რუსეთი

საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის მხოლოდ ერთ რეგიონში არ დაუჭირეს მხარი

TASS

საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის 85 რეგიონიდან მხოლოდ ერთში არ დაუჭირეს მხარი. ნენთა ავტონომიური ოკრუგი ჩრდილოეთის ზღვასთან მდებარეობს, საქართველოზე 2.5-ჯერ დიდია და მხოლოდ 45 000-მდე მოსახლე ჰყავს. მათმა 55%-მა რეფორმებს მხარი არ დაუჭირა.

ნენთა ავტონომიური ოკრუგის მოსახლეობის უკმაყოფილება რუსეთის მთავრობისადმი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც შეიმუშავეს გეგმა რეგიონის არხანგელსკის ოლქთან შეერთების თაობაზე, რის შედეგადაც ისინი სპეციალურ ფინანსურ დახმარებას დაკარგავენ. არხანგელსკის ოლქთან შეერთების გეგმას რეგიონების გუბერნატორებმა ხელი 13 მაისს მოაწერეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პროტესტის ნიშნად არ დაუჭირეს მხარი და ამგვარად რუსეთის მთავრობის ყურადღების მიქცევა სურდათ. მათ მოსკოვში პეტიციაც ჩაიტანეს, რომელსაც 15 000 ხელმომწერი ჰყავს.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რეგიონში მცხოვრებ ამომრჩევლებს უფლება აქვთ, მხარი არ დაუჭირონ ცვლილებებს, მაგრამ ისინი აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმის ხმების 100% უკვე დათვლილია – ამომრჩეველთა 77.92%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პუტინს საპრეზიდენტო ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. რუსეთის ცესკოს ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 67.97%-მა. მათ პირველ ივლისს კანონის დარღვევით წინასწარი შედეგები უბნების დახურვამდე გამოაცხადეს.

პუტინი ირწმუნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საჭირო იყო "პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებისა და სოციალური გარანტიების გაძლიერებისთვის".

სიტყვით გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტს არ უხსენებია ის ფაქტი, რომ ცვლილების შედეგად მას კიდევ ორი ვადით შეუძლია იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე.

"ძალიან ცოტა დრო გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ მრავალმხრივ ისევ ძალიან მოწყვლადები ვართ," – თქვა მან.

პუტინის თქმით, მას ესმის იმ ადამიანებისა, ვინც კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა – "ბევრი პრობლემა გადაჭრილი არ არის".

კომენტარები