დავით ჭაკუა

პენიტენციური სამსახური: ჭაკუა 21 დღის განმავლობაში საკარანტინო სივრცეში იქნება მოთავსებული

პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გერმანიიდან ექსტრადირებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა 21-დღიან კარანტინს გაივლის.  

"21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის სასჯელს", - ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დავით ჭაკუას ექსტრადაცია დღეს, 3 ივლისს, განხორციელდა. პროკურატურის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ საექსტრადაციო დოკუმენტაცია 2019 წლის 20 დეკემბერს გააგზავნა.   

პროკურატურის ცნობითვე, "დავით ჭაკუა დავობდა, რომ იგი საქართველოში ექსტრადაციის შემთხვევაში დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი ცალკეული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე."

პროკურატურა ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჭაკუას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებდა. მაშინ ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი ავსტრიაში დააკავეს, თუმცა მალევე 5000-ევროიანი გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს, მაგრამ აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს საქართველოს გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ უფროს ბაჩო ახალაიას, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად 2006 წლის 27 მარტს ციხის ბუნტის პროვოცირებას ედავება, რასაც 7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

ასევე, ჭაკუას, ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალად ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა.

კომენტარები