აშშ-საქართველო

სამადაშვილი: ივანიშვილი საფრთხეს უქმნის დასავლეთის დახმარებას

ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვიცე-თავმჯდომარე, სალომე სამადაშვილი ეხმაურება აშშ-ს კონგრესის 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, შესაძლოა, დაფინანსება 15%-ით შეუმცირდეს. 

სალომე სამადაშვილის თქმით, ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის "კორუფციული მმართველობა" საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც საქართველო ახლა ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. 

"ეს ნიშნავს, რომ, როცა ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია და მსოფლიოშიც იგივე მდგომარეობაა, ამ ფონზე ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ დღეს ბევრად მეტად ვართ დამოკიდებულები, ვიდრე ოდესმე – დახმარებას დასავლეთისგან, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისგან". – ამბობს სალომე სამადაშვილი.

დეპუტატის თქმით, მსგავსი პრეცედენტი ქვეყნებს შორის 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში არ ყოფილა და საქართველოში დამყარებულმა კორუფციის მასშტაბმა შეუძლებელი გახადა დახმარების ადამიანებამდე მიტანა. 

"კორუფცია ჭამს ჩვენს მომავალს და იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მეგობრები გვაძლევენ. ოქტომბერში ივანიშვილის რეჟიმის დასრულება მშვიდობიანი არჩევნების გზით სიკვდილ-სიცოცხლისთვის ბრძოლის საქმეა. ან დავამარცხებთ კორუმპირებულ რეჟიმს, ან საქართველოსა და ჩვენს მოქალაქეებს უკიდურესი სიღარიბე და საერთაშორისო იზოლაცია ელოდებათ. ესაა გზავნილი, რომელიც დღეს ჩვენ ვაშინგტონიდან მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად კონგრესში პერსონალურად ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მიმდინარეობს განხილვა". – თქვა დეპუტატმა. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წლისთვის, შესაძლოა, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 15%-ით შეამციროს მანამ, სანამ მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით ეფექტიან ნაბიჯებს არ გადადგამს. 

აშშ-მ საქართველოს დახმარება შეუმცირა 2003 წლის არჩევნების წინაც. მაშინ მიზეზად რეფორმების გატარებისა და ეკონომიკის განვითარების ტემპის შემცირება დასახელდა.

კომენტარები