ქალთა ძალადობა

თუ ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე იქმნება, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ

flickr

თუ ოჯახში ან ქალთა მიმართ ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე იარსებებს, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ. საქართველოს პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ან/და ოჯახში ძალადობას ეხება. კანონის მიხედვით, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისას მხედველობაში მიიღებენ მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ასევე, ძალადობისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. 

"ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. შედეგად მოძალადის მსხვერპლთან/მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი მოხდება.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი დაექვემდებარება სასამართლო კონტროლს. პოლიციის ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება.

მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა.

მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს". – აცხადებს საქართველოს პარლამენტი.

საკანონმდებლო პაკეტი სხვა ცვლილებებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა.

ასევე, ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია – ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი.

საკანონმდებლო პაკეტი ძალაში შედის 2020 წლის 1 სექტემბერს.

კომენტარები