შსს: წერეთლის გამზირზე სკვერში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს, დაკავებულია ორი პირი

flickr.com

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის გამო ორი პირი დააკავა.

1991 წელს დაბადებული ლ.ა. და 1996 წელს დაბადებული ვ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს 1991 წელს დაბადებული გ.ბ. და 1988 წელს დაბადებული ბ.ჭ., ხოლო 1994 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო ბ.ბ.-ს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები