შვეიცარია

შვეიცარიაში სექსმუშაკები მუშაობას 6 ივნისიდან განაახლებენ

Fabrice Coffrini/AFP via Getty Images

მთავრობის გადაწყვეტილებით, შვეიცარიაში, სადაც პროსტიტუცია ლეგალურია, სექსმუშაკები სამუშაო პროცესს 6 ივნისიდან განაახლებენ. მათ მკაცრი ჰიგიენური ნორმები უნდა დაიცვან.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქვეყანაში კვლავ აკრძალული რჩება ისეთი სპორტული ღონისძიებები, რომლებიც ახლო ფიზიკურ კონტაქტს საჭიროებს, მათ შორის, ძიუდო, ჭიდაობა და კრივი. 

6 ივნისს განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, საცურაო აუზები და ღამის კლუბებიც. 

შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ქვეყანაში, დაახლოებით, 20 000 სექსმუშაკი დააზარალა. 

"რა თქმა უნდა, პერსონალური კონტაქტი არის, თუმცა, თავის დაცვა შესაძლებლად მეჩვენება. ჩემი პასუხის უცნაურ ასპექტებს ძალიან კარგად ვაცნობიერებ", - თქვა მან. 

შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში სექსმუშაკებისთვის მუშაობის უფლების მიცემა უფრო ადრეც იყო შესაძლებელი. 

შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად იკლებს - ქვეყანაში, სადაც 8.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დღეში, საშუალოდ, ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დასტურდება. შვეიცარია ერთ-ერთი პირველია ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებმაც მაღაზიები, სკოლები და რესტორნები ყველაზე ადრე გახსნეს. 6 ივნისიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე მოისხნება 30 კაცზე მეტის შეკრებისა და ღონისძიებაზე 300-ზე მეტი პირის დასწრების აკრძალვები.  

შვეიცარიაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 30 936 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 28 600 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 921 კი გარდაიცვალა.

კომენტარები