არჩევნები 2020

ბოკერია ოლქების გადანაწილებაზე: იმ მრავალფეროვნების ასახვა უნდა მოხდეს, რაც ამომრჩეველშია

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების პროცესში იმ მრავალფეროვნების მეტნაკლებად ასახვა უნდა მოხდეს, რაც არსებობს ოპოზიციურ ამომრჩეველში. 

ამის შესახებ ბოკერიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციურ პარტიებში თავიდანვე იყო სულისკვეთება, რომ ოლქების გადანაწილების დროს უნდა იყოს გონივრული კომპრომისები. 

"[უნდა წარვადგინოთ] ძლიერი კანდიდატები, რომლებიც უფრო დიდი უპირატესობით მოუგებენ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატებს, ვიდრე სხვები. და, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს პროპორციულობის გარკვეული ფორმა", - თქვა ბოკერიამ. 

დეპუტატის განმარტებით, ყველა ამომრჩეველს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მოსწონს, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ 120/30 კომპრომისული მოდელის ფარგლებშიც კი, შესაძლებელი იქნება 30 მაჟორიტარული ოლქის ისე გადანაწილება, რომ ერთმა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლოს. 

"მაგალითად, შეიძლება იყოს ოლქი, სადაც ყველანაირი საღი აზრით, უნდა წარვადგინოთ კანდიდატი, რომლის პარტიაც ძალიან ძლიერი არაა, მაგრამ ის კანდიდატი ჩვენი, ევროპული საქართველოს, ნაციონალური მოძრაობის, ლეიბორისტული პარტიის, ლელოსა და ყველას მხარდაჭერით იმ თავის 5%-ს უმატებს და 60%-ით მოუგებს ივანიშვილის კანდიდატს", - ამბობს დეპუტატი. 

ბოკერიას თქმით, ოპოზიციური პარტიები პრაგმატულად უნდა მიუდგნენ და არა ისე, თუ "ვინ ვის ხელს გადაუწევს". კითხვაზე, 8-დან რამდენი ოლქი ექნება ან რამდენი ოლქი უნდა, რომ ჰქონდეს ევროპულ საქართველოს, ბოკერია პასუხობს, რომ მისგან ამაზე პასუხი არაკორექტული იქნება, რადგან ჯერ პარტნიორ სუბიექტებს უნდა დაელაპარაკოს ამის შესახებ. 

"გააჩნია კანდიდატებს და გააჩნია წინა არჩევნების შედეგებს ამა თუ იმ ოლქში და კვლევებს", - ამბობს ბოკერია. 

კითხვაზე, ეთანხმება, თუ არა რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის, გადანაწილებას, რომლის მიხედვითაც, თბილისის 8 ოლქიდან 2-ში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი უნდა იყოს, 2-ში ევროპული საქართველოს, კიდევ 2-ში ლელოს, ერთში - ლეიბორისტულ პარტიას და ერთიც - ალეკო ელისაშვილის მოძრაობას, ბოკერიას პასუხობს, რომ დისკუსიის ბოლო ფაზაში გაითვალისწინებენ მის აზრსაც. 

"ოღონდ ეგ არ ნიშნავს, რომ ზუსტად ასე იქნება იმიტომ, რომ ბევრი მოთამაშეა და სწრაფად დავასრულოთ. პრინციპად გვინდა, რომ იყოს მრავალფეროვნება. შეიძლება, არ იყოს ზუსტი...

[...] იმ მრავალფეროვნების მეტნაკლებად ასახვა უნდა მოხდეს, რომელიც რეალურად არსებობს ამომრჩეველში და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ რამე არ აირია, ისევ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, ეს მიზანი მიღწეული იქნება", - ამბობს გიგა ბოკერია. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას სურს, რომ საკვანძო ოლქებში საერთო კანდიდატები დააყენონ. ევროპულმა საქართველომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გიორგი ვაშაძის ახალმა საქართველომ, რესპუბლიკურმა პარტიამ და გირჩმა ამისთვის მზაობა გამოხატეს. რაც შეეხება ლელოს, პარტიას სურს, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატით წარდგნენ, თუმცა, ასევე ამბობენ, რომ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ურთიერთსარგებლობიდან გამომდინარე. 

კომენტარები