ჰონგ-კონგი

ჩინეთი: ჰონგ-კონგში ოპოზიციის მიერ ჩატარებული პრაიმერი უკანონოა

AFP

ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჰონგ-კონგში ოპოზიციის მიერ ჩატარებული პრაიმერი უკანონოა და გამოიძიებენ, არღვევდა თუ არა ის უშიშროების ახალ კანონებს. ჰონგ-კონგში ჩინეთის უმაღლესმა წარმომადგენელმა ის საგარეო ჩარევად და პროვოკაციად შეაფასა.

ჩვეულებრივ, ჰონგ-კონგში არჩევნების წინ პრაიმერი არ ტარდება ხოლმე, თუმცა ამჯერად ოპოზიციამ გადაწყვიტა, საერთო კანდიდატები ამ მეთოდით გამოევლინა, რათა სექტემბერში დანიშნულ საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი ჰქონოდა.

მიუხედავად ჩინეთის მხრიდან გაზრდილი ზეწოლისა და უშიშროების ახალი კანონების მიღებისა, მონაწილეობა მასში 600 000-მდე ადამიანმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში საოლქო საბჭოების არჩევნებში პრო-დემოკრატიულმა მოძრაობამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

______

ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო.

ახალი კანონებით სეცესიის, მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, 3-წლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა, ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინი ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისს გახსნის, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ეყოლება. ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნის უფლება ექნება, იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.

კანონების საფუძველზე ჰონგ-კონგის პოლიციას უფლებები გაეზრდება, მათ შორის, შეეძლება, რეიდები და თვალთვალი ორდერის გარეშე ჩაატაროს. ცვლილებების საფუძველზე პოლიციას ეხსნება ზედამხედველობის სისტემის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე მათ ქცევას აკონტროლებდა. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ ეროვნული მნიშვნელობის გადაუდებელი საფრთხე არსებობს, მათ შეუძლიათ ორდერის გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა, ამოიღონ ინფორმაცია ონლაინპლატფორმებიდან, აწარმოონ თვალთვალი და ა. შ.

პოლიციას შეეძლება, ონლაინ მედია კომპანიებს უბრძანოს მისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამოიღოს მათი ტექნიკა, დააჯარიმოს ან დააკავოს მათი თანამშრომლები უარის შემთხვევაში. კომპანიებს ასევე მოუწევთ პოლიციასთან ითანამშრომლონ პირების იდენტიფიკაციისა და შიფრის მოხსნის კუთხითაც. ამის გამო სოციალური მედიის კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ჰონგ-კონგის პოლიციასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ზოგი მათგანი ჰონგ-კონგიდან მთლიანად გადის.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში - ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

კომენტარები