გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა

შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული ირწმუნება, რომ საგურამოს ხიდთან ნიახურს აგროვებდა

მედიის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი – დავით კიპაროიძე ფიგურირებს. 

ის ღამის პირველ საათზე არაგვის ხიდებთან გაჩერდა, მაშინ, როცა გიორგი შაქარაშვილს მდევრები დაედევნენ. მისი ჩვენების მიხედვით, რომელიც TV პირველმა გაავრცელა, კიპაროიძე ამ გარემოებას იმით ხსნის, რომ გზაზე დაყრილი ნივთები შეამჩნია, რომელიც შემდეგ ნიახური აღმოჩნდა, კიპაროიძემ კი მისი აკრეფა გადაწყვიტა. 

ჩვენებაში ის ასევე ამბობს, რომ 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა და ამის შესახებ ტელევიზორიდან გაიგო. 

"დაახლოებით 01:00 საათზე, როდესაც გავცდით საგურამოს გადასხვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე, დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან რაიმე სახის უბედურ შემთხვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, მე გადავწყვიტე, მენახა თუ რა ეყარა მაგისტრალზე და საჭიროების შემთხვევაში გადმომეტანა გზის პირზე.

როდესაც საშუალება მომეცა, მივსულიყავი ჩემ წინ სავალი გზის გამყოფ ზოლთან, ვნახე, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე დაყრილი იყო ნიახური, რომელთა დიდი ნაწილი მანქანების გადავლის შედეგად გაფუჭებული იყო, ხოლო რამდენიმე ცალი შეკვრა, რომელიც არ იყო გაფუჭებული, ავიღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის ნაპირის გავლით მივედი ჩემს მიკროავტობუსთან”. – ამბობს კიპაროიძე ჩვენებაში. 

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით დაიღუპა. ის 4 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. მაშველებმა მის ცხედარს 22 ივნისს, მდინარე არაგვში მიაგნეს.

გარდაცვალებამდე შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად მცხეთაში, დაბადების დღეზე იყო.

საქმის გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

დაკავებულია 17 ადამიანი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქმეს მედია შსს-ის პარალელურად იძიებს. რადიო თავისუფლებამ, ასევე, რამდენიმე ტელევიზიამ საქმის მასალები მოიპოვა. გამოიკვეთა არაერთი დეტალი, რომელზეც გამოძიება არაფერს ამბობს. მათ შორის, მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები.

კომენტარები