვალა.

მხარე 2020 წლის 7 ივლისს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე დაობს, რომლის მიხედვითაც, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკადრებში ასახული ადამიანი ავთანდილ ბილანიშვილია.

„იმის გამო, რომ ნიკოლოზ გვარამიას 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის უმძიმესი ტრაგედია როგორღაც დაეკავშირებინა „ქართულ ოცნებასთან“ და კერძოდ ივანიშვილის ოჯახთან, სრულიად დაუსაბუთებლად გააჟღერა ავთანდილ ბილანიშვილის გვარი, ვინაიდან ყველასთვის, მათ შორის ბატონი გვარამიასთვის იმთავითვე ცნობილი იყო ავთანდილ ბილანიშვილის და ბერა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ. მართალია, 12 ივნისის გადაცემაში ეს ინფორმაცია თავად ნიკოლოზ გვარამიამ უარყო, თუმცა მიგვაჩნია, რომ მის მიერ, თუნდაც ვარაუდების დონეზე გავრცელებულმა ცრუ-ინფორმაციამ თავის მიზანს მიაღწია და ავთანდილ ბილანიშვილი, ისევე როგორც მისი ოჯახი – მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი გახდნენ საყოველთაო ბულინგის მსხვერპლნი“. – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქარტიამ 13 ივლისს მიიღო.

ავთანდილ ბილანიშვილის წარმომადგენელი ნიკა გვარამიას სამი პრინციპის დარღვევას ედავება: 1-ლი (სიზუსტის), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება).

1-ლი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

მე-3 პრინციპი - „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.“

მე-11 პრინციპი - ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: · ფაქტის განზრახ დამახინჯება; ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ; პლაგიატი.

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს, სახელი გიორგი შაქარაშვილის საქმეში რამდენჯერმე გამოჩნდა. მთავარი არხი ამტკიცებდა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ქუჩის ავტორიტეტია, რომელიც, დამნაშავეთა სასარგებლოდ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს.

ასევე, 8 ივლისს, მედიამ ლუკ ოილის ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა. კადრებით საქმეში თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი გამოჩნდა.

ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარმა არხმა ივარაუდა, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება და, სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე.

კომენტარები