Facebook

Facebook სამთავრობო მედიების გვერდებს და პოსტებს სპეციალურ ნიშანს გაუკეთებს

Facebook სამთავრობო მედიების გვერდებსა და პოსტებს სპეციალურ ნიშანს გაუკეთებს.

ნიშნები გაუკეთდებათ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ დაფინანსებულ მედიებს, მაგალითად კრემლის მიერ დაფინანსებულ Russia Today-სა და ჩინურ Xinhua-ს.

მომდევნო კვირიდან ამერიკაში სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ ნიშნებს ნახავენ როგორც მათ Facebook გვერდებზე, ასევე პოსტებზეც. ნიშნები ეტაპობრივად გამოჩნდება ყველა სხვა ქვეყანაშიც.

კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა CNN-თან საუბარში ცვლილების მიზეზები ახსნა. მისი თქმით, ამგვარად მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, იცოდნენ, თუ ვისგან იღებენ ინფორმაციას.

"ჩვენ გვაშფოთებს, რომ სახელმწიფო მედია აერთიანებს მედიის და ხელისუფლების მხარდამჭერის დღის წესრიგს. თუ კითხულობთ ინფორმაციას პროტესტზე, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, ვინ წერს მას და რა მოტივით. ცვლილების მიზანია, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დგას ამის უკან", - თქვა მან.

Facebook-მა მსგავსი ნიშნების შემოღების გეგმა დეკემბერში წარადგინა. უკანასკნელ პერიოდში რუსული და ჩინური სახელისუფლებო მედიები აქტიურად აშუქებენ აშშ-ში კორონავირუსის პანდემიისა და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული აქციების თემებს. ჩინურ მედიაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ამერიკის მთავრობა ჰონგ-კონგელ მომიტინგეებს მხარს უჭერს და აკრიტიკებს აშშ-ის აქციების მონაწილეებს. რუსული სახელმწიფო მედია კი იმეორებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნარატივს, რომ აშშ-მა დაკარგა უფლება სხვა ქვეყნებს ადამიანის უფლებების დარღვევებზე მიუთითოს.

მომდევნო თვეებში Facebook სახელმწიფო მედიებს აშშ-ში რეკლამების განთავსებასაც აუკრძალავს. ამ შემთხვევაში ზომების გამკაცრების მიზეზი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია. მსგავსი შეზღუდვა სხვა ქვეყნებში არ დაწესდება.

კომენტარები