აშშ-საქართველო

ბოკერია აშშ-დან დახმარების შესაძლო შემცირებაზე: უაღრესად საგანგაშო სიგნალია

ტაბულა

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს". –ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ს კონგრესში 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, აშშ-მ საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მთავრობა ქვეყნის შიგნით და გარეთ ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც "პირდაპირ ზიანის მომტანია".

"იმის მაგივრად, რომ დაეწიათ წნეხი ჩვენი მოქალაქეებისთვის ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს, იმის მაგივრად, როცა ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები, სწრაფად გაეხსნათ ქვეყანა, რომ შანსი მიეცათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენ ვხედავთ ნაბიჯებს, რომელიც პირდაპირ ქვეყნისთვის ზიანის მომყენებელია.

ქვეყნის შიგნით ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ პარლამენტის კონტროლის გარეშე ჰქონდეთ შესაძლებლობა, წინასაარჩევნო პერიოდში თვითნებური საგანგებო შეზღუდვები დააწესონ. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ საკუთარი კონტროლირებადი სასამართლოსთვის მიტანაც კი არ უნდათ საქმეების, დრო რომ არ გაეჭიმოთ, ისე უნდათ რეგულაციები, რომელიც ყველა ლიცენზიანტს და ამაში შედის ინტერნეტპროვაიდერებიც და პოტენციურად მაუწყებლებიც, შეუზღუდონ მოღვაწეობის თავისუფალი შესაძლებლობა, დაუნიშნონ დროებითი მმართველი, ანუ სასამართლო კონტროლს და იქამდე საპარლამენტო კონტროლს აუქმებენ ამ წინასაარჩევნო პერიოდში.

საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი გაჭირვების დროს, იმის მაგივრად, რომ ვლობირებდეთ თავისუფალ ვაჭრობას აშშ-სთან და დამატებით დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი, ისეთი, როგორიც არ გვქონია 2003 წლის, შევარდნაძის ეპოქის შემდეგ, იმდენად ღრმაა დღეს უკვე შეშფოთება ივანიშვილის ნაბიჯებით, რომელსაც ის დგამს ჩვენს ქვეყანაში და რომლითაც მან ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა". – თქვა გიგა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ივანიშვილის გუნდის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ევროპული საქართველოს ინიციატივით, ყველა სხვა რეგულაცია, რომელიც პრობლემას უქმნის მოქალაქეებს, გაუქმდება.

"გადასახადები შემცირდება, და ეს პრობლემები – პოლიტიკური დევნის, პოლიტიკური მოტივით ბიზნესის შევიწროების, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინვესტიციების შევიწროების, ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს". – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წლისთვის, შესაძლოა, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 15 პროცენტით შეამციროს, მანამ, სანამ მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით ეფექტიან ნაბიჯებს არ გადადგამს.

აშშ-მ საქართველოს დახმარება შეუმცირა 2003 წლის არჩევნების წინაც. მაშინ მიზეზად რეფორმების გატარებისა და ეკონომიკის განვითარების ტემპის შემცირება დასახელდა.

კომენტარები