ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტარები: მოგიწოდებთ, გამოიძიოთ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები

ტბელ აბუსერიძე

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კენჭისყრაზე მიიღო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში შესული რამდენიმე შესწორება.

სხვა საკითხებთან ერთად ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გამოიძიონ სამართალდამდავების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ყველა ინციდენტი.

"მოგიწოდებთ, გამოიძიოთ ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ყველა ინციდენტი, მათ შორის, 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს მომხდარი შემთხვევები და უზრუნველყოთ დამნაშავეთა დასჯა. 

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებები ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიხედვით, მათ შორის, შეამსუბუქოს მომიტინგეთა წინააღმდეგ შემოღებული არაპროპორციული სანქციები". – წერია შესწორებაში.

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

2019 წლის 18 ნოემბერს პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით. 

 

კომენტარები