კორონავირუსი

გამყრელიძე: სომხეთი განიხილავს საკითხს და თუ მხარდაჭერა სჭირდება, საქართველოს მომართავს

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, სომხური მხარე განიხილავს შეთავაზებას და თუ მხარდაჭერა სჭირდება, საქართველოს მომართავს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომეხ კოლეგას ესაუბრა.

"შესთავაზა, ხომ არ სჭირდებათ საქართველოს მხარდაჭერა. ზოგადად, მხარდაჭერაზე იყო საუბარი, განიხილეს ეს საკითხი და მგონი, მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია არის. ალბათ, უკეთესად საგარეო საქმეთა სამინისტრო უპასუხებს. სომხეთის მხარე განიხილავს საკითხს და შესაბამისად, თუ ამის საჭიროება არის, საქართველოს მიმართავს" - თქვა გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც ჰქონდა "კომპეტენციის ფარგლებში" კომუნიკაცია სომხეთის შესაბამის უწყებასთან.

"ველოდებით, თუ შემოთავაზება იქნება, რომ რაღაც მიმართულებით დახმარება სურს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს რამდენიმე მიმართულებით შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა. ჩვენ მზად ვართ, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, როგორც ქვეყნებს, ისე ჩვენ ინსტიტუციებს და ურთიერთდახმარებაზე არასდროს უკან არ ვიხევთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო რამდენიმე კვირაა, სომხეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ინფიცირებულების რაოდენობამ 11 800-ს გადააჭარბა. დაღუპულია 183 ადამიანი. 

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანას დღესდღეობით კოვიდ ინფიცირებული პირები ჰყავს, რომელთა ჰოსპიტალიზებაც ვერ ხერხდება, რადგან საავადმყოფოები ადგილების უქონლობის გამო ახალ პაციენტებს ვეღარ იღებენ.

სოციალურ ქსელში პეტიცია შეიქმნა, სადაც საქართველოს მოქალაქეები მეზობელი  სომხეთისთვის პაციენტების საქართველოში მკურნალობის შეთავაზებას ითხოვენ.

საქართველოს ხელისუფლებას, სომხეთისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მოთხოვნით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიმართავენ. 

ერთობლივ განცხადებაში NGO-ები მიუთითებენ, რომ არსებითია, ეს დახმარება დროულად და სომხეთის საჭიროებების მიხედვით სათანადოდ განხორციელდეს.

კომენტარები