კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: სახლში კონდიციონერი არ ჩართოვო, არავის უთქვამს, ლაპარაკია საზ. თავშეყრის ადგილებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ჯერჯერობით, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულებაზე დამყარებული სამეცნიერო ნაშრომი იმის შესახებ - რა შეიძლება მოხდეს კონდიცირების გამოყენებისას. NCDC ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური დოკუმენტების გამო ითხოვს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერი (რომელიც შიდა ჰაერს ატრიალებს) არ ჩართონ,. თავის მხრივ, აშშ ჩინეთის დაავადებათა კონტოლის ცენტრის მონაცემებს ეყრდნობა - მან აღწერა ერთერთი დიდი ეპიდაფეთქება რესტორანში, რომელსაც ჰქონდა კონდიცირება.

"იქ სხვა ფაქტორები გამოირიცხა და დარჩა ის, რომ კონდიციონერმა შეუწყო ხელი აფეთქების ფართო გავრცელებას ამ რესტორანში მაშინ, როცა პრაქტიკულად ყველა დაავადდა, ვინც რესტორანში იმყოფებოდა. ამას ეყრდნობა ჯერჯერობით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი" - თქვა პაატა იმნაძემ FB LIVE-ში და იქვე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ამერიკული ასოციაცია ფართომასშტაბიან კვლევას ატარებს.

"ჩვენ ვერ ვითამაშებთ ადამიანების სიცოცხლით და ჯანმრთელობით, სანამ არ გვექნება მყარი მტკიცებულება, რომ ამით რისკი არ იზრდება. ველოდებით ამ მტკიცებულებებს ჩვენი ამერიკელი კოლეგებისგან" - ამბობს NCDC-ის დირექტორის მოადგილე და ამატებს, რომ ეს არ ეხება ყველა კონდიციონერს და ყველა სისტემას.

"ეს არ ეხება, სახლში რომ გვაქვს საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, ოჯახში მაინც ერთად ვართ და... კი, ძირითადად ოჯახური კერები გვაქვს საქართველოში, მაგრამ სახლში კონდიციონერი არ ჩართოვო, არავის უთქვამს. აქ ლაპარაკია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენებაზე, რომელიც მარტო შიდა ჰაერს ატრიალებს. საუბარია ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო კონდიციონერებზე, რომელიც ჯერ არ არის დამტკიცებული, რომ რისკს არ უმატებს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით რეკომენდაციას, რომ ასეთი, ჩვეულებრივი კონდიციონერები იქნეს გამოყენებული, ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გავცემთ" - თქვა იმნაძემ.

კომენტარები