ეკონომიკა

თურნავა: აპრილში ეკონომიკის 16,6%-ით შემცირება მოსალოდნელი იყო, მაისი-ივნისიც მძიმე იქნება

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ აპრილის თვეში ქვეყნის ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, ეს "შეგნებული პოლიტიკის შედეგია".

თურნავა ამბობს, რომ საგანგებო ვითარების გამო ეკონომიკური საქმიანობა არსებითად შეზღუდული იყო და ეს შეგნებულად გაკეთდა იმისთვის, რომ "მოსახლეობა დაგვეცვა ეპიდემიის გავრცელებისგან".

"მაისი იქნება მძიმე, ივნისიც იქნება მძიმე. მთლიანად წელიწადი არ იქნება სახარბიელო, იმიტომ, რომ მოსალოდნელი 5% -იანი ზრდის ნაცვლად, მივიღებთ, საშუალოდ, 5%-იან ვარდნას ",- ამბობს ეკონომიკის მინისტრი. 

საქსტატმა აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გასულ თვეში მშპ-ს კლებამ 16,6% შეადგინა. ამასთანავე, წლის პირველი ოთხი თვეს შემდეგ, ჯამურად ეკონომიკა 3,6%-ით არის შემცირებული. 

უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კლებაა უკლებლივ ყველა სექტორში, სამთო-მოპოვებითი სექტორის გარდა. კლება გაგრძელდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებითაც. მან აპრილში 681 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 233 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 

წინა წლის აპრილთან შედარებით, თითქმის 33%-ით დაიკლო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ. 93%-ით პროცენტით შემცირდა ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რიცხვი და 307 შეადგინა. 

126 მილიონ ლარამდე შემცირდა კომერციული ბანკების გამოშვებაც. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმართ გაკეთებული ბოლო პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს [EBRD] ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით შემცირდება.

კომენტარები