რასობრივი დისკიმინაცია

სუს: ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებაზე გამოძიება დავიწყეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები ქვემო ქართლსა და კახეთში ეთნიკურად ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ. 

"აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.

კერძოდ, აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

სუს-ის ინფორმაციით, ეს ადამიანები "არასწორ და აგრესიულ მოწოდებებს" ავრცელებენ, რასაც ორივე მხრიდან ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები მოჰყვება. 

"ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა.

პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭება უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს", - წერია სუს-ის მიერ გავცელებულ განცხადებაში. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო. მუხლი გულისხმობს პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას, ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას, ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.

კომენტარები